კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.
სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.
ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.














