Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ექს ლიბრისი’

სანტა ესპერანსას დაგროვების ბარათი

შეიძლება, გახსოვთ კიდეც, სამიოდე თვის წინ, თბილისურ წიგნის მაღაზიებზე რომ ვყვებოდი, ერთმა, შემთხვევით შემოსწრებულმა, ვიზიტორმა ავტორსაც და კომენტატორებსაც მწარედ გვისაყვედურა – იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, წიგნები რომ ძვირიაო.

Molly Bloom’s Day, კი გეცოდინებათ, პერსონალური ბლოგია და არა ლეიბორისტული პარტიის ონლაინ რესურსი. აქედან გამომდინარე, ელექტორალური ვალდებულებებით დატვირთული არ გახლავართ, ვწერ იმაზე, რაც მაინტერესებს, მიხარია ან მაწუხებს, და, ბუნებრივია, ასეთ შენიშვნას ვერაფრით მივიღებდი.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ეს თემა ჩემთვის ღრმად სულერთია – არამცდაარამც – უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ესეც არ იყოს, თავზეხელაღებულ კრიტიკას პრობლემის მოგვარების ხერხებზე საუბარი მირჩევნია. ჰოდა, დღეს გიამბობთ, როგორ ვებრძვი კბენია ფასებს – ბიბლიოფილების უპირველეს მტერს.

(more…)

Read Full Post »

სანტა ესპერანსა - Santa Esperanza book store

ისე გამოვიდა, ასაკით ბლოგის სტუმართა უმრავლესობაზე უფროსი გახლავართ და კარგად მახსოვს, ჩემი ბავშვობის თბილისსა და ბათუმში, ლამის ყველა კუთხეში თითო წიგნის მაღაზია რომ იყო გახსნილი. თუმცა, ხარისხიანი საკითხავი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც დახლქვეშ უნდა გეძებნა.

იმასაც მოვესწარი, ქვეყანაში საკითხავი კი არა, პური რომ ჭირდა, ბიბლიოფილები ქუჩის დახლების და ვერის პარკის სახელდახელო ბაზრობის იმედად ვიყავით და კაპიკ–კაპიკ ნაგროვები ფულით ნაყიდ წიგნებს შინისაკენ ელდორადოს განძივით მივარბენინებდით.

ახლა, საბედნიეროდ, სხვა დროა და ლიტერატურული სასუსნავით იმდენი გამომცემლობა გვამარაგებს, თუ გაფაციცებული არ იყავი, რომელიმე სიახლე აუცილებლად გამოგრჩება, წიგნის მაღაზიების მოსავლელად კი ერთი ხეირიანი გზამკვლევია საჭირო.

ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი მოგეპოვებათ და მოლი ბლუმის საზოგადოების საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ბუქ–შოფებში სახეტიალოდ გამომყევით. ყველგან ცხვირის შეყოფას, ალბათ, ვერ მოვასწრებთ, მაგრამ  ხშირად რომ ვსტუმრობ, იმათ აუცილებლად მოვინახულებთ.

(more…)

Read Full Post »

ლიტერატურის, კინემატოგრაფის და სახვითი ხელოვნების სინთეზი – ასეთი რთული სახელით მოიხსენიებენ ჟანრს, რომელმაც, მდიდარი ისტორიის და პოპულარობის მიუხედავად, დღემდე ვერ შეძლო ბულვარული და არასერიოზული იმიჯის მოშორება.

ძნელია, იპოვნო ადამიანი, რომელსაც კომიქსების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა, უმრავლესობა მას რატომღაც მხოლოდ საბავშვო  საკითხავის ნაირსახეობად მიიჩნევს.

ჟანრი, რომელსაც შუა საუკუნეების ესპანეთში რელიგიური თემატიკის ნახატების გავრცელებით ჩაეყარა საფუძველი, დღეს ყველა ასაკის და გემოვნების აუდიტორიისთვის არის საინტერესო – ბავშვებისთვის მულტიპლიკაციური სიუჟეტებია მიმზიდველი, მოზარდებისთვის – სათავგადავლო და დეტექტიური თემატიკა, გემოვნებიანი და მომთხოვნი მკითხველისთვის – ავანგარდი და ასე განსაჯეთ, დახვეწილი და პიკანტური ეროტიკული გრაფიკული პროზაც კი მოიძებნება.

ევროპაში კომიქსი, დიდი ხანია, ხელოვნების დარგად არის ქცეული – საუკეთესო ნიმუშებმა ლუვრშიც კი დაიდეს ბინა. ამერიკაში ეს ყველაფერი პოპ-კულტურის ფრიად დაფასებული სეგმენტი და შტატების მკვიდრთა ცხოვრების განუყრელი ელემენტი გახლავთ. კომიქსის ნაირსახეობაა იაპონური მანგაც, სახელგანთქმული ანიმეს გრაფიკული საფუძველი.

ალბათ, უკვე დამეთანხმებით, რომ ეს “ბულვარული ჟანრი” არც ისეთი უბრალო და პრიმიტიულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

(more…)

Read Full Post »

tbilisi-book-fairდღეს მოლი ბლუმის ბლოგი კარს მომდგარი წიგნის ფესტივალის პროგრამას გთავაზობთ. ბიბლიოფილებს შეუძლიათ, ღონისძიებების ნუსხას გადახედონ, მათთვის საინტერესო აქციები, ჩატარების დრო და ადგილი მოინიშნონ და საფესტივალო დღეები წინასწარ, აუჩქარებლად დაგეგმონ.  პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, რაშიც თვალის გადავლების შემდეგ თავად დარწმუნდებით – ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და წიგნის მოყვარულთა ზეიმისთვის განკუთვნილი ოთხი დღე მაქსიმალურად დატვირთეს პრეზენტაციებით, ლექციებითა და გამოფენებით. ასე რომ, გაეცანით პროგრამას და… პავილიონებში შეხვედრამდე :)

(more…)

Read Full Post »

moomin world

ხანდახან უსაშველოდ მშურს თანამედროვე ბავშვების…

ოღონდ ციფრული ტექნოლოგიებით გასხივოსნებული ბავშვობის გამო არა – მათი თაროების მშურს, რომელზეც ისეთი წიგნების დალაგება შეუძლიათ, ჩემს ბიბლიოთეკას რომ არც დაესიზმრებოდა…

კარგად მახსოვს, როგორც კი უცხო ოჯახში მოვხვდებოდი სტუმრად, ზრდილობის ყოველგვარ წესს უგულებელვყოფდი და წიგნებისკენ გავრბოდი იმ იმედით, რომ აქამდე უცნობს და წაუკითხავს აღმოვაჩენდი რამეს… იშვიათად მიმართლებდა – მშობლები ისედაც განუწყვეტლივ მამარაგებდნენ იმხანად ხელმისაწვდომი ქართულ-რუსული საბავშვო ლიტერატურით და სიახლეებს ათასში ერთხელ  თუ წავაწყდებოდი ხოლმე.

ჩემი მაშინდელი ბიბლიოთეკა საკმაოდ მოზრდილი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ უამრავი ლიტერატურული ნუგბარი რომ აკლდა, ამას მოგვიანებით მივხვდი… თანამედროვე ბავშვებისაც სწორედ ამიტომ მშურს – ისინი ჩემს წიგნებს კითხულობენ, იმ წიგნებს, მეც რომ შემეძლო, პატარაობისას წამეკითხა და ვერ მოვახერხე. ალბათ, ამიტომ არის, რომ ჩემს ბიბლიოთეკაში საბავშვო განყოფილებას საპატიო ადგილი უჭირავს და პერმანენტულად ივსება ხოლმე. ამის გამო იყო, რომ როცა “ექს ლიბრისში” ტუვე იანსონის “მუმინების ბიბლიოთეკის” პირველი სამი წიგნი აღმოვაჩინე, სიხარულისგან თვალდაბნელებულმა ვტაცე ხელი და ჩანთაში ვუკარი თავი.

(more…)

Read Full Post »

ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ,  ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა –  მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვ­და – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.

საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.

ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს  დაწერილი “ქალი სარკეში” ,  ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები”  და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.

(more…)

Read Full Post »

ჩვენი ბავშვობის წიგნები

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს,  ქალთევზას, კაის და გერდას,  გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

(more…)

Read Full Post »

“საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს!” – სასტუმრო “ლენინგრადის” ადმინისტრატორის და საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრის ლუდმილა ივანოვას ამ პათეტიკურ შეძახილს კომუნისტური აბსურდის ანთოლოგიაში ღირსეული ადგილი უჭირავს და ციტირების სიხშირით მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების ბარე ორ აფორიზმს არ ჩამოუვარდება. ფსევდო-მორალიზმის და პურიტანობის კლასიკურ ნიმუშს ანეკდოტებშიც შეხვდებით, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზეც და კინოფილმებშიც. “ლენინგრად-ბოსტონის” ტელეხიდის გაოგნებული ამერიკელი მონაწილეების რეაქციას კი ჩანაწერის ეთერში გასვლიდან 25 წლის შემდეგაც ღიმილით იხსენებენ.

დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ პირველ კომუნისტურ სახელმწიფოში, ბუნებრივია, სექსიც არსებობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეროტიკაც. 1964 წელს, დიდი სტალინის ერთგული თანამებრძოლის, ნიტიკა ხრუშოვის ზეობის ჟამს, “ფლეიბოის” საბჭოთა ვოიაჟისა და რკინის ფარდის მიღმა გადაღებული ეროტიკული ფოტოსესიის შესახებ ლორდ ვეიდერმა ისე დაწერა (Sex in USSR და გაშიშვლებული სტალინა), სათქმელი არაფერი დატოვა. მე სხვა ამბავს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 582 other followers

%d bloggers like this: