Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ქართული პროზა’

აკა მორჩილაძე. "შენი თავგადასავალი". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2003

თქვა ამ კაცმა, მწერლობას არ ვაპირებ, წერაში მიშლის ხელსო, მაგრამ რად გინდა – მაინც არ ვეშვებით, თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მოვიხსენიებთ, ხან დაფნის გვირგვინებს და პალმის რტოებს ვაჩეჩებთ, ხან ქვებსაც ვესვრით (დათა თუთაშხიასი არ იყოს, არ შეგვიძლია უმაგამბავოდ და რა ვქნათ); ერთი ეგ არის, სერიოზული ეჭვი მაქვს, თავად აკა მორჩილაძეს არც პირველი ენაღვლება და არც – მეორე. მოკალათებულა თავისთვის, მყუდროდ და აწკაპუნებს კლავიატურას. ისე, სულ მგონია, რომ სადღაც, ძველთაძველ, ბუხრიან-ხალიჩებიან სახლში წერს, სადაც კედლებზე თოფ-იარაღი და წინაპრების ფოტოები ჰკიდია.

ოღონდ, გაბრაზებული წერს ნამდვილად. იმიტომ, რომ “შენი თავგადასავალი“ ძალიან გულმოსული წიგნია, პირთამდეა გაძეძგილი ოთხმოცდაათიანების აგრესიით, ტკივილით, შიშითა და ბოღმით; ნარკოტიკით გაბრუებული გონების წარმოსახვა ისეთ ასოციაციურ და ლიტერატურულ კოქტეილს ქმნის, ცალი თვალით გეტირება, ცალით – გეცინება…

(more…)

Read Full Post »

გიო მგელაძე. SMS გამომცემლობა "საუნჯე". თბილისი, 2013

ათიოდე დღის წინ, “ფეისბუქზე” მოსაწვევი მომივიდა – გიო მგელაძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.

ჩვენი ავტორებისა და გამომცემლობების წყალობით, ახალ-ახალი სასუსნავის დასაგემოვნებლად კვირაში ერთხელ მაინც იშლება სუფრა, მაგრამ ყველგან მისვლას ვერ ვახერხებ – ოხერი სამსახურის ამბები თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

ოღონდ, აქ წაუსვლელობა არაფრით იქნებოდა. თავგადადებული სინემანიაკი ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ “არა, მეგობაროს” შესახებ ჩემნაირ უვიცსაც კი სმენია და ცნობილი რეჟისორის ლიტერატურული დებიუტის გამოტოვება არც მიფიქრია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოწვევა დიდი მადლობებით მივიღე და ივენთ-ლენტს დავუყევი. აბა, რა ხდება, ხალხი რას ამბობს-მეთქი…

(more…)

Read Full Post »

ანა კორძაია-სამადაშვილი. "ვინ მოკლა ჩაიკა". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

იცით, ვინ არის ჩაიკა?

რუსულის მცოდნეები ტყუილად ნუ გამოიდებთ თავს.

ნურც ის ხალხი შეწუხდება, გრამატიკის წესებს ზედმიწევნით რომ იცნობს და მენტორული ტონით ნუ შემისწორებს – “ვინ” კი არა, “რა”-ო.

იმიტომ, რომ არც ერთ თქვენგანს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, როგორც მე არ მქონდა გუშინდლამდე.

ჰო, ვინც ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი უკვე წაიკითხა, ისინი არ ითვლებიან. ჩემი არ იყოს, მათაც უკვე ეცოდინებათ, რომ ჩაიკა ის ქალია, გეიებთან ერთად რომ ტუსოვკობს, მათთან ერთად თვრება, მათთან ერთად დაეხეტება ტყე-ღრეში, მოკლედ, მეგობრობს, რა. თვითონ კი ჩაიკაა. ჩაიკა, სახელად ელისაბედი. ელისოც შეიძლება, ელოც – როგორც გენებოთ.

(more…)

Read Full Post »

დიანა ანფიმიადი. "პირადი კულინარია". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

პოეზიას პროზა რომ მირჩევნია, ათასჯერ მითქვამს, ბლოგსაც ეტყობა და, მგონი, ჩემმა ყველა სტუმარმაც იცის.

ერთი ეგ არის – არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და დიანა ანფიმიადის ლექსებს, ჩემი ღრმად პროზაულობის მიუხედავად, მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

“კონსპექტური მითოლოგიაც” მაქვს შინ და ცინცხალ “ახლოხედვის ტრაექტორიაზეც” მსმენია, სულ ახლახანს რომ გამოსცა “საუნჯემ”, თაროებზე კი “ცხელი შოკოლადის” ფერად-ფერადი ნომრებიც მომეძებნება.

“ცხელი შოკოლადი” ამ პოსტთან რა შუაშიაო, არა მგონია, ვინმემ მკითხოს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ზუსტად იქ დაიწყეს, ერთ მშვენიერ დღეს, დიანას კულინარიული დღიურების ბეჭდვა.

მე კიდევ სასუსნავზე დაწერილი ტექსტებზე ჰიჩკოკური დიეტის დროსაც ვერ ვამბობ უარს.

(more…)

Read Full Post »

აკა მორჩილაძე "სარბიელში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ამ წიგნს განსაკუთრებით ველოდი.

ახალი ლიტერატურული ნუგბარის ხელში ჩაგდებამდე დღეები აქამდეც დამითვლია, გამომცემლობების ფეისბუქ-გვერდებიც ამიტალახებია და მაღაზიაშიც გავქცეულვარ დილაბნელზე  – რამდენიმე ეგზემპლარი ექნებათ და, არიქა, ვინმემ არ დამასწროს, ხელცარიელი არ დავრჩე-თქო…

მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.

თავის დროზე, მოცლილი იურისტი რომ გახლდით, საღამოობით, საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზს ვსტუმრობდი ხოლმე. “სარბიელის” შეკრულას დავითრევდი, ნომერ-ნომერ ვფურცლავდი, ჯერ ბოლო გვერდის საფირმო ფოტოკოლაჟს ჩავათვალიერებდი, მერე, სადღაც შუაში, ერთი წვერმოშვებული კაცის სილუეტით დამშვენებულ მოკლე ტექსტს ვეძებდი, “გიო ახვლედიანის სვეტი” რომ ეწერა თავზე.

საკითხავი ბლომად იყო მანდ, მაგრამ წლობით ნაგროვებ მტვერს უფრო იმ სვეტების გამო ვყლაპავდი.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ რამდენიმე თვის წინ, “სულაკაურთან” რომ იკითხეს – აკა “სარბიელისთვის” რომ წერდა, თუ გახსოვთო.

როგორ არ მახსოვს-მეთქი, აღტაცებული ჭყლოპინი დამთავრებული არ მქონდა, ესეც მოაყოლეს – რას იტყვით, წიგნად რომ გამოვცეთო…

(more…)

Read Full Post »

მარი ბექაური. "ბებია, რეი და ამერიკა". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ლიტერატურული პოსტებისთვის ავტორებს არასოდეს ვარჩევ საგანგებოდ. ზოგჯერ სიახლეებზე ვწერ, ზოგჯერ კარგა ხნის წინ წაკითხული წიგნი მომხვდება ხელში, ან რაიმე ასოციაციის წყალობით გამახსენდება და ჩემეული იმპრესიების მკითხველისთვის გაზიარება მომინდება.

მარი ბექაურის “ბებია, რეი და ამერიკა“ “სულაკაურში” მორიგი სტუმრობისას ვიყიდე და მეორე თუ მესამე დღეს, სამსახურისკენ მიმავალმა, ჩანთაში ჩავაგდე. ვიფიქრე, თვალს გადავავლებ–მეთქი.

თვალის გადავლების რა მოგახსენოთ და კოხტა, ჭრელყდიანი პოკეტბუქი ორიოდე საათში შემომეკითხა. პირველი, რაც გამახსენდა, გრიბოედოვის ცნობილი, ლამის ანდაზად ქცეული გამოთქმა იყო: “Хорошо там, где нас нет”. ჰოდა, თუ მარი ბექაურს უნდოდა, ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში დავერწმუნებინეთ, ეს ძალიან ლაზათიანად გამოუვიდა.

(more…)

Read Full Post »

ძველი ტფილისი

ცხრა წლისაც არ ვიქნებოდი, დედამ სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” რომ მაჩუქა. ეს გემრიელი წიგნი, საზაფხულო უსაქმურობის ჟამს, სამიოდე დღეში შემომეკითხა და კარგად მახსოვს, ცეროდენა ბიჭუნას საარაკო ფათერაკებიდან ყველაზე მეტად ერთი, ზღვაში დანთქმული, ქალაქის ამბით რომ მოვიხიბლე.

რას ვიფიქრებდი მაშინ, რომ, წლების შემდეგ, სხვა ჩაძირულ ქალაქსაც აღმოვაჩენდი. ოღონდ, შორეული ლაპლანდიისკენ მიმავალ გზაზე კი არა, აქვე, ყურის ძირში და მეგზურობასაც, შვედი ნობელიანტის ნაცვლად, საყვარელი ქართველი მწერალი გამიწევდა.

დათო ტურაშვილის წიგნებთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მოლი ბლუმის ბლოგის ძველ სტუმრებს კარგად მოეხსენებათ – ყოველი ახალი გამოცემის ერთ–ერთი პირველი მკითხველი გახლავართ და მოლოდინიც არასოდეს გამცრუებია. არც “ჩაძირული ქალაქის ღამე” აღმოჩნდა გამონაკლისი და ვისაც “ეთნოგრაფიული რომანი” მოსაწყენი საკითხავის სინონიმი ჰგონია, მწარედ ცდება – საკმარისია, გადაფურცლოთ და, სანამ ბოლომდე არ გახვალთ, თვალს და გულისყურს ვერ მოსწყვეტთ.

(more…)

Read Full Post »

aka morchiladze

ჩემს ბიბლიოთეკაში, სხვა წიგნების გვერდით, ორი, განსაკუთრებით საყვარელი, არტეფაქტი ინახება  – გაცრეცილი “ულისე” და ლინდგრენის ძველისძველი ტომი, რომლის ყდაზეც კარლსონი და პეპი იწონებენ თავს. მესამეს – “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” პირველ გამოცემას – დღემდე უშედეგოდ ვეძებ.

არ მეგულება ლიტერატურის მოყვარული ადამიანი, აკა მორჩილაძის შესახებ რომ არ სმენოდეს და მისი წიგნებიდან რამდენიმე მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. ოთხი “საბა”, ილიას უნივერსიტეტის 2010 წლის ლიტერატურული პრემია და ბესტსელერებად ქცეული რომანები – ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა, თუმცა ციფრების გარეშეც ცხადია, რომ  აკას პოპულარობა არ აკლია…

“XXI საუკუნის ქართული რომანი “სანტა ესპერანსათი” იწყება” – ბაკურ სულაკაურის ეს ფრაზა მავან კირკიტა ოპონენტს, იქნებ, გაზვიადებულიც ეჩვენოს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი მკითხველი დამეთანხმება – ქართულ პარნასზე აკას ადგილი ხმამაღალი ეპითეტების გარეშეც ხელშეუხებელია, მის უკლებლივ ყველა ნაწარმოებს კი, ჟანრობრივი კუთვნილების მიუხედავად, ხარისხის ნიშანი აერთიანებს.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,369 other followers

%d bloggers like this: