Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ნატო დავითაშვილი’

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ -  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

ნატო დავითაშვილი. "ამბავი ლილე იროელისა". ქარჩხაძის გამომცემლობა. თბილისი, 2010

„შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე“ – თავისუფლად შეიძლება ასე მივმართოთ იმ მწერალს, რომელიც ლილე იროელის ამბავს მოგვიყვა. ოთხი წიგნი სიკეთეზე, სიყვარულზე, სილამაზეზე, თავგანწირვაზე, მეგობრობაზე, ადამიანურ ცდუნებებზე და მათ შედეგებზე.

ვეცადე ოთხივე წიგნიდან ამომეკრიფა კითხვები. იმედია, პაკეტი მოგეწონებათ და თუ ვინმე ლილეს არ იცნობთ, მისი გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ.

წარმატებები!

(more…)

Read Full Post »

რუდოლფ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. თამარ ბაქრაძის ილუსტრაცია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012

პოლიტიკური ორომტრიალის მიუხედავად, ბიბლიოფილებს ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, რომ კვირას პრემია “გალას” საზეიმო დაჯილდოვებაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნომინანტებს და სტუმრებს წელს მეექვსედ უმასპინძლებს.

ცერემონიას ალბათ ვერ დავესწრები – ჩემი ნეტარი უიქენდი უკვე დაგეგმილი მაქვს. თუმცა, ხელს არავინ გვიშლის, ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებულ შორტლისტს თვალი გადავავლოთ და ერთმანეთს მოლოდინები გავუზიაროთ. ჩამონათვალში ისეთი გემრიელი წიგნებია მოხვედრილი, დარწმუნებული ვარ, სათქმელი ყველას მოგვეძევება.

“გალას”, მოგეხსენებათ, ხუთკაციანი ჟიური ჰყავს, ლიტერატურული გემოვნება კი იმდენად ინდივიდუალური რამ გახლავთ, ლაურეატთა გამოცნობას არც ვეცდები. უბრალოდ, იმით ვისარგებლებ, რომ ნომინანტ გამოცემათა უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდევს და მხოლოდ საკუთარ იმპრესიებს გაგიზიარებთ.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

“პალიტრა მედიას” პროექტებს დაკვირვებით თუ ადევნებთ თვალს, ალბათ, გეხსომებათ ის სასაცილო კაზუსი, შარშან, “ქართული პროზის საგანძურის” მეათე ტომის გამოცემას რომ მოჰყვა  – დავით კლდიაშვილის მოთხრობების კრებულის ყდას, ავტორის ნაცვლად, მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა.

შეცდომა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა – ქართველი და ბასკი მწერლები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. გაოცებული სულ სხვა რამის გამო დავრჩი  – ამ ამბის გახმაურების შემდეგ, მკითხველს საკუთარი ხელით მიჰქონდა “ხარვეზიანი” ტომი “ბიბლუსის” მაღაზიებში და “შესწორებულ” ვერსიაში ცვლიდა. არადა, ნამდვილად უნიკალური ეგზემპლარი იყო…

ამ ისტორიას ჩვენს არტკლუბში რომ განვიხილავდით,  ქართული ფენტეზის დედამ – ნატო დავითაშვილმა მითხრა – ასეთი არტეფაქტის დაფასებას ფილატელისტის ალღო სჭირდებაო.

ნატო მართალია – მსგავსი ლაფსუსების განსაკუთრებული სიყვარულით სწორედ რომ მარკების შემგროვებლები გამოირჩევიან და ამგვარი “დეფექტების“ ყადრიც ყველაზე უკეთ მათ ესმით…

(more…)

Read Full Post »

ნისლის თუ შეგშინებიათ ოდესმე? ალბათ, არა… და რომ იცოდეთ, სულ ტყუილად. ნისლს შესძლებია, ცა და დედამიწა გაყაროს, ადამიანებში უიმედობა და სასოწარკვეთა ჩაასახლოს, სიხარული და ხალისი წაართვას და მომავლის იმედი დაუკარგოს…

მოდი და ნუ შეგეშინდება, მზე, მთვარე და ვარსკვლავები რომ გაქრება ციდან და თავზე თვალგაუვალი ჯანღი ჩამოგაწვება…

შინიდან წასული ბილიკი გეზს რომ შეიცვლის და სადღაც დასაკარგავში გადაგხვეწს…

თავზე წამომდგარ ბუმბერაზ მწვერვალებს რომ სამუდამოდ შთანთქავს ბურუსი…

და ამ გაუვალი წკვარამიდან ავსულები გემუქრებიან…

შეგეშინდება და მერე როგორ… მაგრამ გულს ნუ გაიტეხ – ნისლებს მიღმა კიდევ დარჩენილა ერთი სოფელი, რომელსაც სამანის ქვები და ცროლის მთა იცავს, სადაც ჯერ კიდევ იციან, რა არის მზე, სითბო და სინათლე.

(more…)

Read Full Post »

მოგეხსენებათ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მონიჭებულ, ექსკლუზიური მიმომხილველის საპატიო სტატუსს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და 26 მაისის შემდეგ თბილისის წიგნის ფესტივალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ დღეს ცოტა  შემაგვიანდა პავილიონში მისვლა, თუმცა თსუ-ს გამომცემლობის პრეზენტაციას მაინც მივუსწარი და ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც წიგნებზე საუბარი აშკარად პოლიტიკურ დებატებზე უკეთ გამოსდის, აქაქანებულმა გადავუღე რამდენიმე სურათი.

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალი. დღე მეორე

სიმართლე რომ გითხრათ, ნაშუადღევს “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონისკენ მიმავალს, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, სამუშაო დღეს ფესტივალის სტუმრების რიცხვი არ შეემცირებინა.
დარბაზში ფეხის შედგმისთანავე მივხვდი, რომ შიში ამაო გამოდგა – იქაურობას ხალხი ნამდვილად არ აკლდა. ბიბლიოფაგიის პირველი შეტევა გუშინ წიგნებით სავსე ჩანთით მოვიგერიე, ამიტომ სტენდებსა და თაროებს ახლა უკვე დამშვიდებულმა გადავავლე თვალი.
დღეს, ძირითადად, სხვადასხვა საგამომცემლო სახლის მიერ  შემოთავაზებულ სიახლეებზე ვიყავი ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ფესტივალისათვის გადანახული გამოცემა არც ისე ბევრი იყო, რამდენიმე ახალ წიგნზე მაინც გიამბობთ.

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,368 other followers

%d bloggers like this: