Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბორის აკუნინი’

Борис Акунин

“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც ვერ მოვიშორე. მეჩვენება, რომ მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა მაინც ვერ მოვახერხე, ბოლომდე ვერ გაგიზიარეთ ემოციები, მისი წყალობით რომ განვიცადე.

საინტერესოა, როდესაც ის კალამს ჰკიდებდა ხელს, იცოდა თუ არა, რომ ზუსტად იმ გზას დაადგა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი… რომ ყველაფერი ამ გზაზე, ნებისმიერი წარმატება თუ დაბრკოლება, ტრიუმფი თუ იმედგაცრუება, იღბალი თუ უიღბლობა, ყველა კენჭი და ბილიკზე დაცემული ყველა ფოთოლი მთლიანობაში შექმნიდა ბორის აკუნინს – უსაზღვრო წარმოსახვის მქონე, თამამი ექსპერიმენტებისა და ნოვაციების მოყვარულ მწერალს – შემოქმედს ავანტიურისტის სულით.

ასე იყო თუ ისე, მისმა ერასტ ფანდორინმა ჭკუის, სიმამაცის, უსაზღვრო ინტელექტისა და ქარიზმის წყალობით  ათასობით მკითხველის გული მოინადირა და ავტორის ამოუწურავი ფანტაზია დაუყოვნებლივ სხვა მიმართულებით ამუშავდა.

პროექტი “ჟანრები“ ფანდორინის ციკლზე ნაკლებ წარმატებული როდი გამოდგა – სხვისი არ ვიცი, მე კი “საბავშვო წიგნი“, “ჯაშუშური რომანი“, “ფანტასტიკა“, და “კვესტი“ ელვის სისწრაფით შევისრუტე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეგობარმა მოსკოვიდან თბილისელი ბიბლიოფილებისათვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი კინორომანი “სიკვდილი ვახტანგურად“ ჩამომიტანა.

(more…)

Read Full Post »

ვფიქრობ, ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, თუ ვიტყვი, რომ ქართველ მწერლებს დეტექტივების წერა მაინცდამაინც არ უყვართ. მიზეზების კვლევა–ძიება შორს წაგვიყვანს, ფაქტი კი ჯიუტია – სამამულო პარნასი ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას არ სწყალობს. ორიგინალ თხზულებებს ვინ ჩივის – ხეირიანი თარგმანიც სანატრელია.

სწორედ ამიტომ ველოდებოდი განსაკუთრებული ინტერესით “პალიტრა L”-ის მასშტაბურ საგამომცემლო პროექტს – მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივების მრავალტომეულს. მშვენიერი ჩანაფიქრი მაცდუნებლად იყო დაანონსებული და წესით, ჟანრის თაყვანისმცემლებს ჩინებული საჩუქარი უნდა მიეღოთ.

პირველმა ტომმა მართლაც მასიამოვნა – ჯეიმს ჰედლი ჩეიზის ” დათარსული კაცი” ორიოდე საათში შემომეკითხა. თარგმანი შესანიშნავად იყო ქართულ თარგზე მორგებული, კრეატიულად გაფორმებული გარეკანიც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…

სამწუხაროდ, ეს აღტაცება, ყოველი მომდევნო წიგნის გამოსვლასთან ერთად, დილის ნისლივით იფანტებოდა –  სერია, რომელიც შორიდან ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა, არაფრით გამორჩეული, მდარე და უხარისხო ნაწარმოებების კრებული აღმოჩნდა.

(more…)

Read Full Post »

kindle

ამბობენ, ადამიანი ასაკთან ერთად იცვლებაო… ხმაურიან კლუბში თუხთუხს ტელევიზორის წინ, ფუმფულა სავარძელში მოკალათებას არჩევს, წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალს – მყუდრო კაფეს და ფინჯან ყავას, გადაბმულ ღამისთევას – გემრიელ დილის ძილსო…

ოცდაცამეტი წლის გადმოსახედიდან უკვე შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგი რამ მაინც უცვლელი რჩება – სათამაშოებისა და საჩუქრების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და  დღემდე არ გამნელებია.

ორიოდე კვირის წინ გაკვრით ვახსენე – “ამაზონზე” დავხეტიალობ და რიდერს ვარჩევ-მეთქი. აი, ისიც – ჩემი პირველი “ქინდლი”, ახალი სათამაშო, რომელიც, ამავდროულად, საყვარელი ადამიანის საჩუქარია.

(more…)

Read Full Post »

დღეს ბლოგის არქივს ვათვალიერებდი და რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმისთვის მიცემულ ინტერვიუს წავაწყდი. გადავხედე და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, ზოგიერთ საკითხზე მოლი ბლუმის შეხედულება ჩემი მკითხველისთვისაც გამეცნო – კითხვა–პასუხი, ვგონებ, უინტერესო არ უნდა იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუში გამოთქმული აზრები თქვენს პროტესტს გამოიწვევს, დისკუსიისთვის ყოველთვის მზად გახლავართ.

გიორგი კილაძე:  “მოლი ბლუმი”, საინტერესო ფსევდონიმია…  მიზეზთა გამო ჩავთვალოთ დღეს 16 ივნისია… კითხვა პირველი:   მოლი ბლუმის ლიტერატურული და არა მარტო  ლიტერატურული CV.

მოლი ბლუმი: ჩავთვალოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო :) პატარა, ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს… ახლა თბილისში ვცხოვრობ, პროფესიით იურისტი გახლავართ, ლიტერატურული ამპლუას მიხედვით კი – მკითხველი.

“მოლი ბლუმის ჰედონისტური მანიფესტი” სატირაა თუ იუმორი?

ვფიქრობ – არც ერთი. მინდოდა, მკითხველისთვის მინიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემ შესახებ და ეს ფორმა ავირჩიე.  ფერადი და სიმპათიური ჩამონათვალი გამოვიდა. ამბობენ, ადამიანს ის უფრო მკვეთრად ახასიათებს, რაც არ უყვარსო, მაგრამ  “სავიზიტო ბარათში” ნეგატიურ ჟღერადობას მოვერიდე.

ბლოგერი ხარ, ვიცი. რა არის შენთვის ბლოგერობა? საერთოდ, რატომ ხდებიან ბლოგერები?

ბლოგი ყველასთვის პირველ რიგში “express yourself” ოფციაა, ჩემთვის კი, ამასთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაც იყო. არასოდეს არაფერი დამიწერია.  კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვწერ – ეს ყველაფერი ხმამაღლა ფიქრს, ბლოგის სტუმრებისთვის აზრების გაზიარებას უფრო ჰგავს… მკითხველთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ და ეს პროცესი, ჯერჯერობით, მოსაწყენად არ მეჩვენება. პირიქით, სულ უფრო და უფრო მითრევს.  ბლოგინგს რაც შეეხება, ბუნებრივია, ვწერ იმას, რაც პირველ რიგში, თავად მაინტერესებს. თან ვცდილობ, სათქმელი მკითხველთან სწორად მივიტანო. უმეტეს შემთხვევაში, ასეც ხდება.

(more…)

Read Full Post »

Aka Morchiladze. Mr Deaxley's Silent Box

მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ მოლი ბლუმის ბლოგი Jeopardy!-ის თემების სიმწირეს არ უჩივის. ინტელექტუალური შეჯიბრებისათვის პაკეტის შედგენა არც ამჯერად გამჭირვებია – არჩევანი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე შევაჩერე. აქვე მინდა, გითხრათ, რომ როდესაც კითხვებს ვწერდი, ფსევდოპატრიოტული მოტივებით და მყვირალა მოსაზრებებით ნამდვილად არ ვხელმძღვანელობდი, არ ჩამითვლია, რომ ჩემი, როგორც ქართველი ბლოგერის წმინდათაწმინდა მოვალეობაა ეროვნული თემატიკის წინ წამოწევა. უბრალოდ, ვფიქრობ, დღეს არიან ისეთი სახეები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და, დამერწმუნეთ, ძალიან კარგად ართმევენ ამას თავს. მათი შემოქმედება, ისევე, როგორც ნებისმიერი რამ, რაზეც კი ოდესმე პოსტი დამიწერია, ჩემთვის მეტად ახლობელი და ფასეულია. 21-ე საუკუნეში ჩვენ მართლაც ნიჭიერი მწერლები გვყავს, რომლებიც იმსახურებენ, რომ მათ, რაც შეიძლება, მეტი ხალხი იცნობდეს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღევანდელი პაკეტი ავკინძე და შემო­გთა­ვაზეთ.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

The Jade Rosary

მისი სახელი იაპონურად “ცუდ ადამიანს” ნიშნავს….

არადა, ეს კაცი იაპონელებმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვეს…

არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი მწერალმა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაზე წესიერი, პრინციპული და კეთილშობილი მაძებარია მსოფლიოს გამოჩენილ დეტექტივთა გალერეაში…

ფსევდონიმის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველაზე გავრცელებული ცნობილი ანარქისტის – მიხაილ ბაკუნინის პატივსაცემად სახელის არჩევაა, მაგრამ მთავარი ეს როდია.

ამ წვიმიან კვირა დღეს ბორის აკუნინის კრებული - “ნეფრიტის კრიალოსანი” გამახსენდა, სადაც მწერალმა გადაწყვიტა, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსთა მიმართ პატივისცემა გამოეხატა თავისებური, ორიგინალური მანერით და, ამავე დროს, ერასტ ფანდორინის ციკლში დარჩენილი ქრონოლოგიური ჭუჭრუტანები რამდენიმე მომცრო ზომის ნაწარმოებით შეეევსო.

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას, მიზეზთა გამო, ალბათ, არ ახსოვს ოდესღაც ძალზე პოპულარული საბჭოთა დეტექტიური სერიალი «Следствие ведут знатоки»; მით უმეტეს, არ გემახსოვრებათ  «Следствие ведут колобки»,   ფილმის ერთგვარი მულტ-პაროდია. ორი კერძო მაძებარი – შეფი და კოლეგა – ზოოპარკიდან გამქრალი სპილოს საქმეს იძიებს და გზადაგზა ათას ფათერაკს აწყდება.

ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა მულტფილმის შესახებ სხვა დროს გიამბობთ, დღეს კი,  Jeopardy!-ის მორიგ ტურში, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ლიტერატურული გმირები – დეტექტივები და კერძო მაძებრები გავიხსენოთ.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

 რუსული სატელევიზიო ინტელექტუალური კაზინოს და ქართული “ინტელექტკლუბის” მაყურებელს, ალბათ, ძალიან კარგად ახსოვს ორივე გადაცემის “ქუდი” – უკვე წლებია, რუსი და ქართველი ერუდიტების შერკინება მაყურებელთან ჩაიკოვსკის “პიკის ქალის” ერთი მუსიკალური ფრაზით იწყება – “что наша жизнь – игра…”

“რა? სად? როდის?”  დიდი ხანია, ვუყურებ. მითამაშია კიდეც და აქ ამ თემას გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. ესეც არ იყოს, მოლი ბლუმის ბლოგს, ვფიქრობ, ზუსტად რომ თამაშის ელემენტები და მცირეოდენი გახალისება არ აწყენდა. ამიტომ, ექსპერიმენტის სახით, ლიტერატურულ ვიქტორინას გთავაზობთ.

დასაწყისისთვის 15 კითხვა შევარჩიე – არც იმდენად რთული, ბლოგის მონახულების სურვილი დაგიკარგოთ და არც იმდენად იოლი, თამაში მოსაწყენი გახდეს. თუ ნოვაცია წარმატებული აღმოჩნდება, აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემს სტუმრებს  მსგავსი თავშესაქცევი მომავალშიც არ მოაკლდეს. ახლა კი დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ინტელექტუალური თამაშების და, უბრალოდ, კითხვის მოყვარულებს სიამოვნების ხუთი წუთი გელით.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,368 other followers

%d bloggers like this: