Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ნატიფი ხელოვნება’

20150119_235438

გულახდილად გეტყვით, არ მეგონა, ფერწერისადმი მიძღვნილი გამოცემა თუ გამაკვირვებდა – არც მე მაქვს ალბომების ურიგო კოლექცია, არც ჩემს მშობლებს და ვფიქრობდი, ახალი რაღა უნდა იყოს-მეთქი.

სულაკაურმა მაინც მოახერხა ჩემი გაკვირვებაც და აღფრთოვანებაც – არც აცივა, არც აცხელა და DK-ს მხატვრობის ილუსტრირებული ისტორია შემოასკუპა თაროებზე – ბუთქუნაზე ბუთქუნა, საოცარი ილუსტრაციებითა და უამრავი ინფორმაციით გაძეძგილი.

თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე მეტად სწორედ ამ ინფორმაციამ მომხიბლა – რეპროდუქციები არავისთვის არის უცხო ხილი, ასე ერთად თავმოყრილი, ფერწერის მოყვარული ადამიანისთვის საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია კი სხვაგან ჯერ არ შემხვედრია, ყოველ შემთხვევაში, ქართულ ენაზე.

მართლა ბევრი რამ არის ამ წიგნში – პრეისტორიული და ძველი ეგვიპტის ხელოვნებიდან რომ იწყება, არც ბერძნებსა და რომაელებს აუვლის გვერდს, არც ადრეულ ქრისტიანებს, არც გოთიკა და რენესანსი გამორჩება, არც ბაროკო და როკოკო, არც რომანტიზმს, რეალიზმს და პრერაფაელიტებს დატოვებს უყურადღებოდ, იმპრესიონიზმზე, სიმბოლიზმსა და აბსტრაქციონიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

(more…)

Read Full Post »

Grant Wood. American Gothic

Grant Wood. American Gothic

“მომწონს თქვენი სახე, ერთიანად სწორი, გრძელი ხაზებისგან რომ შედგება“, – უთხრა მხატვარმა თავის დანტისტს – ბაირონ მაკკიბის. ექიმი აღფრთოვანებული არ დარჩენილა – მაინცდამაინც როდი უნდოდა, ყველას გაეგო, რომ პოზირებას აპირებდა. ფერმწერმა პირობა მისცა, რომ ვერავინ იცნობდა, თუმც სიტყვა ვერ შეასრულა – სურათზე გამოსახული მამაკაცი ძალიან ჰგავდა მენატურეს; ერთი ეგ იყო, რვაკუთხა ლინზების ნაცვლად მრგვალჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ოდესღაც მხატვრის მამა რომ ატარებდა, ზუსტად ისეთი.

ფერმწერის უმცროსი და, ნენი, კარგა ხანს ეძებდა მაღაზიებში ძველმოდურ არშიას მოჩითული წინსაფრისთვის,  უწინ ფერმერების ცოლებს რომ ეკეთათ, მაგრამ ვერსად მიაგნო და, მაკრატელმომარჯვებული, დედის კაბებს მიადგა ასარღვევად. მერე დედისეული ბროში “პერსეფონეც“ მიიბნია ყელთან და ექიმს ამოუდგა გვერდით.

ასე დაიწყო აიოველმა გრანტ ვუდმა “ამერიკული გოთიკის“ ხატვა. იქამდე მისი სახელი მშობლიური შტატის საზღვრებს არ გასცდენია და, ალბათ, არც ამჯერად მოსვლია აზრად დიდების მოხვეჭა; უბრალოდ, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტის კონკურსში აპირებდა მონაწილეობას. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ კირკიტა მკვლევარები მის გულუბრყვილო ქმნილებას იდუმალების საბურველში გაახვევდნენ და რაღაც უცნაურ სიმბოლოებს აღმოაჩენდნენ, რომლებზეც თავად ავტორს არც კი უფიქრია.

(more…)

Read Full Post »

michelangelo pietaწიგნებზე წერას რომ არაფერი მირჩევნია, გეცოდინებათ, მაგრამ არის დღეები, როცა ლიტერატურა სხვა თემებს უთმობს ადგილს. არა მოვალეობის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ უცნაური სიმშვიდისა და სინათლის გამო, ამ დღეებს რომ მოაქვს თუნდაც ყველაზე მცირედ მორწმუნე ადამიანებისთვის.

ჰოდა, მოგეხსენებათ, წიგნებზე ნაკლებად არც ფერწერა და სკულპტურა მიყვარს და ამ კვირა დილით, ჩემდა უნებურად, ყველაზე ცნობილი “მაცხოვრის დატირება” გამახსენდა, სრულიად ახალგაზრდა მიქელანჯელომ რომ გამოაქანდაკა კარდინალ ჟან დე ვილიე ფეზანზაკის დაკვეთით და ახლა წმინდა პეტრეს ტაძარს რომ ამშვენებს ვატიკანში.

ეს დიდი ხელოვანის ერთადერთი ქმნილებაა, რომელზეც ავტორმა ხელმოწერა დატოვა. ისიც იმიტომ, რომ ვიღაც უსაქმურების ლაყბობას მოჰკრა ყური, მოქანდაკის ვინაობას ეჭვქვეშ რომ აყენებდნენ… ავტორად ვინმე მილანელ გობოს ასახელებდნენ თურმე; ჰოდა, გაბრაზებულ ბუონაროტის ღვთისმშობლის სარტყელზე საკუთარი სახელი ამოუტვიფრავს.

(more…)

Read Full Post »

hokusai - The Dream of the Fisherman's Wifeსიმართლე გითხრათ, ამ პოსტის დაწერა გამიჭირდა. საჭირო სიტყვებს, ვერ იქნა და ვერ მივაგენი; ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე, ხელოვნური და ნაძალადევი გამოდიოდა, თითქოს ვიღაცამ ყურით მიმათრია კლავიატურასთან და ოროსან მოსწავლესავით დამაგდო სამეცადინოდ.

არ გეგონოთ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდა, პირიქით  – შემეძლო, დაუსრულებლად მესაუბრა უკიო-ე სტილზე, მის ჟანრებზე – ბიძინ-გასა და სიუნგაზე; ქსილოგრაფიის უძველეს ხელოვნებაზე – სურიმონოზე; იაპონელ ილუსტრატორებსა და გრავიორებზე, მაგრამ ვარჩიე, ორიოდე სიტყვა მეთქვა აღმოსავლელ დიდოსტატზე, რომლის ოცდაათამდე ფსევდონიმიდან ყველაზე ცნობილი და განთქმული – კაცუსიკა ჰოკუსაი იყო.

მოკლედ, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა შორეულ მე-18 საუკუნეში სარკეების ოსტატი ნიკაძიმა ისე, რომელსაც ხარჭამ ვაჟი გაუჩინა და ამბობენ, ტოკიტარო დაარქვესო.

მატიანე დუმს იმის შესახებ, როგორი ბავშვი იყო ტოკიტარო – ცელქი თუ მშვიდი; ხშირად აშავებდა თუ არა რამეს; ბედნიერი იყო თუ სევდიანი; რა უყვარდა და რა სძულდა… სამაგიეროდ, იმ მნიშვნელოვანი კვალის შესახებ, რაც მან იაპონური ქსილოგრაფიის ისტორიაში დატოვა, ყურმოკვრით მაინც ყველას სმენია.

(more…)

Read Full Post »

 Édouard Manet. The Luncheon on the Grass. 1863

მიყვარს ადამიანები, ყალბ მორალისტებს და ფსევდოპურიტანელებს ხელთათმანს დაუნდობლად რომ უტკაცუნებენ სახეში.

მართალია, მე თავად ვერ დავიკვეხნი, ოდესმე საზოგადოება შოკში ჩამიგდია-მეთქი, მაგრამ მომწონს, სხვა თუ აკეთებს ამას.

ამას წინათ ჩემს “ვერნისაჟს” გადავხედე და გული მომიკვდა, ისეთი მიტოვებული მეჩვენა იქაურობა. თან ბოლო დროს რაღაც მეამბოხე განწყობა მეძალება და ბევრი აღარ მიფიქრია, წერა დავიწყე.

თავიდანვე უნდა ვაღიარო – ეს ტილო ჩემი საყვარელი შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება.

საერთოდ, შედევრად არც კი მიმაჩნია.

ძალიან კარგი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომ არის, ამას არც უარვყოფ; ფუნჯის ენერგიულ მონასმებსაც ვხედავ, ავტორმა თითქოს განგებ რომ დატოვა დაუსრულებლობის ეფექტის შესაქმნელად; სინათლის მძლავრ, თვალისმომჭრელ ნაკადსაც, იმდროინდელი ფერწერისთვის უცხო და უჩვეულო რომ იყო; განზრახ დარღვეულ სიმეტრიასაც. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში თავად სიუჟეტი მხვდება – სწორედ ის შოკისმომგვრელი სიუჟეტი, რის გამოც ფერმწერი ნატიფი ხელოვნების სალონიდან უბოდიშოდ გამოაპანღურეს; სამაგიეროდ, “განკიცხულთა სალონში” ჯერ გამოფენილიც არ იყო, რომ უკვე უამრავი ხალხი ეხვეოდა.

(more…)

Read Full Post »

Peter Paul Rubens. Saint George and the Dragon

თქმულება მოგვითხრობს, ერთი წარმართი მეფის სამფლობელო შემზარავმა გველეშაპმა გააპარტახაო.

გაპარტახებას ვინ ჩივის, მინოტავრივით ჰყვარებია თურმე ახალგაზრდა გოგო-ბიჭების შთანთქმა.

და, აი, ერთხელაც, როდესაც კენჭისყრამ თავად მეფის ასულს არგუნა შემზარავი ხვედრი, ზეციდან თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანი მოვლენია იქაურობას…

მერე რაც მოხდა და როგორც მოხდა, ყველამ მშვენივრად იცის.

ოღონდ, ეჭვი მაქვს, ყველას არ უნახავს დიდი ფლამანდიელი ფერმწერის – პიტერ პაულ რუბენსის “წმინდა გიორგი და დრაკონი”.

(more…)

Read Full Post »

Eugene Delacroix. La Liberté guidant le peuple

სხვისი არ ვიცი და, როდესაც ამ ტილოს ვუყურებ, მე ყოველთვის ერთი ტაეპი მახსენდება ხოლმე: “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”…

იმიტომ, რომ აქ ფუნჯის თითოეული მოსმა ამბოხითა და დაუმორჩილებლობითაა გაჟღენთილი…

მკერდმოშიშვლებული ქალი, ფრიგიული ჩაჩით თავზე, სამფეროვანი დროშით ხელში – თავისუფლებისაკენ შეუჩერებელ ლტოლვას რომ განასახიერებს…

შეიარაღებული ადამიანები მის გარშემო, სახეზე რისხვა რომ აღბეჭდიათ…

ცილინდრიანი ახალგაზრდა კაცი, რომელშიც, როგორც ამბობენ, მხატვარმა საკუთარი თავი იგულისხმა…

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 630 other followers

%d bloggers like this: