Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘პალიტრა L’

მაკა მიქელაძე. "სურათი". პალიტრა L. თბილისი, 2012

იაფი წიგნების ეპიდემიამ, ორიოდე წლის წინ რომ დაგვატყდა თავს, შედეგად ის მოიტანა, რომ  დღეს უკვე გაზეთი და ჟურნალი არ გამოდის, თან რომელიმე სერიის რომელიმე ტომი არ მოჰყვებოდეს. “ბიბლიოცუნამის” ავ-კარგზე, ხარისხზე ან, თუნდაც, საავტორო უფლებების დაცვაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ – გამომცემლების სინდისზე იყოს… თუმცა, ისიც კია – ამ ერთფეროვან და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ფრიად უგემოვნოდ შერჩეულ მასაში ზოგჯერ ისეთ ხარისხიან საკითხავს გადაეყრები, სასიამოვნოდ გაგაოცებს.

“ლიტერატურულ პალიტრას” მკითხველი კარგად იცნობს – პროზასაც ბეჭდავს და პოეზიასაც, თანამედროვე ქართველ მწერლებსაც უთმობს ფურცლებს და არც აქტუალურ თარგმანებს ივიწყებს – ერთი სიტყვით, კლასიკური ჟურნალია. ჰოდა, შარშან რომ გავიგე, “ახალი ქართული ლიტერატურის” სერია იგეგმებაო, დავინტერესდი. არ ჩანდა ურიგო ჩანაფიქრი.

(more…)

Read Full Post »

"დიოგენეს ბიბლიოთეკა". თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი. 2012 წლის მაისი

ერთგან უკვე დავწერე ამას წინათ – გამომცემლობები იმდენ სიახლეს გვთავაზობენ, გაფაციცებული თუ არ იყავი, რომელიმე აუცილებლად გამოგრჩება-მეთქი. ვებ-გვერდები ჩაათვალიერეთ, ფერად-ფერად კატალოგებს გადახედეთ და დამეთანხმეთ – ოდნავადაც არ გამიზვიადებია…

“მოლის ბიბლიოთეკაში” 62 ჩანაწერია და აქამდე, როგორც წესი, იმ წიგნებზე გიყვებოდით, თაროებზე და “ქინდლში” რომ მქონდა საიმედოდ შენახული. დღეს იმ ლიტერატურულ სასუსნავზე გიამბობთ, სულ მალე რომ გამოჩნდება მაღაზიებში და ყველაზე მეტად ველოდები.

(more…)

Read Full Post »

სანტა ესპერანსა - Santa Esperanza book store

ისე გამოვიდა, ასაკით ბლოგის სტუმართა უმრავლესობაზე უფროსი გახლავართ და კარგად მახსოვს, ჩემი ბავშვობის თბილისსა და ბათუმში, ლამის ყველა კუთხეში თითო წიგნის მაღაზია რომ იყო გახსნილი. თუმცა, ხარისხიანი საკითხავი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც დახლქვეშ უნდა გეძებნა.

იმასაც მოვესწარი, ქვეყანაში საკითხავი კი არა, პური რომ ჭირდა, ბიბლიოფილები ქუჩის დახლების და ვერის პარკის სახელდახელო ბაზრობის იმედად ვიყავით და კაპიკ–კაპიკ ნაგროვები ფულით ნაყიდ წიგნებს შინისაკენ ელდორადოს განძივით მივარბენინებდით.

ახლა, საბედნიეროდ, სხვა დროა და ლიტერატურული სასუსნავით იმდენი გამომცემლობა გვამარაგებს, თუ გაფაციცებული არ იყავი, რომელიმე სიახლე აუცილებლად გამოგრჩება, წიგნის მაღაზიების მოსავლელად კი ერთი ხეირიანი გზამკვლევია საჭირო.

ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი მოგეპოვებათ და მოლი ბლუმის საზოგადოების საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ბუქ–შოფებში სახეტიალოდ გამომყევით. ყველგან ცხვირის შეყოფას, ალბათ, ვერ მოვასწრებთ, მაგრამ  ხშირად რომ ვსტუმრობ, იმათ აუცილებლად მოვინახულებთ.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

ვფიქრობ, ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, თუ ვიტყვი, რომ ქართველ მწერლებს დეტექტივების წერა მაინცდამაინც არ უყვართ. მიზეზების კვლევა–ძიება შორს წაგვიყვანს, ფაქტი კი ჯიუტია – სამამულო პარნასი ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას არ სწყალობს. ორიგინალ თხზულებებს ვინ ჩივის – ხეირიანი თარგმანიც სანატრელია.

სწორედ ამიტომ ველოდებოდი განსაკუთრებული ინტერესით “პალიტრა L”-ის მასშტაბურ საგამომცემლო პროექტს – მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივების მრავალტომეულს. მშვენიერი ჩანაფიქრი მაცდუნებლად იყო დაანონსებული და წესით, ჟანრის თაყვანისმცემლებს ჩინებული საჩუქარი უნდა მიეღოთ.

პირველმა ტომმა მართლაც მასიამოვნა – ჯეიმს ჰედლი ჩეიზის ” დათარსული კაცი” ორიოდე საათში შემომეკითხა. თარგმანი შესანიშნავად იყო ქართულ თარგზე მორგებული, კრეატიულად გაფორმებული გარეკანიც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…

სამწუხაროდ, ეს აღტაცება, ყოველი მომდევნო წიგნის გამოსვლასთან ერთად, დილის ნისლივით იფანტებოდა –  სერია, რომელიც შორიდან ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა, არაფრით გამორჩეული, მდარე და უხარისხო ნაწარმოებების კრებული აღმოჩნდა.

(more…)

Read Full Post »

როგორ უნდა მოიქცე, თუ კვირაში ექვსი დღე სამსახურის საქმეების გამო მუდმივად მოგზაურობა გიწევს, შინ კი ამ დროს პატარა გოგონა გელოდება, რომელსაც შენს მიერ ნაამბობი ზღაპრის გარეშე დაძინება არ შეუძლია?

როგორ და… ზღაპარი ტელეფონით უნდა მოუყვე.

მერე რა, თუ კბენია ტარიფების გამო იძულებული ხარ, სათქმელი შეამოკლო… მერე რა, რომ ყოველ საღამოს ახალი ზღაპრის გამოგონება გიხდება, რადგან ძველები უკვე სამ-სამჯერ უამბო დედამ… სამაგიეროდ, ტელეფონისტი ქალები სხვა კლიენტებს ყურადღებას აღარ აქცევენ და სულგანაბულნი გიგდებენ ყურს, პატარა გოგონა კი გაღიმებული და ბედნიერი იძინებს. ეს კი ამქვეყნად ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ვარეზეს მკვიდრი სინიორ ბიანკი წამლებით მოვაჭრე ფირმაში მსახურობს და მთელი იტალია კუნჭულ-კუნჭულ აქვს შემოვლილი. თუმცა, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, მაინც დაუღალავად თხზავს ახალ-ახალ, ზოგჯერ გასართობ, ზოგჯერ გულისამაჩუყებელ, ზოგჯერ კი ჭკუის სასწავლებელ ისტორიებს.

(more…)

Read Full Post »

ფესტივალის რიგით მეოთხე დღე, პირველი სამის მსგავსად, ხალხმრავალი გამოდგა. კვირას წიგნებისთვის იმათაც კი მოიცალეს, ვინც აქამდე, მიზეზთა გამო, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონში მისასვლელად დრო ვერ გამონახა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველს, დაპირებისამებრ, მწერლებთან შეხვედრა დღესაც მოუწყო. “ინტელექტმა” სერიოზული საკითხავის  მოყვარულებს ნობელიანტების სტოკჰოლმური ლექციების ოთხტომეული წარუდგინა. განსაკუთრებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა “პალიტრა L”-ის და “დიოგენეს” სტენდებთან, “ლოგოს პრესის” საბავშვო კუთხეში ფესტივალის  პატარა სტუმრები გატაცებით ხატავდნენ და დროდადრო ფერად წიგნებსაც ფურცლავდნენ, ვაჟა-ფშაველას სტენდთან “ხმელი წიფლისა” და “შვლის ნუკრის ნაამბობის” ნაწყვეტებს კითხულობდნენ…

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა დასასრულს თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი…

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,361 other followers

%d bloggers like this: