Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თბილისის წიგნის ფესტივალი’

აკა მორჩილაძე. "შენი თავგადასავალი". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2003

თქვა ამ კაცმა, მწერლობას არ ვაპირებ, წერაში მიშლის ხელსო, მაგრამ რად გინდა – მაინც არ ვეშვებით, თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მოვიხსენიებთ, ხან დაფნის გვირგვინებს და პალმის რტოებს ვაჩეჩებთ, ხან ქვებსაც ვესვრით (დათა თუთაშხიასი არ იყოს, არ შეგვიძლია უმაგამბავოდ და რა ვქნათ); ერთი ეგ არის, სერიოზული ეჭვი მაქვს, თავად აკა მორჩილაძეს არც პირველი ენაღვლება და არც – მეორე. მოკალათებულა თავისთვის, მყუდროდ და აწკაპუნებს კლავიატურას. ისე, სულ მგონია, რომ სადღაც, ძველთაძველ, ბუხრიან-ხალიჩებიან სახლში წერს, სადაც კედლებზე თოფ-იარაღი და წინაპრების ფოტოები ჰკიდია.

ოღონდ, გაბრაზებული წერს ნამდვილად. იმიტომ, რომ “შენი თავგადასავალი“ ძალიან გულმოსული წიგნია, პირთამდეა გაძეძგილი ოთხმოცდაათიანების აგრესიით, ტკივილით, შიშითა და ბოღმით; ნარკოტიკით გაბრუებული გონების წარმოსახვა ისეთ ასოციაციურ და ლიტერატურულ კოქტეილს ქმნის, ცალი თვალით გეტირება, ცალით – გეცინება…

(more…)

Read Full Post »

"დიოგენეს ბიბლიოთეკა". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2012

ერთ თაროზე, ფერად-ფერად ტომეულებს შორის, თერთმეტი მოთეთრო წიგნი მიდევს. მოწონება არასოდეს დამიმალავს, ბევრჯერ მოვიხსენიე კეთილი სიტყვით, მაგრამ “დიოგენეს ბიბლიოთეკას” – ბოლო დროის, ალბათ, საუკეთესო პროექტს, დამეთანხმეთ, სახელობითი პოსტი ნამდვილად ეკუთვნის.

***

ცინცხალ გამოცემას შარშან, მაისში, წიგნის ფესტივალზე, გადავაწყდი. “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ისეთი აურზაური იდგა, რომელიმე სიახლე რომ გამომრჩენოდა, გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ფრიად სიმპათიური შვიდეული მაინც შევამჩნიე, გადავათვალიერე და წამიც არ მიფიქრია, საგანგებოდ მომარჯვებულ ჩანთაში ჩავუძახე.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

ფესტივალის რიგით მეოთხე დღე, პირველი სამის მსგავსად, ხალხმრავალი გამოდგა. კვირას წიგნებისთვის იმათაც კი მოიცალეს, ვინც აქამდე, მიზეზთა გამო, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონში მისასვლელად დრო ვერ გამონახა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველს, დაპირებისამებრ, მწერლებთან შეხვედრა დღესაც მოუწყო. “ინტელექტმა” სერიოზული საკითხავის  მოყვარულებს ნობელიანტების სტოკჰოლმური ლექციების ოთხტომეული წარუდგინა. განსაკუთრებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა “პალიტრა L”-ის და “დიოგენეს” სტენდებთან, “ლოგოს პრესის” საბავშვო კუთხეში ფესტივალის  პატარა სტუმრები გატაცებით ხატავდნენ და დროდადრო ფერად წიგნებსაც ფურცლავდნენ, ვაჟა-ფშაველას სტენდთან “ხმელი წიფლისა” და “შვლის ნუკრის ნაამბობის” ნაწყვეტებს კითხულობდნენ…

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა დასასრულს თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი…

(more…)

Read Full Post »

მოგეხსენებათ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მონიჭებულ, ექსკლუზიური მიმომხილველის საპატიო სტატუსს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და 26 მაისის შემდეგ თბილისის წიგნის ფესტივალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ დღეს ცოტა  შემაგვიანდა პავილიონში მისვლა, თუმცა თსუ-ს გამომცემლობის პრეზენტაციას მაინც მივუსწარი და ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც წიგნებზე საუბარი აშკარად პოლიტიკურ დებატებზე უკეთ გამოსდის, აქაქანებულმა გადავუღე რამდენიმე სურათი.

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალი. დღე მეორე

სიმართლე რომ გითხრათ, ნაშუადღევს “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონისკენ მიმავალს, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, სამუშაო დღეს ფესტივალის სტუმრების რიცხვი არ შეემცირებინა.
დარბაზში ფეხის შედგმისთანავე მივხვდი, რომ შიში ამაო გამოდგა – იქაურობას ხალხი ნამდვილად არ აკლდა. ბიბლიოფაგიის პირველი შეტევა გუშინ წიგნებით სავსე ჩანთით მოვიგერიე, ამიტომ სტენდებსა და თაროებს ახლა უკვე დამშვიდებულმა გადავავლე თვალი.
დღეს, ძირითადად, სხვადასხვა საგამომცემლო სახლის მიერ  შემოთავაზებულ სიახლეებზე ვიყავი ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ფესტივალისათვის გადანახული გამოცემა არც ისე ბევრი იყო, რამდენიმე ახალ წიგნზე მაინც გიამბობთ.

Read Full Post »

როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც, რამდენიმე კვირაა, მოუთმენლად ელოდნენ თბილისელი ბიბლიოფილები და, რა თქმა უნდა, მეც. დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკარს ჯერ კიდევ შუადღემდე მივადექი საფესტივალო პროგრამით შეიარაღებული.
გამოფენის ტერიტორიაზე ხალხის სიმრავლემ თავიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენა, ხოლო როდესაც მე-11 პავილიონში, შესასვლელთან დამხვედრ გოგონებს ფერადი ფლაერები ჩამოვართვი და სტელაჟებთან შეჯგუფებულ მნახველებს გადავავლე თვალი, განწყობა კიდევ გამიუმჯობესდა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას,
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,361 other followers

%d bloggers like this: