იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…
ოდესღაც ერთი მხატვარი ცხოვრობდა. ოღონდ ის არა, სახლ-კარი რომ გაყიდა და აქტრისა მარგარიტას მილიონი ვარდი გაუფინა ფეხქვეშ.
ეს სხვა მხატვარი იყო – სახელად გუსტავ კლიმტი ერქვა და ავსტრიელი ბრძანდებოდა, ვენელი.
ქალები უყვარდა ძალიან. ახლა მექალთანე არ გეგონოთ – უბრალოდ, მის ფერწერაში ისინი ბატონობდნენ – საიდუმლოებით მოცული, სინაზით აღსავსე ქალები. ეს კაცი სხვანაირად ხედავდა მათ შინაგან სამყაროს და სხვანაირადაც ხატავდა. მერე რა, რომ საზოგადოება ამას გამოწვევად უთვლიდა და სახეში ნასროლი ხელთათმანივით რეაგირებდა ხანდახან – კლიმტი მაინც წერდა, ვნებისა და სურვილის საბურველში ახვევდა თავის მოდელებს და ულამაზეს პორტრეტებს ქმნიდა. ფალოსური სიმბოლოები კი, რომელსაც ის ასე ხშირად იყენებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცოცხლის მარადიულობაზე მინიშნება.
მორალის დამცველები ბორგავდნენ და შფოთავდნენ, კლიმტი კი ქმნიდა – ძაღლი ყეფდა, ქარავანი მაინც მიდიოდა… წინააღმდეგობა მხატვრის მეამბოხე სულში მხოლოდ აღვივებდა ნაპერწკალს.













