Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დეტექტივი’

Dame agatha christie

მოლი ბლუმი, პირველ რიგში, სტუმრების კომფორტზე რომ ზრუნავს, ახალი ამბავი არ უნდა იყოს და, რა გასაკვირია, რომ ბიბლიო-პოსტებში ენას, ხშირად, კბილს ვაჭერ ხოლმე – ზედმეტი არაფერი წამომცდეს-მეთქი. ჰოდა, ჩემო კარგებო, დღეს წინასწარ გაგაფრთხილებთ – თუ სათაური არაფერს გეუბნებათ, მაინცდამაინც ჩაკირკიტებით ნუ წაიკითხავთ, თვალი გადაავლეთ და პირდაპირ კომენტარებზე გადადით :) ამ წიგნის მთელი ხიბლი სწორედ აბსოლუტურად ორიგინალურ და მოულოდნელ კვანძის გახსნაშია, არ მინდა, ვინმეს მთელი სიამოვნება ჩავაშხამო; ოღონდ, თქვენი ანაბეჭდის დატოვებას მაინც ნუ დაიზარებთ :)

თავი კი დავიზღვიე და გაგაფრთხილეთ, მაგრამ ნამდვილად არ მეგულება დეტექტივების მოყვარული, “როჯერ ეკროიდის მკვლელობაზე” არაფერი სმენოდეს.

***

აგატა კრისტის ათეულობით დეტექტივიდან, ადრეც მითქვამს, სამი განსაკუთრებით მიყვარს და ნებისმიერი რანგის ტოპ-სიაში უყოყმანოდ მივუჩენდი ადგილს. პირველი “ათი პატარა ზანგია”, არაპოლიტკორექტული სათაურით და გამაოგნებელი ფინალით. ერთგულ და ვეტერან მკითხველებს ემახსოვრებათ, ამაზე რომ ვწერდი; მეორე – “აღმოსავლეთის ექსპრესი”,  ყველა გაგებით, კლასიკური შედევრი, ფილიგრანულად ჩახვეული ინტრიგით და მკვლელის გამოცნობის მინინალური შანსით. აი, რაც შეეხება მესამეს, სწორედ დღეს ვაპირებ, მასზე გიამბოთ.

(more…)

Read Full Post »

Agatha Christie

არ ვიცი, ვინმეს თუ მოსვლია აზრად, ამ მიმართულებით საფუძვლიანი კვლევა ჩაეტარებინა, მაგრამ თუ საქმეს მოჰკიდეს ხელი, რატომღაც, დარწმუნებული ვარ -  დღემდე ცნობილ ლიტერატურულ ჟანრებს შორის ყველაზე პოპულარული დეტექტივი აღმოჩნდება.

ძნელი სათქმელია, რისი ბრალია ეს. იქნებ, ადამიანის ბუნების – ჩვენ ხომ ყველაფერი ამოუცნობი და დანაშაულებრივი ანდამატივით გვიზიდავს. ან, იქნებ, რამე სხვა საცდური და სატყუარაა… ერთი ცხადია – იმ ჩინელი მოსამართლის ამბებიდან, ლიტერატორები კაცობრიობის ისტორიაში პირველ დეტექტივებად რომ მოიხსენიებენ, ედგარ ალან პოს “ოქროს ხოჭომდე”, ჟანრის კლასიკოსებიდან  ეკოს, ფამუქის, რევერტეს პოსტმოდერნისტულ რომანებამდე, უამრავი crime fiction-ია დაწერილი. ზოგი დახვეწილი და ფილიგრანული, ზოგიც – მდარე და უხარისხო…

თუმცა, ამ უკიდეგანო ზღვაშიც მოიძებნება წიგნები და ავტორები, რომელთა ლიტერატურულ ღირსებებში ეჭვის შეტანა დღემდე არავის უფიქრია, ბიბლიოგურმანები კი მათ აუგად ხსენებას ლამის მკრეხელობად ჩაგითვლიან.

აგათა კრისტის ათეულობით რომანიდან რამდენიმე მართლაც ისეთია, უხერხულად რომ აგაჩეჩინებს მხრებს – ამ პატიოსან ქალს ეს რამ დააწერინაო, მაგრამ “ათი პატარა ზანგი”, “აღმოსავლეთის ექსპრესთან” და “როჯერ ეკროიდის მკვლელობასთან” ერთად, ის წიგნია, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო დეტექტივთა სამეულში უყოყმანოდ რომ შეიტან და ერთი წამითაც არ დაფიქრდები – იქნებ, შევცდიო.

(more…)

Read Full Post »

Sherlock Holmes and Dr John Watson. Sherlock. BBC One

სერიალებს ჩემს ბავშვობაში მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს ეძახდნენ. სხვათა შორის, სიამოვნებით ვუყურებდი, რადგან არც უსასრულოდ გრძელდებოდა და ვერც მოსაწყენს დაარქმევდით. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მოზღვავებულმა ლათინოამერიკულმა სისულელემ კი თავი მომაბეზრა და ”საპნის ოპერებზე” ხელი, შეიძლება, ითქვას, საბოლოოდ ჩავიქნიე.

ჟანრის ნიუანსებში ბევრად უკეთ გარკვეულმა ნაცნობებმა ”ER“- იც შემომთავაზეს, “ჰაუსიც” და “სიცრუის თეორიაც”, მაგრამ გული ვერც ერთს დავუდე. თქვენ წარმოიდგინეთ, “Lost“-ის პანდემიასაც გადავურჩი – ორიოდე სერიას კი შევავლე თვალი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არც თუ უხეიროდ დაწყებული საქმე მორიგი კომერციული მარაზმისკენ მიდიოდა.

შარშან, დეკემბერში, ჩემმა მეგობარმა რომელიღაც მეორეხარისხოვან ტორენტ-საიტზე ატვირთული ახალი ბრიტანული სერიალის პირველი სამი ეპიზოდის ბმული გამომიგზავნა, თან მირჩია – უყურე, ნამდვილად არ ინანებო. რის ვაივაგლახით გადმოვწერე, ჩავრთე და…

დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ არტურ კონან დოილის შედევრალური ეპოპეის საუკეთესო ეკრანიზაცია რუსი კინემატოგრაფისტების გადაღებული მრავალსერიიანი ფილმი გახლდათ (ამაში, სხვათა შორის, თავად ბრიტანელებიც მეთანხმებიან), ახლა კი უკვე აღარ ვიცი, ძველი, ბავშვობისდროინდელი, კლასიკური ჰოლმსიანა უფრო მომწონს თუ BBC-ის ახალი “შერლოკი”.

(more…)

Read Full Post »

ვფიქრობ, ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, თუ ვიტყვი, რომ ქართველ მწერლებს დეტექტივების წერა მაინცდამაინც არ უყვართ. მიზეზების კვლევა–ძიება შორს წაგვიყვანს, ფაქტი კი ჯიუტია – სამამულო პარნასი ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას არ სწყალობს. ორიგინალ თხზულებებს ვინ ჩივის – ხეირიანი თარგმანიც სანატრელია.

სწორედ ამიტომ ველოდებოდი განსაკუთრებული ინტერესით “პალიტრა L”-ის მასშტაბურ საგამომცემლო პროექტს – მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივების მრავალტომეულს. მშვენიერი ჩანაფიქრი მაცდუნებლად იყო დაანონსებული და წესით, ჟანრის თაყვანისმცემლებს ჩინებული საჩუქარი უნდა მიეღოთ.

პირველმა ტომმა მართლაც მასიამოვნა – ჯეიმს ჰედლი ჩეიზის ” დათარსული კაცი” ორიოდე საათში შემომეკითხა. თარგმანი შესანიშნავად იყო ქართულ თარგზე მორგებული, კრეატიულად გაფორმებული გარეკანიც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…

სამწუხაროდ, ეს აღტაცება, ყოველი მომდევნო წიგნის გამოსვლასთან ერთად, დილის ნისლივით იფანტებოდა –  სერია, რომელიც შორიდან ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა, არაფრით გამორჩეული, მდარე და უხარისხო ნაწარმოებების კრებული აღმოჩნდა.

(more…)

Read Full Post »

იმედი მაქვს, ჩემს მკითხველს არ დავიწყებია, რომ მოლი ბლუმი დეტექტივების დიდი მოყვარული გახლავთ. ჰოდა, არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” ადრეულ ასაკშივე ლამის ზეპირად ვისწავლე. არადა, მთავარი გმირის ბავშვობაზე ფიქრი ერთხელაც არ მომსვლია თავში. მგონი, გულწრფელად მჯეროდა, რომ განთქმული მაძებარი თავზე უჯრულა კეპით, ხელში ლუპით, პირში ჩიბუხით და, რაც მთავარია, დედუქციის უბადლო ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა.

როგორ ჩანს, ბრიტანელი მწერალი ენდრიუ ლეინი მიხვდა, რომ არტურ კონან დოილს მრავლად მოეძებნებოდა ჩემსავით გულუბრყვილო მკითხველი და გადაწყვიტა, ჩვენთვის ილუზიები გაეფანტა. ასე მოევლინა ლიტერატურულ სამყაროს სერია “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი”, რომლის პირველი წიგნი – “სიკვდილის ღრუბელი” სულ რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა ხელში.

(more…)

Read Full Post »

Arturo Pérez-Reverte Gutiérrez

Cartagena, España

სენიორ არტურო!

ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ  ნახევარი საათი დამჭირდა.

დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმარებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე, მეზობელ ბლოგზე, მშვენიერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.

(more…)

Read Full Post »

umberto ecoსაყვარელი მწერალი არასოდეს მყოლია. ეს გამოთქმა, ზოგადად, ძალიან არაკორექტული მეჩვენება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყო კონკრეტული ავტორის შემოქმედებით, ერთხელ მაინც დაწერს რაიმე ისეთს, რაც დიდად არ მოგხიბლავს, სუსტი და მიფუჩეჩებული მოგეჩვენება ან სულაც შინაგანი პროტესტის გრძნობას გამოიწვევს; მეორეც, იმიტომ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც კითხვა უყვარს და, შესაბამისად, დიდი არჩევანი აქვს, ძალიან რთულია, ერთპიროვნული უპირატესობა ვინმეს მიანიჭოს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ლიტერატურული ღირსება, ჩემს თვალში, კეისრის ცოლისა არ იყოს, არასოდეს დადგება ეჭვქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც მკითხველის იღბლიანობად მიმაჩნია, რომ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა, შუა საუკუნეების ისტორიის და სემიოლოგიის სპეციალისტმა, კრიტიკოსმა და ესეისტმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მხატვრულ პროზაში ეცადა ბედი.

(more…)

Read Full Post »

The Jade Rosary

მისი სახელი იაპონურად “ცუდ ადამიანს” ნიშნავს….

არადა, ეს კაცი იაპონელებმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვეს…

არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი მწერალმა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაზე წესიერი, პრინციპული და კეთილშობილი მაძებარია მსოფლიოს გამოჩენილ დეტექტივთა გალერეაში…

ფსევდონიმის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველაზე გავრცელებული ცნობილი ანარქისტის – მიხაილ ბაკუნინის პატივსაცემად სახელის არჩევაა, მაგრამ მთავარი ეს როდია.

ამ წვიმიან კვირა დღეს ბორის აკუნინის კრებული - “ნეფრიტის კრიალოსანი” გამახსენდა, სადაც მწერალმა გადაწყვიტა, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსთა მიმართ პატივისცემა გამოეხატა თავისებური, ორიგინალური მანერით და, ამავე დროს, ერასტ ფანდორინის ციკლში დარჩენილი ქრონოლოგიური ჭუჭრუტანები რამდენიმე მომცრო ზომის ნაწარმოებით შეეევსო.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,374 other followers

%d bloggers like this: