Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მულტფილმები’

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Read Full Post »

the ransom of red chief illustration

სანამ თამადას ავირჩევდეთ კი არადა, პოსტზე გადავიდოდეთ, მკითხველებთან სახალისო შეთავაზება მექნება – მოდი, რაფინირებული ინტელექტუალების მანტია გვერდზე გადავდოთ და ცოტა ხნით იმ პატარა, ახტაჯანა გოგო-ბიჭებად ვიქცეთ, შინაურებს სისხლს რომ ვუშრობდით…

***
ო’ჰენრის მოკლე მოთხრობებს შორის, ყველამ რომ ლამის ზეპირად ვიცით, ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია და სხვებს თითქმის არაფრით ჰგავს. არც “მოგვთა ძღვენივით” რომანტიულია, არც “უკანასკნელი ფოთოლივით” გულისმომკვლელი, ვერც “სანამ ავტო იცდიდა”-ს შეადარებ და ვერც “გზებს, რომლებსაც ვირჩევთ”… სულ სხვა ტონალობაშია დაწერილი და ოდესმე თუ ეტალონური იუმორისტული ნაწარმოების დასახელება მთხოვეს, უკეთესის მოძიება ნამდვილად გამიჭირდება.

სათაურიდანვე მიხვდებოდით – დღეს “წითელკანიანთა ბელადზე” უნდა გიამბოთ.

აი, დავწერე ეს წინადადება და “გიამბოთ”, ცოტა არ იყოს, მეხამუშა – წიგნის მოყვარული არ მეგულება, რამდენჯერმე არ ჰქონდეს გადაკითხული. თავად მე ღრმა ბავშვობაში, აწ უკვე ნაფლეთებად ქცეული მოყვითალო კრებულით  გავიცანი და პირველი შთაბეჭდილებაც დღემდე მახსოვსჰომერული სიცილი ვერაფრით გამაწყვეტინეს.

(more…)

Read Full Post »

ტყის კვარტეტი. მერაბ სარალიძე. კინოსტუდია "ქართული ფილმი". 1984

მოლი ბლუმის სტუმრებმა, ჯეოპარდის წყალობით, ერთხელ უკვე იმოგზაურეს ბავშვობაში. ეს პროცესი იმდენად სახალისო და სასიამოვნო გამოდგა, რომ ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა, კიდევ გაგვემეორებინა–მეთქი. მაშ, ასე, გეთაყვა, დღეს ოთხშაბათია და, ალბათ, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, თუ  საყვარელ ანიმაციურ ფილმებს და მათ პერსონაჟებს გავიხსენებთ,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

წუნა და წრუწუნა

მოგენატრათ ბავშვობა? აი, ის დრო, გაკვეთილებს ბოლოს რომ მოუღებდით და კისრისტეხით გარბოდით ტელევიზორისკენ, მულტფილმების საყურებლად… სუნთქვაშეკრული რომ მისჩერებოდით ეკრანს და ხან ცრემლი მოგადგებოდათ თვალზე, ხან კი, ბედნიერი ფინალით აღფრთოვანებულნი, სიხარულის ყიჟინას დასცემდით ხოლმე ველური ინდიელივით… თუ იმ პერიოდის ნოსტალგია ხანდახან მაინც გეძალებათ ჩემსავით, კარგი იქნება, საყვარელი ანიმაციური გმირები ერთხელ კიდევ გავიხსენოთ და ცხოვრების ყველაზე უზრუნველ ხანას თუნდაც რამდენიმე წუთით დავუბრუნდეთ.   

Good luck!

(more…)

Read Full Post »

რამდენიმე დღის წინ,  მოლი ბლუმის ბლოგზე, ბავშვობის წიგნები გავიხსენეთ და, მკითხველთა ძალისხმევით, ერთიანი საყმაწვილო ბიბლიოთეკაც შევადგინეთ. წარსულში მოგზაურობას Jeopardy!-ის მორიგი ტურით ვაგრძელებთ – დღეს მულტ- პერსონაჟების ჯერია. მითუმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ – მულტფილმები, პატარა მაყურებლის მსგავსად, დიდებსაც ძალიან გვიყვარს.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას, მიზეზთა გამო, ალბათ, არ ახსოვს ოდესღაც ძალზე პოპულარული საბჭოთა დეტექტიური სერიალი «Следствие ведут знатоки»; მით უმეტეს, არ გემახსოვრებათ  «Следствие ведут колобки»,   ფილმის ერთგვარი მულტ-პაროდია. ორი კერძო მაძებარი – შეფი და კოლეგა – ზოოპარკიდან გამქრალი სპილოს საქმეს იძიებს და გზადაგზა ათას ფათერაკს აწყდება.

ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა მულტფილმის შესახებ სხვა დროს გიამბობთ, დღეს კი,  Jeopardy!-ის მორიგ ტურში, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ლიტერატურული გმირები – დეტექტივები და კერძო მაძებრები გავიხსენოთ.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

ჩვენი ბავშვობის წიგნები

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს,  ქალთევზას, კაის და გერდას,  გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

(more…)

Read Full Post »

იყო დრო, როცა წერილები ყოველგვარი მარკების გარეშე მოგზაურობდნენ დანიშნულების ერთი წერტილიდან მეორემდე. წვივმაგარ ცხენებზე ამხედრებულ მალემსრბოლებს უბით, აბგით, ფართოფარფლიანი ქუდებით გადაჰქონდათ ზოგჯერ უმნიშვნელო, ზოგჯერ კი ფასდაუდებელი ცნობების ან  სახელმწიფო თუ პირადი საიდუმლოებების შემცველი ბარათები. უწყინარი საფოსტო მტრედის ფეხზე გამობმულ წერილს ხომ  საერთოდ არანაირი მარკა არ სჭირდებოდა. თუმცა, გამოხდა ხანი და ფოსტის მუშაობის გასაადვილებლად დღის სინათლე პატარა, მართკუთხა ქაღალდებმა იხილეს.

მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, 1840 წელს გამოშვებული “Pennie Black”  უპრეტენზიო  შავ ფერში იყო გადაწყვეტილი. მას შემდეგ 172  წელია გასული. ამ დროის განმავლობაში ფერის, სიუჟეტისა და დიზაინის მიხედვით განსხვავებული უამრავი მარკა შეიქმნა, თუმცა, რასაკვირველია, მარკების თემა დღეს ძველებურად აქტუალური აღარ არის.  ბუთქუნა კონვერტები და ხელით ნაწერი წერილები წარსულს ჩაბარდა. ადამიანთა უმრავლესობა, უკვე კარგა ხანია, მეგობრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობს,  მაგრამ მარკებს ფილატელისტებისთვის (და არა მარტო მათთვის) მიმზიდველობა არ დაუკარგავს.

მარკა ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტი და ერთგვარი სავიზიტო ბარათია  (უფრო მეტიც – ჯუჯა სახელმწიფო სან–მარინოს ხაზინა ძირითადად მარკებით ვაჭრობის გზით ივსება), ამიტომ, ბუნებრივია, მის იერსახეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან და  სიუჟეტს დაკვირვებით არჩევენ. მარკებზე გამოსახავენ ცნობად სახეებს, მონარქიულ ქვეყნებში  - სამეფო ოჯახის წევრებს, ღირშესანიშნავი მოვლენებისადმი მიძღვნილ კომპოზიციებს,  მცენარეებს და ცხოველებს, არქიტექტურულ და ბუნებრივ ძეგლებს, მწერლებს და არც თუ იშვიათად – ლიტერატურულ პერსონაჟებს.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,368 other followers

%d bloggers like this: