მართალია, მოლი ბლუმის ბლოგს მეტწილად უფროსები სტუმრობენ, მაგრამ, მერწმუნეთ, საინტერესო საკითხავი პატარებისთვისაც უხვად მოიძებნება. ვერაფრით დავუშვებდი, რომ ჩემს ნორჩ ვიზიტორებს, მეტისმეტად სერიოზული თემების გამო, თავი დაჩაგრულად ეგრძნოთ, ამიტომ, საგანგებოდ მათთვის, საბავშვო გვერდი შევქმენი.
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანიდაგგვიანებიათო.
სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.
ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.
მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო
ჯაკომონი კი შემეცოდა ბოლოს – ვინ იცის, საყვარელ პარიკებს მდინარეს რომ ატანდა, როგორ იტანჯებოდა. რაღაცას ეუბნებოდა
კიდევ, მაგრამ ვერ გავიგონე – ჯელსომინო რომ მღეროდა და სვეტს ანგრევდა, იქ ვიყავი, ჰოდა, ცოტა არ იყოს, დავყრუვდი.
კიდევ კარგი, პოსტის წერას სმენა არ სჭირდება, თორემ ცუდად იქნებოდა საქმე.
არა, ხომ ვართ ბლოგერები ყველაზე მაგარი ხალხი? ფეხცანცარაზე ვამბობ, რასაკვირველია…
აივენჰო, გულივერი, მაუგლი და სხვები – უკან, ბავშვობაში
დასაწყისი ახლობელი და მშობლიური გამოდგა – “ტომ სოიერის თავგადასავალი“ ორ ეგზემპლარად მომეძებნებოდა შინ, მაგრამ ეს
სულ სხვა იყო – მალე იმდენი ნაცნობი და საყვარელი წიგნი მივუსკუპე გვერდით, თვალის მოწყვეტა მიძნელდება ხოლმე. ამ სერიის წყალობით სიყრმისეული პერსონაჟები თითქმის სრული შემადგენლობით დავაბინავე თაროზე. ახლა გადავხედავ და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ყველანი აქ არიან – უშიშარი მაძებარი კალე ბლუმკვისტი და მისი მეგობრები, ჭკვიანი ინჟინერი სმიტი და კაპიტანი ნემო, მამაცი რაინდი აივენჰო და მშვენიერი როენა, რობინზონი თავის პარასკევასთან ერთად, ყოჩაღი დ’არტანიანი და კეთილშობილი მუშკეტერები, საბრალო ბიძია თომა და ოქროსთმიანი ევა, ჩემი საყვარელი მეფე მათიუში, იდუმალებით მოცული გრაფი მონტე–კრისტო, მოუსვენარი მოგზაური გულივერი და ვინ აღარ…
ისე, ერთი შეხედვით, სასაცილო არაფერი იყო. აბა, წარმოიდგინეთ, რომ პოლი გქვიათ, თაგვი ბრძანდებით, თანაც უცნაური – ყველზე
ალერგია გაქვთ თუ შემთხვევით ამ სასარგებლო რძის პროდუქტს სადმე გადაეყარეთ, დუნდულები გილურჯდებათ და კუდი კითხვის ნიშანივით გერკალებათ. მინდა, მოგახსენოთ, რომ ეს ფრიად სერიოზული პრობლემაა – იძულებული ხარ, სპეციალური, ყველსაწინააღმდეგო კოსტიუმი ატარო და შენი გასაჭირი თანამოძმეებს დაუმალო. აბა, ვის გაუგონია, თაგვს ყველი სწყენდეს?
არ მკითხოთ, ასე ზედმიწევნით საიდან იცი, როგორ გამოიყურებიანო. საიდან და ისეთი ილუსტრაციებია ყოველ გვერდზე, ერთ
წიგნად ღირს. ვერ გეტყვით, ვინ არის ეს ლიზი დუნკანი, მაგრამ თავისი საქმის ოსტატი რომ გახლავთ, ცხადზე ცხადია. ერთი შეხედვითაც მიხვდებით, თითოეულ ნახატზე რამდენი უფიქრია – ჯერ მარტო ქროლივუდის რუკაა ისეთი, სამგზავროდ მზადებას დაგაწყებინებს. ვეღარ მოისვენებ, ისე მოგინდება, ამ უცნაურ ქვეყანას მიაგნო და კუნჭულ-კუნჭულ მოჩხრიკო. ახლა საზიზღარი წვეროსნების მიერ დატყვევებულ, მინის ქილებში გამომწყვდეულ ტოლინებს რომ დაინახავ, რაღა გაგაჩერებს – დაიჭერ ლიზი დუნკანის რუკას ხელში, რკინის ქალამნებს ამოიცვამ და ამ საყვარელი პაწაწუნების დასახმარებლად გაეშურები.
თეთრი ვარდები ბანდიტების კვალდაკვალ
რას არ გაკეთებინებს შიმშილი ადამიანს… წარმომიდგენია ვიქტორ ბლუმკვისტის სახე, როცა აღმოაჩენდა, რომ მისმა საყვარელმა
ვაჟიშვილმა ერთი თვის ჯამაგირის ანგარიშში ნახევარი დუქანი დაუცარიელა. ისე, უდანაშაულო ხალხის გადარჩენაზე რომ მიდგება საქმე, კილოგრამობით ძეხვი, კარაქი, სოსისი, ყველი, შოკოლადი, შაქარი და კაკაო რაღა მოსატანია – წინ, საგმირო საქმეებისაკენ! შხერებში კუნძული გველოდება, სადაც რასმუსი გულჩვილ ბანდიტ ნიკეს აგიჟებს, ევა-ლოტა კი არამზადა ინჟინერი პეტერსის ნერვებზე თამაშობს. თურმე, ტყვეობაშიც შეიძლება, თავი შეიქციოს კაცმა, თანაც როგორ…
მგოსანი ბიდლის ჯადოსნური ზღაპრები
მაშინ, რასაკვირველია, წარმოდგენაც არ მქონია, რომ სადღაც, შორს ისეთი ბავშვები ცხოვრობდნენ, სულ
სხვა ამბებს რომ ისმენდნენ ძილის წინ. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ყურიც კი არასოდეს მოეკრათ ეშმაკი კომბლეს, მზაკვარი ბაბა-იაგას, მოხერხებული პეტრუ-ნახშირიჭამიას თავგადასავლებისთვის, მაინც ალმაცერად გვიყურებდნენ და გულის სიღრმეში ვეცოდებოდით კიდეც – მათ თვალში საბრალო, უვიცი პატარა მაგლები ვიყავით, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ შუა საუკუნეებში იორკშირელმა მგოსანმა ბიდლმა გასაოცარი ზღაპრები დაწერა.
მოლი ბლუმის და პიტერ ბლადის ოდისეა
ამის მერე კიდევ რამდენჯერმე გავედით ზღვაში. “არაბელად” მონათლული საფლაგმანო ხომალდის
უკანასკნელი ბრძოლაც ჩემი თვალით ვნახე და ბლადის ცრემლებიც, იმ მატრაკვეცასთან კაპიტნის შეხვედრასაც ვუთვალთვალებდი (მინდა, გითხრათ, სულაც არ მრცხვენია) და როცა მივხვდი, რომ ჩვენს ხიფათით აღსავსე ცხოვრებას გაგრძელება აღარ ეწერა, დანანებით დავხურე წიგნი, როგორც კარს მიუკეტავენ ხოლმე სახლიდან წასულ ადამიანს.
ამ ყველაფერმა ელვის სისწრაფით ჩამიქროლა თვალწინ და მხოლოდ კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ყურებამდე პირგახეული,
ბრიყვულ-ბედნიერი გამომეტყველებით ვიდექი შუა მაღაზიაში და მივიწყებულ, თუმცა ძველებურად საყვარელ წიგნს ვფურცლავდი… მერე რა, რომ ილუსტრაციებიც სხვა იყო, გვერდებიც – ახალი და პრიალა, აქ ისევ ის გმირები ცხოვრობდნენ, რომლებმაც პატარა მოლის გულში სამუდამოდ დაიდეს ბინა და ახლა, შორეული კუნჭულიდან თავდახსნილები, ხელს მიქნევდნენ, მეფერებოდნენ და მეალერსებოდნენ.
ჰოდა, თავი უკვე ზრდასრული, დაბრძენებული და დაღვინებული რომ გგონია, უცებ მიხვდები, რომ ამ
სიფრიფანა ბიჭმა შენზე ბევრად მეტი იცის. ისეთ საოცარ რამეებს გასწავლის, რაზეც არასოდეს დაფიქრებულხარ. თავის პაწაწინა პლანეტაზე გიამბობს – როგორ აკრიალებდა და ასუფთავებდა ჯუჯა ვულკანებს, როგორ უვლიდა ვარდს და გულზე შემოწოლილი სევდის გასაქარვებლად როგორ უყურებდა მზის ჩასვლას დღეში ორმოცდაოთხჯერ… აი, ამას რომ გეტყვის, ცრემლი თუ არ მოგადგა თვალზე, წასული ყოფილა შენი საქმე – უიმედოდ გაზრდილხარ… იმასაც გასწავლის, ადრე თვითონაც რომ არ იცოდა და მხოლოდ B612 ასტეროიდის მიტოვების შემდეგ გაიგო – რომ პასუხს აგებ მათ წინაშე, ვინც მოიშინაურე… რომ შენი ვარდი, თუნდაც ათასობით სხვა ვარდისგან არაფრით გამოირჩეოდეს, მაინც განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ შენია – უვლიდი, ზრუნავდი, ხოჭოებისგან და ქარისგან იცავდი… რომ მეგობრის ყოლა მაშინაც კი დიდი ბედნიერებაა, როდესაც უდაბნოში გზააბნეულს, შიმშილითა და წყურვილით სიკვდილი გემუქრება…
აი, ასე ვცხოვრობდი ბისეტის სამყაროში – ხოჭო–ფილოსოფოსის, მისის ქვითინას, მფრინავი გოჭუნას,
პატარა და საყვარელი ურჩხულის, მისტერ კატანიანგის, ყვანჩალა ალისას გარემოცვაში და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ძალიან მიყვარდა იმ ამბის მოსმენა, როგორ დადიოდა მეფე სემუელი ბებიასთან, ჩაის დასალევად, პოლისმენი არტურის და მისი ონავარი ცხენის - ჰარის ისტორიაზე გულიანად ვხითხითებდი და ფოსტალიონი რომ მოდიოდა, თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი – ჭრაჭუნა ფეხსაცმელი თუ აცვია–მეთქი.
ჰოდა, ახლა მითხარით, რა გული მოუთმენდა პატარა ხახვუნიას, როცა მშობელი ასეთ დღეში ეგულებოდა?
დატრიალდა ჩიპოლინო, მოახლე გოგო მარწყვა და შინაურებისგან თავგაბეზრებული, მარტოსული ბიჭი – გრაფების შთამომავალი ალუბალა შეიამხანაგა. თანასოფლელებსაც ჩამოურბინა და მარტო ერთგული მეგობრები – ბოლოკა და პრასა კი არა, დინჯი პროფესორი მსხალა, მეწაღე ყურძენა და ნათლიდედა გოგრიკოც აიყოლია. შეთქმულებს ვაივაგლახით აშენებული სახლის დაკარგვით გამწარებული ნათლიმამა გოგრაც შეუერთდა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო…
ძილის წინ არწასაკითხი ზღაპრები
ამბობენ, დანიელ მწერალს საკუთარი ზღაპრები ჭირის დღესავით სძულდაო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და,
არ მჯერა. უბრალოდ, ისეთ ისტორიებს გვიამბობდა, ლოგინში ჩათბუნებულმა, სიბნელეში თვალებმილულულმა ბავშვებმა რომ არ უნდა მოისმინონ – პატარა, ალერსით განებივრებული გულებისთვის ასანთის გამყიდველი გოგოს ისტორია ზედმეტად ნაღვლიანია… კაცმა რომ თქვას, “კალის მედგარ ჯარისკაცს“ ზღაპარსაც ვერ დაარქმევ მაინცდამაინც. ვერც “პატარა იდას ყვავილებს“, ვერც “ქალთევზას“… მეტისმეტად ბევრი ტკივილია მათში, ოღონდ, ისეთ სინათლეში და სიფაქიზეში გახვეული, როგორც ვიოლინოზე შესრულებული მინორული მელოდია… “თოვლის დედოფალიც“ კი, პატარა გერდასა და კაის სიყვარულით, ერთგულებითა და თავგანწირვით გაჯერებული ამბავი – წაიკითხავთ და აუცილებლად იგრძნობთ, როგორ მოგიჭერთ გულზე ცივი მარწუხი…
ჩემს ბავშვობაში, სამწუხაროდ, ძიძების ინსტიტუტი არ არსებობდა – ბებიების თემა უფრო აქტუალური
გახლდათ. შინ მეც ორი დიდედა მყავდა, თან ისეთი მზრუნველები და მოსიყვარულეები იყვნენ, ისე მანებივრებდნენ და მევლებოდნენ თავს, რომ გაეგოთ, ქარიან ამინდში ჩუმჩუმად დაძვრება ბაღში და ქოლგით მონარნარე ძიძის მოლოდინში ცას მისჩერებიაო, გული გაუსკდებოდათ.
იმედი მაქვს, ჩემს მკითხველს არ დავიწყებია, რომ მოლი ბლუმი დეტექტივების დიდი მოყვარული
გახლავთ. ჰოდა, არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” ადრეულ ასაკშივე ლამის ზეპირად ვისწავლე. არადა, მთავარი გმირის ბავშვობაზე ფიქრი ერთხელაც არ მომსვლია თავში. მგონი, გულწრფელად მჯეროდა, რომ განთქმული მაძებარი თავზე უჯრულა კეპით, ხელში ლუპით, პირში ჩიბუხით და, რაც მთავარია, დედუქციის უბადლო ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა.
მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!
მახსოვს ეს ყველაფერი და ცხოვრების ბოლომდე გადაუხდელ ვალში ვიქნები იმ ქალის წინაშე, ზუსტად 104
წლის წინ შვედეთში რომ დაიბადა.
ვალში ვიქნები ჩემი ბავშვობის გამო, რომელიც მისი წყალობით ახლაც გრძელდება.
ვერასოდეს დავუბრუნებ იმ საოცარ სინათლეს, სიფაქიზეს და ბედნიერებას, მისმა გმირებმა რომ მომიტანეს.
ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ მთელი ქვეყნის გასაგონად მივულოცო დაბადების დღე და გულწრფელად და ალალად ვუთხრა:
– მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!
მოკლედ, ეს პატარა ჯუდი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი და სასაცილო არსებაა. წერილიდან წერილამდე
იცვლება, იზრდება და ჭკვიანდება, თუმცა იდეალური სულაც არ არის – ხან გამოცდაზე იჭრება, ხან, კბილის ტკივილით შეწუხებული, საზიზღარ წერილებს წერს, ხან კლასის მამასახლისის არჩევნებში მონაწილეობს და ინტრიგებს ხლართავს, ხან რომელიღაც ძელზე მიბობღავს, ხან აბრეშუმის წინდებს ყიდულობს მდიდარი თანაკურსელის გამოსაჯავრებლად, ზოგჯერ კი ისეთი პრინციპული და ჯიუტია, გაგიკვირდებათ…
კარლსონი – სახურავის სევდიანი ბინადარი
მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმრავლესობაც, სახურავის ბინადარ კარლსონს ღრმა
ბავშვობიდან ვიცნობთ. ისიც ვიცი, რომ ვასასტანელი ბიჭუნას ღორმუცელა მეგობრის ხსენებაც კი მხიარულ ღიმილს იწვევს და ოინბაზობის გუნებაზე გვაყენებს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ – მსოფლიოში საუკეთესო გადია, მეხანძრე, მშენებელი და შინამტანჯველების მომთვინიერებელი გულის სიღრმეში საოცრად ეული და მარტოსული არსებაა.
კაცი, რომელსაც ბავშვები ძლიერ უყვარდა
კაცი, რომელმაც “მეფე მათიუშ პირველი” დაწერა და ისე ღრმად ჩაიხედა ბავშვების სულში, როგორც სხვას
არავის მოუხერხებია…
ვინც გვირგვინოსანი ბავშვის ტვირთის სიმძიმე საკუთარ ზურგზე გვაგრძნობინა…
ვინც პატარა მონარქის გულუბრყვილო და დიადი მიზნების გამო ღიმილი მოგვგვარა…
ვინც ცხარე ცრემლით გაგვაცილებინა მეფე მათიუში ჯერ უკაცრიელ კუნძულზე, მერე კი უფრო შორს – იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან…
ვინც მიატოვა ექიმის შემოსავლიანი კერძო პრაქტიკა, რათა უპატრონო ებრაელი ბავშვებისათვის „ობოლთა თავშესაფარი“ დაეარსებინა და სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მათზე…
ვის არ შეხვდებით ტელეფონით ნაამბობ ზღაპრებში – შოკოლადის კვერცხიდან გადმოსკუპებულ წკიპა
კოსმონავტს, ბედოვლათ მონადირე ჯუზეპეს, პაწაწუნა ალისა-ქარისას, ბაბუას შემთხვევით ბოთლში რომ ჩაუვარდა, ლურჯად აკიაფებულ შუქნიშანს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მიუხვდნენ, ზეცისკენ მიმავალ გზაზე რომ ანიშნებდა… მსუნაგეთის სამეფოშიც მოხვდებით, მუცელა მეფეების დინასტია რომ მართავს და ლავენოელი სინიორის გაქცეული ცხვირის ამბავსაც შეიტყობთ.
და იწყება საშიში გზა, სადაც ერეკლეს და გამახელას პატარა, სასაცილო მაქციები, მრისხანე გველვეშაპი -
გველისფერი, მორგვები და წყლის პატრონი ელოდებიან. სადაც ყოველი ნაბიჯი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს… მაგრამ ეს გზა გასავლელია. სხვაგვარად არაფერი ეშველება ნისლში ჩაკარგულ ქვეყანას, ამაო აღმოჩნდება პატარა მახარესა და მოხუცი ანანიას თავგანწირვა, უშიშრად რომ მოიკვლევენ გზას ბურუსიდან, უვალ ბილიკებს ათვინიერებენ და სასოწარკვეთილ ადამიანებთან იმედის სხივი მიაქვთ.
ანე–კატარინე ვესტლი – სინათლე ჩვენს სულებში
მინდოდა, მთელი დანაზოგით გუგულიანი საათი მეყიდა აუქციონზე…
მინდოდა, ქუჩაში უსაყვარლესი ტაქსა მეპოვა და შინ წამომეყვანა, რომელსაც მერე მაჩუქებდნენ და უცნაურ სახელს –სამოვრის მილს – დავარქმევდი…
მინდოდა, მეზობლის სახლი ხანძრისაგან მეხსნა და შინ გმირივით დავბრუნებულიყავი…
მინდოდა, შუაგულ ტყეში მდგარ ძველ სახლში გადავბარგებულიყავი, რომელიც მიმიღებდა, შემიყვარებდა და მეც შევიყვარებდი, ისე, რომ ვერავინ დამაჯერებდა, თუ სადმე უკეთესი საცხოვრებელი არსებობდა…
მინდოდა, ულე–ალექსანდრესავით ერთგული მეგობარი შემეძინა…
მინდოდა, სააღდგომო არდადეგებზე მთებში გავმგზავრებულიყავი, სადაც ბევრზე ბევრი თოვლი, ულამაზესი მწვერვალები და გაყინული ტბა დამხვდებოდა და სადაც ყველაზე უჩვეულო საწოლში – თივით სავსე ბაგაში დავიძინებდი პატარა ხბოსავით…
ასეთი სახლის ბინადრებს, წესით, კერიის მიტოვების სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ, მაგრამ როცა პლანეტას
უზარმაზარი კომეტა ემუქრება, სხვა რა გზაა – პატარა მუმინტროლი და მისი მეგობარი სნიფი წარბშეუხრელად დაადგებიან შორეულ გზას ობსერვატორიისკენ – ხომ უნდა გაიგონ, რა ელის დედამიწას? მერე რა, რომ ასტრონომებთან შეხვედრის შემდეგ შიშით გულგახეთქილები ბრუნდებიან უკან, სამაგიეროდ, მუმინების ხეობაში ახლად შეძენილი ერთგული მეგობრები მოჰყავთ – თავგადასავლების დაუღალავი მაძიებელი სნუსმუმრიკი, კოკისპირულად განათლებული და უცნაური ჰემული და გულისამაჩუყებლად მომხიბლავი ფრეკენ სნორკი, მუმინტროლის ფუმფულა სატრფო, სასაცილო კუდით და ფეხზე შებმული ოქროს რგოლით, მუდმივად რომ კეკლუცობს და შეყვარებულისთვის მირთმეულ საკუთარ საჩუქრებზეც კი ეჭვიანობს…
ჩემი ბავშვობის წიგნებიდან ყველაზე გემრიელად სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების
საოცარი მოგზაურობა” მახსენდება (ზაფხულში წავიკითხე და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა – ეს წიგნი, თავიდან, გეოგრაფიის სახელმძღვანელოდ იყო ჩაფიქრებულიო, ვერ დავიჯერებდი – სახელმძღვანელოებზე მაშინ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა), მოსკოვის ოლიმპიადიდან საჩუქრად ჩამოტანილი, ფერადი და მხიარული, ულამაზესი ილუსტრაციებით სავსე “ჩიპოლინო” დღემდე ღიმილს მგვრის – მახსენდება, პატარა ხახვებს, გოგრიკოს, მარწყვას, ალუბალას, ათასფეხას როგორ ვგულშემატკივრობდი… “ვინი პუჰის” არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი, დაძინებით ისე არ ვიძინებდი, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან ერთი ტომი მაინც არ გადამეფურცლა (განსაკუთრებით აფრიკულმა და იტალიურმა ზღაპრებმა მომხიბლა)… რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენისთავგადასავალმა” გულიანად მაცინა, ანდერსენის ასანთის გამყიდველ გოგონაზე დარდით კი ლამის გამისკდა პატარა გული… ასტრიდ ლიდგრენის შედევრებზე საუბარი ხომ არასოდეს მომწყინდება… როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი”, პამელა ტრევერსის “მერი პოპინსი”, “პატარა უფლისწული” და სეტონ-ტომპსონის “მოთხრობები ცხოველებზე” ჩემი საყვარელი წიგნების სიას ოდნავ მოგვიანებით შეემატნენ.
კითხვა რომ დავასრულე, სამზარეულოში სურნელოვანი ყავის ფინჯანს მივუჯექი (ეს ჭიქა მეგობარმა
მაჩუქა, თანაც ერთად შევარჩიეთ და განსაკუთრებით მიყვარს – ყავას აგემრიელებს და გონებას ხსნის) ნება-ნება ვსვამდი, პანატერიის თბილ-თბილ ბლითებს ვაყოლებდი, ფანჯრის მიღმა თოვლიან პეიზაჟს გავცქეროდი და ვფიქრობდი – მიოს კითხვისას რაღაც ბუნდოვანი აზრი გამიჩნდა და მის მოხელთებას ვცდილობდი. ცოტა ხანს ვიწვალე და ფიქრმა გარკვეული კონტურები შეიძინა – მიოს თავგადასავალში, რომელიც ლინდგრენის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ზღაპარია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სათვალიანი ბიჭის აჩრდილი აღმოვაჩინე.
ასტრიდი – ღიმილის ორდენის კავალერი
ძალიან მალე, მეგობრის ბიბლიოთეკაში “სახურავის ბინადარი კარლსონი” აღმოვაჩინე და ეს პატარა, მსუნაგი
და გოდორა არსება ისე შემიყვარდა, საღამოობით დიდხანს ვიჯექი ხოლმე ჩაბნელებულ ოთახში, ფანჯარასთან და სულგანაბული ვაყურადებდი – საიდანმე პროპელერის ზუზუნი ხომ არ ისმის–მეთქი… ეგ კი არა, რამდენჯერმე ფანჯარის რაფაზე ფუნთუშებიანი თეფშიც დავტოვე… უსაშველოდ მინდოდა, პროპელერიან კაცუნას ჩამოექროლა, ჩემთვის ხელი ჩაევლო და მაღლა–მაღლა, სახურავზე წავეყვანე, სადაც მოუწესრიგებელ, აყრილ–დაყრილ და ათასი ხარახურით გამოტენილ სახლში “მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი” ცხოვრობს… ასეთი მეგობრის ხათრით დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ტორტს და დარიჩინიან ფუნთუშას შეველეოდი… ვინც მიცნობს, ისინი კარგად მიხვდებიან ჩემგან გაღებული მსხვერპლის ფასს :)







































კეთილი იყოს ჩემი მაუსი საბავშვო ოთახში :) ძალიან დატკბილული და ჩათაფლული ოთახია :)
უჰ, გაიხარე :) ესეც ერთი სიახლე… ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ბლოგს პატარებიც კითხულობენ და მინდა, ცალკე გვერდი ჰქონდეთ.
კარგი იდეაა, ყველაზე მეტად მე მიხარია, მეც ხომ პატარა ვარ :)
კი :) აშკარად საშენო გვერდია :)
სხვათაშორის, ამ პოსტებზე შენი გრავატარი მაკლია.
დამიჯერე სულ მალე გაჩნდება
I hope so :)
ახლა სურამში ვარ და დრო არ მაქვს :)
ახლა მეთქი, არც მითქვამს და საერთოდ, ყველა საკუთარ დროს თავისით ანაწილებს.
მართალია. ისე მოლი შენა ნავიგატორში თემატურად გაქვს დალაგებული პოსტები, ესენი რომ დაიბეჭდოს და აიკინძოს რა წიგნი გამოვა:) (მე ისევ დაპატენტების საკითხს ვუბრუნდები :) )
ერთი წელი მაინც გავიდეს :) ცოტაა პოსტები :)
მომწონს, ისევე როგორც ყველაფერი ამ ბლოგზე <3
თუ ასეთ სერიოზულ ხალხს მოსწონს, პატარა მკითხველსაც მოეწონება :) მიხარია :)
96 პოსტი არც ისე ცოტაა
95 :) შენ მე პროფესიას შემაცვლევინებ, თაია :) იმდენს იზამ, იურისტობაზე უარს ვიტყვი :)
ვნახოთ :)
არა, საბოლოო ჯამში, ეს მაინც ჰობია… ჩემს სამსახურს ვერ შეველევი.
ეჰ მოლი ყველას ასეთი ჰობი რომ ქონდეს . . . ;)
უკეთესები აქვთ, თაია.
მაინც? ბლოზე (თამარს ვციტირებ) ჭუჭყიანი თეთრეულის გამოფენა?
არა :) ეს ქვეყანა მხოლოდ ბლოგოსფერო ხომ არ არის :) სხვა რაღაცები ვიგულისხმე. თუმცა, აქაც ბევრია კარგი ბლოგი. ოღონდ, ნაგავი გაცილებით მეტია.
პრობლემა ისაა რომ ეს ნაგავი არავის არ გააქვს :) ნაგავიცაა და ნაგავიც :)
რაკი არის და თან გროვდება, ესეიგი მოთხოვნადია და ვიღაცას სჭირდება…
ამას გვერდს ვერ აუქცევ, თაია. კანონია.
მოდი შვთანხმდეთ რომ ეს ნაგავი არ გროვდება უბრალოდ პერიოდულად იცვლება სხვა, უფრო მოთხოვნადი ხარახურით. ამ ნაგვის გატანას ცდილობდა მაგალითად ჯორდანო ბრუნო და სიცოცხლე როგორც დაასრულა ყველამ ვიცით :)
შენ უფრო გლობალური ნაგავი გიგულისხმია, თაია. მე ბლოგოსფეროს ნაგავზე ვამბობდი.
ბევრი ცდილობდა მაგ ნაგვის გატანას, მაგრამ ეს არც ისე იოლია… ადამიანი ისეა მოწყობილი, მარტივ ნაგავს უფრო ეტანება.
მაშინ მოდი მეც ბლოგოსფეროზე ვისაუბრებ. ზოგიერთი ბლოგის შინაარსი იმდენად მარტივია რომ პრიმიტიულობამდე დადის, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ხალხს არ ხიბლავს კარგი ბლოგების კითხვა, მაგალითად შენი ბლოგი ავიღოთ. მოლი ბლუმს უამრავი მკითხველი ჰყავს მაგრამ უფრო მეტი ეყოლებოდა ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად რომ უყვარდეთ ლიტერატურა, ხელოვნება და ასე შემდეგ. ხოლო ე.გ სწილნი ბლოგებს იმდენი მკითხველი ჰყავს რომ ავტორი ყველა კომენტარზე პასუხსაც ვერ სცემს. პარადოქსია მაგრამ მკითხველების უმრავლესობას ახლად გაფურჩქნული ფსევდო-ვარსკვლავის ბიუსტჰალტერის ზომა უფრო აინტერესებს ვიდრე იმის ცოდნა რომ ასტრიდ ლინდგრენი ღიმილის ორდენის კავალრადაა აღიარებული.
აქაურობას მკითხველი არ აკლია, თაია :) თან სულ რაღაც შვიდი თვეა, ვარსებობთ და აწი კიდევ უფრო მეტი იქნება… რაც შეეხება პრიმიტიულ კონტენტს და პრიმიტიულ მკითხველს, ყოველთვის იყო, არის და კიდევ დიდხანს იარსებებს და ამაზე ფიქრით თავის ატკიება არ ღირს :)
აქ არ შემომიხედავს აქამდე, გამომრჩა, როგორც ჩანს… მშვენიერია:)
ახალი პროექტია :)
მოლი, სწორედ ორი დღის წინ ვაპირებდი, მომეწერა, საბავშვო ოთახს ახალი სათამაშო დაამშვენებდა მეთქი და აი, გრძელფეხება მამილოც:). გმადლობ:)
მომისწრია :) შენ კარგად იყავი, ლუკა, წაკითხვას ნუ დაიზარებ და აქაურობას სათამაშოები არ მოაკლდება :)
მოლიკო, ორი პოსტი არც მქონდა წაკითხული..
ახლავე შევიჭყიტავ.. :*
ერთი – მუმინები. მეორე – კორჩაკზე. ალბათ…
hohoho **
და ბოლო პოსტზე შენი გრავატარჩიკი მაკლია :)
ძალიან კაი პოსტია, ჩემთვისაცაა ზედგამოჭრილი მოლი
es otaxi momwons
მაგას რა ჯობია, ანა :)
უმეტესობა წაკითხული მაქვს და დიდი სამოვნებაც მაქვს მიღებული კითხვის დროს. :) კარგი გვერდია, ბავშვებისთვის საინტერესო.
კარგი ადამიანი ხარ! ვინ იცის, რამდენ ადამიანს გაუჩინე სხვადასხვა წიგნების წაკითხვის სურვილი. შენი რჩევით მეც მაქვს 1-2 წიგნი წანაკითხი :)
მართლა? ერთი მახსოვს, მასეტის “ტიპი მეზობელი საფლავიდან”, შენი პირველი კომენტარი იყო. მეორე არ ვიცი…
მეორე იყო კორნელია ფუნკეს ქურდების მბრძანებელი, ძალიან მომეწონა :)
უმაგრესია :) თან ანას თარგმანია და კიდევ უფრო გემრიელი წასაკითხია :)
ჰოო სათაურმა და ყდამ ჩამაინტრიგა, მერე გუგლში ვეძებე და იმ დღესვე ყულაბა გავტეხე და გავვარდი წიგნების მაღაზიაში. ძალიან ვისიამოვნე, პირველივე გვერდიდან შემითრია :)
სერიოზული გადაწყვეტილება მიგიღია, ქრისტინა :) და ძალიან გონივრულიც. ყულაბას კიდევ აავსებ და მშვენიერი წიგნი დაგრჩება :)
:)
ვაიმე, რა საყვარლობაააა <3
:) კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე ;)
უმეტესად ყველა წიგნი მაქ წაკითხული აქედან მაგრამ არის ისეთები რომლებიც არ მაქვს და ძალიან ცუდია რომ ჩემ ქალაქში წიგნის მაღაზიები არ არის და ვერ ვიყიდი (მერე ისეთი ფასები ადევს რომც გინდოდეს ვერ იყიდი ) ბიბლიოთეკაში თუ ვნახავ ხოლმე ბოლოს )) და ასე უკვე 2 წელია წიგნი ჩემი განუოფელი მეგზურია ისე სულ 13 წლის ვარ )) ძაან მომეწონა შენი ბლოგი და ჩემთანაც თუ მოხვალ ხოლმე კარგი იქნება ))
აუცილებლად გესტუმრები, თაკო :)
: ) მადლობ
14-ის ვარ, და აქედან ყველა მაქვს წაკითხული, ზოგი მახსოვს შინაარსი, ზოგის არა.
აშკარად ვხვდები, რო ბევრი წიგნი მქონია წაკითხული.. რავი, მგონი მაინც ეს უფრო ბატარებისთვისაა :))
გრძელფეხება მამილოც, ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსიც და ნატოს წიგნებიც?
აჰაჰ :))) ნატოს ეგ წიგნი..
ჰოდა, თუ მოგეწონა, ნატოს სამი წიგნი აქვს კიდევ. ბოლო – “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” სულ ახლახანს გამოსცეს. საფესტივალოდ.
ნატოზე რა გითხრა, არ დავუფიქრდი დიდად.. იმიტომ, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
ეს საუკეთესო საკითხავი ოთახია ევერ! : ))))
გამახარე :)
მე ფეხი რო ამიცდება, აქ ვადენ ხოლმე ზღართანს და ვფიქრობ, დროა აწი, ცოოტა გააფართოვო ოთახი : )))
ვიწროა? :(( თვრამეტი პოსტი კი არის და დაემატება კიდევ…
[...] საბავშვო ოთახი [...]
ყველა ამ საყვარელ გმირებთან ერთად ცოტა ადრეულ ასაკში არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი და ჯადოსნური კაბა მომწონდა ძალიან… ძველი გამოცემა ულამაზესი ილუსტრაციებით იყო და მახსოვს წიგნს ფურცლები უკვე აღარ უვარგოდა იმდენჯერ მქონდა წაკითხული