კითხვაზე – რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგიო, ყველას, დიდსა თუ პატარას, კლასიკური ქართული კინოკომედიის წყალობით, ერთი პასუხი აქვს – სათამაშო არ ჰქონდა და იმიტომ.
ცხრაას ჩვიდმეტ წლამდე რა ხდებოდა, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგ დროს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ოთხმოციანებში ხარისხიანი სათამაშო რუსეთში ან საზღვარგარეთ უნდა გეძებნა – “ყველაფერი საუკეთესო – ბავშვებს”, საბჭოთა ლოზუნგების უმრავლესობის მსგავსად, მთლად ზედმიწევნით არ სრულდებოდა.
ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ არც სამამულო წარმოების გასართობი მაკლდა და მოსკოვ-ლენინგრადიდანაც უხვად ჩამოჰქონდათ საჩუქრები, ყველაზე გემრიელად მაინც გერმანული, უცნაური, ფერად-ფერადი კვადრატებით აჭრელებული კუბი მახსენდება.












