Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თანამედროვე რუსული ლიტერატურა’

Борис Акунин

“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც ვერ მოვიშორე. მეჩვენება, რომ მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა მაინც ვერ მოვახერხე, ბოლომდე ვერ გაგიზიარეთ ემოციები, მისი წყალობით რომ განვიცადე.

საინტერესოა, როდესაც ის კალამს ჰკიდებდა ხელს, იცოდა თუ არა, რომ ზუსტად იმ გზას დაადგა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი… რომ ყველაფერი ამ გზაზე, ნებისმიერი წარმატება თუ დაბრკოლება, ტრიუმფი თუ იმედგაცრუება, იღბალი თუ უიღბლობა, ყველა კენჭი და ბილიკზე დაცემული ყველა ფოთოლი მთლიანობაში შექმნიდა ბორის აკუნინს – უსაზღვრო წარმოსახვის მქონე, თამამი ექსპერიმენტებისა და ნოვაციების მოყვარულ მწერალს – შემოქმედს ავანტიურისტის სულით.

ასე იყო თუ ისე, მისმა ერასტ ფანდორინმა ჭკუის, სიმამაცის, უსაზღვრო ინტელექტისა და ქარიზმის წყალობით  ათასობით მკითხველის გული მოინადირა და ავტორის ამოუწურავი ფანტაზია დაუყოვნებლივ სხვა მიმართულებით ამუშავდა.

პროექტი “ჟანრები“ ფანდორინის ციკლზე ნაკლებ წარმატებული როდი გამოდგა – სხვისი არ ვიცი, მე კი “საბავშვო წიგნი“, “ჯაშუშური რომანი“, “ფანტასტიკა“, და “კვესტი“ ელვის სისწრაფით შევისრუტე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეგობარმა მოსკოვიდან თბილისელი ბიბლიოფილებისათვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი კინორომანი “სიკვდილი ვახტანგურად“ ჩამომიტანა.

(more…)

Read Full Post »

Irina Khakamada

“ქინდლის” წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრებაში, გარდატეხა რომ მოხდებოდა, ადრევე ვიცოდი და იმედი ნამდვილად არ გამცრუებია – კომპაქტურობასა და პრაქტიკულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელექტრონულ თაროზე უკვე ისეთ წიგნებს მოვუყარე თავი, სხვაგვარად ხელში ჩაგდება აშკარად რომ გამიჭირდებოდა.

ირინა ხაკამადას “Sex-ი დიდ პოლიტიკაში” რუსეთში რომ პოპულარული იყო, მსმენოდა. ორიოდე ნაწყვეტიც მქონდა წაკითხული, თუმცა თბილისში არსად წავწყდომივარ – აქ სულ სხვა “სექსი” და “უსექსობაა” მოდაში.

თუ ავტორი არ გეცნოთ – მეცნიერი, ბიზნესლედი, პოლიტიკოსი, მემარჯვენე ოპოზიციონერი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სამგზის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, მთავრობის წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახლდათ. ხმამაღალი რეგალიების მიღმა კი დახვეწილი ინტელექტუალი და ქარიზმატული ქალბატონია.

(more…)

Read Full Post »

The Jade Rosary

მისი სახელი იაპონურად “ცუდ ადამიანს” ნიშნავს….

არადა, ეს კაცი იაპონელებმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვეს…

არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი მწერალმა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაზე წესიერი, პრინციპული და კეთილშობილი მაძებარია მსოფლიოს გამოჩენილ დეტექტივთა გალერეაში…

ფსევდონიმის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველაზე გავრცელებული ცნობილი ანარქისტის – მიხაილ ბაკუნინის პატივსაცემად სახელის არჩევაა, მაგრამ მთავარი ეს როდია.

ამ წვიმიან კვირა დღეს ბორის აკუნინის კრებული - “ნეფრიტის კრიალოსანი” გამახსენდა, სადაც მწერალმა გადაწყვიტა, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსთა მიმართ პატივისცემა გამოეხატა თავისებური, ორიგინალური მანერით და, ამავე დროს, ერასტ ფანდორინის ციკლში დარჩენილი ქრონოლოგიური ჭუჭრუტანები რამდენიმე მომცრო ზომის ნაწარმოებით შეეევსო.

(more…)

Read Full Post »

ამ ათიოდე დღის  წინ ბლოგზე საინტერესო დიალოგს შევესწარი -  მერი პოპინსი და ლორდ ვეიდერი ჩვენს განათლების მინისტრთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ასოციაციებზე საუბრობდნენ. ერთგან მერიმ ჯონ დიქსონ კარის პერსონაჟი – სერ ჰენრი მერივეილი ახსენა, ლორდმა – “Daily Telegraph“-ის ლიტერატურული განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილი ყველა დროის 50 საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოების სია და ამ სიაზე დაწერილი პოსტი. დეტექტივების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და ჯერ ოდნავაც არ გამნელებია.  50 წიგნი ჩემი ბლოგისთვის, ალბათ, ბევრია, ფავორიტ ოცეულს კი დიდი სიამოვნებით შევადგენ.

ჩემი საუკეთესო ოცეული კლასიკურ დეტექტივებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ რომანებში   დანაშაული ნაბიჯ–ნაბიჯ,  დედუქციური მეთოდის გამოყენებით იხსნება, ბოროტმოქმედი პირველივე წუთებიდან მკითხველის თვალწინ ტრიალებს და წარმატებით ასრულებს ყოვლად წესიერი ადამიანის როლს, ნიღაბს კი მხოლოდ ბოლო ფურცლებზე იხსნის, უფრო სწორად, ხსნიან.  ავტორთა თანმიმდევრობა აბსოლუტურად პირობითია, არც ერთ ნაწარმოებს არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს და, რაც მთავარია, პოსტის მკითხველს იმის შიში ნუ შეაწუხებს, რომ რომელიმე წიგნის მნიშვნელოვან სიუჟეტურ დეტალს ან სულაც დამნაშავის ვინაობას გავამხელ, დამოუკიდებელი გამოძიების საშუალებას წავართმევ და პირველი წაკითხვის სიამოვნებას ჩავუშხამებ…

ერთსაც დავამატებდი – ოცეული ჩემი გემოვნებით არის შერჩეული და დეტექტივების სამყაროს გზამკვლევს არანაირად არ წარმოადგენს, უბრალოდ, მოხარული ვიქნები, თუ ეს სია ჟანრის თაყვანისმცემლების ახალი სახელების აღმოჩენაში დაეხმარება და ძველებს – კიდევ ერთხელ გაახსენებს.

ახლა კი, როგორც ერთი თბილისური გაზეთის რედაქტორი იტყოდა – Let’s go to Mokhisi.

(more…)

Read Full Post »

52 წლის რუსი მწერალი ელენა ჩუდინოვა მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე რომანის, ინგლისის ისტორიაზე დაწერილი საბავშვო წიგნების და პუბლიცისტური წერილების ავტორია. გამოსცემს  ჟურნალ “ექსპერტს”,  თუმცა მისი სახელი, ალბათ, სამუდამოდ დარჩებოდა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეთა და პოლიტოლოგთა ვიწრო წრისთვის ცნობილი, რომ არა სკანდალური რომანის – “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთის” იდეა.

ნაწარმოების სიუჟეტი არც თუ შორეულ 2048 წელს ვითარდება. დასავლეთ ევროპაში ძალაუფლებას ხელთ მუსლიმი იმიგრანტები იგდებენ. შარიათს კანონის ძალა აქვს, კათოლიკური ტაძრები წაბილწული და განადგურებულია, ნოტრ-დამი ალ-ფრანკონის მეჩეთად არის გადაკეთებული. ფუნქციადაკარგული კათოლიკური ეკლესია მხოლოდ კულტურულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ფრანგები, რომლებმაც ისლამის მიღებაზე უარი თქვეს, გეტოში ცხოვრობენ. კათოლიკე ტრადიციონალისტების მცირერიცხოვანი რაზმი თავს კატაკომბებს აფარებს.  წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები წმინდა პიუს X-ის საძმოსთან ერთიანდებიან და უკანასკნელ ხმაურიან აქციას – მეჩეთად ქცეული ნორტ-დამის ხელში ჩაგდებას, შემდგომ კი აფეთქებას გეგმავენ… მთავარი სიუჟეტური ხაზის ეს განშტოება უდავოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ცნობილი La Résistance-ით არის შთაგონებული.
 
“პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი”  2005 წელს, პარიზში სტუდენტური გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოსცეს და დღეისათვის უკვე ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, ნორვეგიულ, სერბულ და თურქულ ენებზე. წიგნის საფრანგეთში დაბეჭდვა მხოლოდ 2009 წელს მოხერხდა – გამომცემლები არაპოლიტკორექტულ ნაწარმოებს უფრთხოდნენ. რა თქმა უნდა, სკანდალი ისეთი საკმაზია, ნებისმიერ ნაწარმოებს რომ უხდება გნებავთ, პოპულარობის და გნებავთ, კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ ისლამის ფანატებთან რელიგიურ თემაზე ხუმრობა  იმდენად სახიფათო თამაში გახლავთ, რომ ყველანაირ არგუმენტს აბათილებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტრადიციულ თურქეთში რომანი მეკობრული ხერხით გაავრცელეს.

(more…)

Read Full Post »

იულია ლატინინა რუსი ჟურნალისტია, “новая газета”-ს პოლიტიკური მიმომხილველი, თან ”эхо москвы”-ს რადიოარხზე საავტორო გადაცემა – “код доступа” მიჰყავს. რამდენჯერმე მოვუსმინე (ყოველთვის ვერ ვახერხებ, ეთერი ისეთ დროს აქვს, შინ არ ვარ, ან თუ ვარ, საშინლად დაღლილი, პოლიტიკური ანალიტიკისთვის არ მცხელა) და მომეწონა.  ნაადრევად დაბერებული და მოუვლელი ქალის შთაბეჭდილებას კი ტოვებს, მაგრამ აშკარად ჭკვიანია.

გუშინ ბარათაშვილის ქუჩის “პარნასში” ლატინინას ექვს წიგნს გადავაწყდი. არ ვიცოდი, წიგნებსაც თუ წერდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისში  არ შემხვედრია. ანოტაციები გადავათვალიერე, სტანდარტული თემებია – პოლიტიკა, ისლამური სეპარატიზმი, ოლიგარქები, ტერორიზმი, კორუფცია… ყდაზე ეწერა, ერთნაირად წარმატებულია ეკონომიკური თრილერის და ფანტასტიკის ჟანრშიო.  ეკონომიკური თრილერი მაცდუნებლად ჟღერდა, ფანტასტიკის რა გითხრათ, რუსი ქალი ფანტასტი (თან წარმატებული), არ გამიგია. ”код доступа”-ს ხათრით ერთი თან წამოვიღე.

ახლა წინ მიდევს. “не время для славы”. დღეს არსად გავდივარ, საღამომდე მოვრჩები. რაღაც არ მინდა, მარინინას, დონცოვას, პოლიაკოვას ან დაშკოვას მსგავსად იაფფასიანი სისულელე აღმოჩნდეს. თუ წინათგრძნობა არ მღალატობს, არც აღმოჩნდება.

P.S. გუშინ პარნასში დიდი რიარია იყო. იხურებიან. ავტორებს ურეკავდნენ, მობრძანდით და თქვენი წიგნები წაიღეთო. მიზეზი არ მიკითხავს, იმ გაწამაწიაში ჩემი თავი არ ჰქონდათ.  ცუდია, წიგნის მაღაზია რომ იკეტება…

Read Full Post »

კაცი, რომელმაც რუსულ ლიტერატურაში საკურას სურნელი მოიტანა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არც რუსეთში უჩივის და არც ისტორიულ სამშობლოში – საქართველოში. ამიტომ, ამ პოსტის მიზანი ბორის აკუნინის სადიდებელი დითირამბის მღერა არ გახლავთ. დახვეწილი ინტელექტუალი და ქალების გულთამპყრობელი ერასტ ფანდორინი ისედაც უსაზღვროდ პოპულარულია.

უბრალოდ, მინდოდა, თქვენთვის ის ალუზია გამეზიარებინა, რომელიც ფანდორინების საგის ერთ-ერთ წიგნში – “ალტინ-ტოლობასში” აღმოვაჩინე. ან, იქნებ, მომეჩვენა კიდეც… ამის განსჯა უკვე მათთვის მომინდვია, ვისაც ჩემს ბლოგზე სტუმრობის სურვილი გაუჩნდება.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ამას წინათ, რომელიღაც რუსულ ტელეარხზე, შონ კონერის და პირტიტველა კრისტიან სლეიტერის მონაწილეობით უმბერტო ეკოს უცნობილესი რომანის ეკრანიზაციას გადავაწყდი. კინომცოდნეობას არ დავიჩემებ, მაგრამ ვიტყვი, რომ კარგი ფილმია, რიგიანი რეჟისურით და საუკეთესო სამსახიობო ნაკრებით. თანაც, თემატურად დღემდე აქტუალური. თუმცა, რელიგიური ფანატიზმი ცალკე პოსტის თემაა, ჩვენ ისევ ალუზიას დავუბრუნდეთ…

ეკოს “ვარდის სახელი” ბევრად უფრო ადრე ჩამივარდა ხელში, ვიდრე აკუნინთან ჩემი მგზნებარე რომანი შედგებოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ალუზიებზე ფიქრისკენ ფილმმა უფრო მიბიძგა.

თვალშისაცემად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ორივე ნაწარმოებში მთავარი სიუჟეტური ინტრიგა ბიბლიოთეკის ირგვლივ იხლართება და ძირითად საფრთხეს ერთი კონკრეტული წიგნი წარმოადგენს. წიგნი, რომელსაც  შეუძლია, გარკვეული გავლენა იქონიოს ადამიანებზე, თუმცა მეორე შემთხვევაში ეს გავლენა განუზომლად მასშტაბური იქნებოდა. განსხვავება ის არის, რომ ეკოსთან მკითხველის სიმპათია იმ პერსონაჟების მხარესაა, რომლებიც წიგნის სააშკარაოზე გამოტანას ემხრობიან, აკუნინთან კი პირიქით. თუმცა, ბიბლიოთეკა და წიგნი მაინც რჩება სიუჟეტის მთავარ თავსატეხად. პირველ შემთხვევაში, ეს ის ნაწარმოებია, რომელსაც ადამიანებისთვის მეტი ღიმილის და ხალისის მოტანა შეუძლია, მეორეში კი… ვინ იცის… აკუნინის უსაზღვრო ფანტაზიამ ისეთი წიგნი გამოიგონა, რომლის მიერ კაცობრიობაზე მოხდენილი გავლენის განჭვრეტა და პროგნოზირება შეუძლებელია.

ასეა თუ ისე, საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ დეტექტივების მოყვარულთა კერპის – ბორის აკუნინის რომანში უმბერტო ეკოს აჩრდილმა გაიელვა.

რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ აკუნინის რომანს მსგავსი ილუზია რაიმე ზიანს აყენებს. ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მწერალმა, რომელიც ფანტასტიურად ფლობს კალამს და რომელთან ერთადაც არაერთი სასიამოვნო საღამო გამიტარებია ბუხრის პირას, სურნელოვანი ყავის ჭიქით ხელში, კიდევ ერთი გემრიელად სასუსნავი წიგნი შემოგვთავაზა, წარსულისა და თანამედროვეობის ორიგინალური მონაცვლეობით, ძალიან სახასიათო პერსონაჟებით და რაც მთავარია, იუმორით, ფათერაკებით და თავსატეხებით კარგად შეზავებული.

რაც შეეხება იმ პერსონაჟს, რომელმაც ეკოსთან ერთ-ერთი მთავარი გმირის ცხოვრებაში სამუდამოდ დატოვა კვალი, თავად კი უსახელოდ დარჩა…

აკუნინთან ის თავგანწირული და შეუპოვარი პატარა ქალია, სახელად ალტინი…

Read Full Post »

ჩემი შარშანდელი წიგნები

ქართველ ბლოგერებს ერთი ოქროს წესი აქვთ – დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელ პოსტებს წერენ და ახალ წელს ვალმოხდილნი ხვდებიან. ირლანდიური გვარ-სახელის მიუხედავად, მეც ქართველი ბლოგერი ვარ და ტრადიციას ნამდვილად არ დავარღვევდი, მაგრამ დეკემბრის ბოლოს (ანუ ათი დღის წინ) ბლოგი საერთოდ არ მქონდა და შემაჯამებელი პოსტის ნაცვლად შემწვარი გოჭის ყურებზე ვფიქრობდი.

სამაგიეროდ, ახლა მაქვს და ახლა დავწერ. დიდი ამბავი, ცოტას თუ დავაგვიანებ. 14 იანვრამდე მაინც საახალწლო რეჟიმში ვცხოვრობთ.

შემაჯამებელი პოსტის თემად, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ირჩევენ. მოლი ბლუმმა აბა სხვა რაზე უნდა დაწეროს – შარშან წაკითხულ ძალიან კარგ და ძალიან ცუდ წიგნებს გავიხსენებ.

ზაზა ბურჭულაძის “adibas”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მოწონებით ყველას მოეწონა. ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა – უბრალოდ კარგი წიგნია, მეტი არაფერიო  ( მგონი, “უბრალოდ კარგი წიგნობაც” საკმარისია).  ჩვეულებრივიაო, არავის უთქვამს.

თავის დროზე “ალი და ნინო”-ზე ამბობდნენ, ერთ ღამეში წასაკითხიაო. “adibas”-ის კითხვა ღამის 12-ზე დავიწყე, მერე ორჯერ გადავდე, სიამოვნების გახანგრძლივებას ვაპირებდი და დილისთვის ვინახავდი. ვერ მოვწყდი. 2 საათისთვის მოვრჩი.  ჩემი მეგობარი მართალია – განსაკუთრებულს არაფერს ამბობს ზაზა, თითქოს ყველაფერი ნაცნობია, ათასჯერ ნანახი და გაგონილი, მაგრამ ომზე და თბილისზე ასეთი წიგნი ჯერ არავის დაუწერია. “adibas”-ი ნამდვილი თბილისი ლაივია. სამწუხაროდ, თბილისი 2008 წლის ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა და არა მგონია, უახლოეს ხანებში შეიცვალოს.
(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,369 other followers

%d bloggers like this: