Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘კარლსონი’

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ -  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Read Full Post »

the end

ჰექსეს

ამას წინათ ვთქვი სადღაც -  ბლოგერობის ორი წელმა სათაურების წერა მაინც მასწავლა-მეთქი.

კარგი სათაური რომ საქმის ნახევარია, კი ვიცოდი, მაგრამ ეს ძველისძველი შეგონება სათანადოდ მხოლოდ ახლა დავაფასე.

იაფფასიან ტრიუკებს, ცხადია, არ ვგულისხმობ,  – სამგროშიანი საკითხავის მუშტარი არც მე გახლავართ და არც სტუმართა შორის მეგულება ვინმე.

არაფერია იმაზე სასიამოვნო, კარგად გარანდულ, ჩამოქნილ ტექსტს ასეთივე სათაური რომ ამშვენებს – ოსტატურად მოფიქრებული, მოხდენილი, გონებამახვილური… კამერტონივით რომ განსაზღვრავს ტონალობას.

იმ პოსტებიდან, აქამდე რაც გამომიქვეყნებია, რამდენიმეს სათაური განსაკუთრებით მომწონს. ბოლო, დღევანდელი, აშკარად საუკეთესოა, ოღონდ, ჩემი არ არის.

(more…)

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის სათაურზე – ათასგზის გამეორებულ ფორმულაზე – გაგეღიმებოდათ, რამე უფრო კრეატიულის შერჩევაც შეიძლებოდაო… სიახლეების ნაკლებობას აქაურობა ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ რა ვქნათ, როცა ძველი ისე ზუსტად გადმოსცემს სათქმელს, რომ ალტერნატივის ძიება ზედმეტიც კია. თანაც, თუ სახელგანთქმულ მარკიზა დე პომპადურს დავუჯერებთ, “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი” ყოფილა…

მოლი ბლუმის ბლოგზე, კარგად მოგეხსენებათ, უმთავრესად ბიბლიოფილები ვიკრიბებით და წიგნებზე ვსაუბრობთ. თუმცა, კაცმა რომ ვთქვას, მხოლოდ აკადემიური რევიუების წერა-განხილვა ოდნავ მოსაწყენია და არც გართობა აუკრძალავს ჩვენთვის ვინმეს.

ამას წინათ კოშმარი მესიზმრა – დაუსახლებელ კუნძულზე ვიყავი და ყველასთვის საყვარელი, რუსული ფილმის გმირისა არ იყოს, ცეცხლმოკიდებულივით დავრბოდი აქეთ–იქით და განწირული ხმით ვითხოვდი შველას. რაც მთავარია, შოკირებული იმ ფაქტით კი არ გახლდით, რომ მარტოდმარტო აღმოვჩნდი მიწის პაწაწინა ნაგლეჯზე, არა… მთავარი საშინელება ის იყო, რომ ირგვლივ ვერც ერთი წიგნი ვერ ვიპოვნე! სულ, სულ ვერც ერთი! რაღა გასაკვირია, რომ ისეთს გავყვიროდი, ჩემიანები გულგახეთქილები შემოცვივდნენ – ეგონათ, ვინმე დამესხა თავს.

ამ ამბის მერე რამდენჯერმე ვიფიქრე – მართლაც რომ მოვხვდე ასეთ სიტუაციაში, ნეტავ, რომელი წიგნის წაღებას ვარჩევდი-მეთქი, მერე ვთქვი – ნეტავ, ჩემი მკითხველები რას იტყოდნენ-მეთქი. ჰოდა, ერთი სახალისო ინტერაქტივის იდეაც მომივიდა თავში.

(more…)

Read Full Post »

ღრმად პატივცემულმა ენგელსმა ბრძანა, შრომამ შექმნა ადამიანიო, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, რომ დასვენებამ კმაყოფილი და ბედნიერი ჰომო საპიენსი მოუვლინა ქვეყანას.

საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ეჭვი მეპარება, ჩემმა სტუმრებმა იცოდნენ, ენით აუწერელი ზარმაცი რომ გახლავართ. წელიწადნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კვირაში სამ პოსტს დაწერ, თითოეულ სიტყვას და წერტილ-მძიმეს საგულდაგულოდ გაასწორებ და დათქმულ დროზე გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი თავყრილობიდან დარსა თუ ავდარში უკანმოუხედავად გამოიქცევიო, გულიანად გამეცინებოდა და, რა თქმა უნდა, არ დავიჯერებდი.

არადა, ფაქტია – შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტისას თუ ლუკულუსის ნადიმზე, სახლსა თუ სამსახურში, ავადმყოფობისა თუ კარგად ყოფნისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში ერთი წუთით არც ბლოგი დამვიწყებია, არც მკითხველები და ჩემივე დაწესებული მკაცრი გრაფიკი ოდნავადაც არ დამირღვევია.

(more…)

Read Full Post »

Astrid Lindgren

რამდენიც არ უნდა დავწერო ამ ავტორზე, როგორც არ უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, მაინც ყოველთვის ვალში ვიქნები მის წინაშე.

ვალში ვიქნები იმის გამო, რომ ოცნება, სიკეთე, სიყვარული და მეგობრობა ვისწავლე…

“ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცის“ გამო…

ჭორფლიანი, კიკინებაპრეხილი, უზომოდ მარტოსული და სიკეთით სავსე უშიშარი გოგოს გამო…

ბიულერბიუელი ბავშვების წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი სინათლის და ჰარმონიის გამო…

ძმები ლომგულების სიბრალულით დაღვრილი ცრემლის გამო…

ლიონებერგელი ემილის ოინებით მოგვრილი ხალისის და მხიარულების გამო…

იმ ბედნიერი წუთების გამო, მისი ახალი წიგნის ხელში ჩაგდებით რომ განვიცდიდი.

(more…)

Read Full Post »

© Ilon wikland. Karlson on the roof

შესაძლებელია, სათაური უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ შეცბუნდებით – არაფერი შემშლია. წერას ნამდვილად ყველასთვის საყვარელ პროპელერიან კაცუნაზე ვაპირებ. მინდა, “ლამაზ, ჭკვიან, ზომიერად ფერ-ხორციან, მოწიფულ მამაკაცთან” დაკავშირებული ჩემი ერთობ უჩვეულო იმპრესიები გაგიზიაროთ.

ამას წინათ, “ფლეიბოის” ძველი ნომრის ფურცვლისას, ერთ სახალისო სტატიას გადავაწყდი  – “ათი საბავშვო რამ, რითაც უფროსებიც ერთობიან”. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდად არ გამკვირვებია, როცა სიაში, რუბიკის კუბსა და სათამაშო რკინიგზასთან ერთად, ლინდგრენის შედევრიც აღმოვაჩინე.

მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმრავლესობაც, სახურავის ბინადარ კარლსონს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ. ისიც ვიცი, რომ ვასასტანელი ბიჭუნას ღორმუცელა მეგობრის ხსენებაც კი მხიარულ ღიმილს იწვევს და ოინბაზობის გუნებაზე გვაყენებს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ – მსოფლიოში საუკეთესო გადია, მეხანძრე, მშენებელი და შინამტანჯველების მომთვინიერებელი გულის სიღრმეში საოცრად ეული და მარტოსული არსებაა.

(more…)

Read Full Post »

pippi longstocking

ერთთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ მოლი ბლუმის ბლოგზე კვლავ ჯეოპარდი იღებს სტარტს. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომენატრა ტრადიციული ოთხშაბათი, კითხვების მზადება, პასუხების გადამოწმება, ქულების დათვლა-დაჯამება და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ფაცი-ფუცი.

ბლოგის მუდმივმა სტუმრებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მათ რიცხვს ერთი ნორჩი, მაგრამ მეტად ჭკვიანი, განათლებული და აქტიური ახალგაზრდა შეემატა ლუკიანეს ნიკით. მართალია, ჩემთვის ყველა მკითხველი თანაბრად ძვირფასია, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ლუკასავით გონიერი, ნაკითხი და ერთგული ვიზიტორებით ბევრი ბლოგი ვერ დაიტრაბახებს. დღევანდელი ჯეოპარდი სწორედ მას ეძღვნება და თემაც მისი ასაკის შესაფერი ავარჩიე (თუმცა, ბატონი ლუკიანე გაცილებით სერიოზულ ლიტერატურაშიც ერკვევა). მაშ, ასე, გეთაყვა,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,369 other followers

%d bloggers like this: