Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ფოტოგრაფია’ Category

Auschwitz. Karl-Friedrich Höckerმეოცე საუკუნის ფოტოისტორია მოლი ბლუმის ბლოგზე, ალბათ, ყველაზე დაჩაგრული თემაა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ნაკლებად მიყვარდეს; უბრალოდ, სხვა, უფრო აქტუალური სიახლეები ეცილება და ამის გამო ზოგჯერ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ფაქტი ჯიუტია – საინტერესო ფოტოკადრზე ბოლოს ხუთი თვის წინ მოგიყევით.

ჰოდა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ასე, მალინას ერთი ფოტო რომ არ გამოეგზავნა – იქნებ გამოგადგეს და პოსტი დაგაწერინოს, სიამოვნებით წავიკითხავდიო.

ამ სურათზე, ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს იტყვი – არც სახელგანთქმული ფოტოგრაფის ნამუშევარია, არც განსაკუთრებული, უნიკალური მომენტია დაჭერილი; კადრზე აღბეჭდილთა უმრავლესობაზეც ვერაფერს მოგახსენებთ (თუ, რა თქმა უნდა, მავანმა გერმანელმა სტუმარმა რომელიმე მათგანში საკუთარი დიდი ბებია ან ბაბუა არ ამოიცნო); ვიღაცები შეკრებილან და მხიარულობენ. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ფოტოა.

სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ფოტო 1944 წელს არის გადაღებული.

ცენტრში მდგარი სანდომიანი მამაკაცი კი კარლ-ფრიდრიჰ ჰოკერია, ოსვენციმის კომენდანტის ადიუტანტი.

(more…)

Read Full Post »

olympics black power salute

სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელიაო – ეს გაცვეთილი ფრაზა ათასჯერ მაინც გექნებათ გაგონილი.

კაცმა რომ თქვას, ფრიად საეჭვო მტკიცებაა. სპორტი, დიახაც რომ, პოლიტიკაა და ეს ყველაზე კარგად, ალბათ, იმათ იციან, განსაკუთრებული დაჟინებით რომ იმეორებენ ხოლმე – ათლეტების ჭიდილთან პოლიტიკურ თამაშებს არაფერი ესაქმებაო.

მსოფლიო სპორტის ისტორია დიდ პოლიტიკას იმდენჯერ გადაუკვეთია, ფაქტებისა და კაზუსების გასახსენებლად კინკილა პოსტი ნამდვილად არ იკმარებს. ჰოდა, მოდით, დღეს მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით – თქვენთვისაც საინტერესო იქნება და “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიასაც” განვაახლებ – კარგა ხანია, არაფერი დამიწერია.

(more…)

Read Full Post »

Tidal Basin bathing beach

მეგობარმა მითხრა ამას წინათ  – მეოცე საუკუნის ფოტოისტორიას განსაკუთრებული სიამოვნებით ვკითხულობ და შემაჯამებელ პოსტსაც ველოდები, მაინტერესებს, როგორი მოზაიკა დაიხატებაო.

პროექტის დასასრულამდე ჯერ ადრეა, თუმცა, ფინალურ აკორდზე მეც ვფიქრობ. არ ვიცი, როგორი გამოვა, ძალიან კი მინდა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ადექვატურიც იყოს – ოცი კადრი ყველაზე დრამატული ასწლეულის დასახატად მეცოტავება… იმას ნამდვილად ვცდილობ, არც ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი არ გამომრჩეს და საქვეყნოდ ცნობილ ნამუშევრებს რამდენიმე შედარებით უცნობი, თუმცა მრავლისმთქმელი ფოტოც შევურიო.

ეს სურათი, შესაძლოა, ვინმეს უშნო ხუმრობა, დადგმული სცენა ან პაროდიული შარჟი ეგონოს – იმდენად კარიკატურულად გამოიყურება. არადა, ნამდვილი ამბავია და ისტორიამ მთავარი გმირის სახელიც კი შემოგვინახა. ზორბა მამაკაცი პოლიციელი ბილ ნორტონია, პლაჟზე გამოსულა, სანტიმეტრით შეიარაღებულა და ქალბატონებს საცურაო კაბების სიგრძეს უმოწმებს – ახალი კანონით. მუხლიდან 6 ინჩზე მეტად დამოკლებული ქვედაბოლოს ტარება აკრძალულია და პორნოგრაფიად ითვლება. სურათი შუაგულ ვაშინგტონშია გადაღებული, გაგანია მეოცე საუკუნეში, 1922 წელს.

(more…)

Read Full Post »

Kevin Carter. Famine in Sudan

მართალია, მოლი ბლუმის ბლოგი, ძირითადად, ლიტერატურასა და ფერწერაზეა ორიენტირებული, მაგრამ ერთგულ მკითხველს არც ის პოსტები დარჩებოდა შეუმჩნეველი, განვლილი ასწლეულის ფირზე აღბეჭდილ ქრონიკას რომ ასახავს. ჰოდა, თუ გახსოვთ, როგორ გიამბობდით ბუდისტი ბერის განწირულ პროტესტზე ან მიგრანტთა დედაზე, შესაძლოა, იმ კომენტარებსაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე სტუმარმა რომ დატოვა – კი, მაგრამ, ეს ოხერი ფოტოგრაფები, კამერის ჩხაკუნის ნაცვლად, იმ საცოდავებს რომ დახმარებოდნენ, უკეთესი არ იქნებოდაო?!

კითხვა ლოგიკურია და, სიმართლე გითხრათ, პასუხი არც მაქვს – ადამიანური და პროფესიული მოვალეობების კოლიზია ის თემაა, მარტივად რომ ვერ ამოწურავ. არც მედიაეთიკის სპეციალისტი გახლავართ და სხვისი განსჯის სურვილიც არ მკლავს. აბსტრაქტული დისკუსიის ნაცვლად, ვფიქრობ, უპრიანი იქნება,  მეოცე საუკუნის ფოტოისტორიის მორიგი ფურცელი  გადავშალო და ერთი ბრწყინვალე ჟურნალისტური კარიერის ტრაგიკულ დასასრულზე გიამბოთ.

(more…)

Read Full Post »

Malcolm Browne. Buddhist monk on fire. Saigon. 1963

მოლი ბლუმის ბლოგზე, მეოცე საუკუნის ფოტომატიანეს თუ ფურცლავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ “ექსპონატთა” უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც თუ მსუბუქი შინაარსისაა. გასაკვირია არაფერია  – კაცობრობის ისტორიის ყველაზე დრამატული ასწლეული მხოლოდ  პოზიტიური, ფერადი შტრიხებით ნამდვილად ვერ დაიხატებოდა.

ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში, “დიდი დეპრესიის” მსხვერპლ მიგრანტთა თავშესაფარში, ორად გაყოფილ ბერლინში ან სისხლით მორწყულ ივოძიმაზე გადაღებული კადრები გულგრილს არავის ტოვებს, მაგრამ სურათი, რომლის შესახებაც დღეს მინდა გიამბოთ, ნებისმიერ ბატალურ სცენაზე შემზარავი მეჩვენება… თუნდაც იმიტომ, რომ ამ დრამის მთავარი გმირი ყოველგვარი ძალადობის უარყოფასა და ამქვეყნიური ამაოებისგან განშორებასთან ასოცირდება.

ტჰი კუანგ დუკის – სამხრეთ ვიეტნამელი ბუდისტი ბერის სახელი, შესაძლოა, უცებ ვერც გაიხსენოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველას  გეცნობათ ეს კადრი  – უიმედო, უღონო. სასოწარკვეთილი პროტესტის სიმბოლო.

(more…)

Read Full Post »

Afghan Girl. Steve McCurry. National Geographic Magazine. June, 1984

1984 წლის გაზაფხულის მიწურულს, “National Geographic”–ის კორესპონდენტი – სტივ მაკკარი პაკისტანში, ავღანელი ლტოლვილების ბანაკში მოხვდა.

კადრები, რომლებსაც ფოტოგრაფი გაწამებულ, ნაშიმშილებ, ახლობლების დაკარგვით შეძრულ ადამიანებს უღებდა, ისეთივე იყო, როგორიც სხვა, მსგავს თემაზე შექმნილი უამრავი სურათი და არაფრით გამოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად მაკკარი ასე თვლიდა – მისი მიზანი იყო, ჟურნალის მკითხველებისათვის დელიკატურად მიეწოდებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური თვალსაზრისი – საბჭოთა კავშირი უსამართლო, დამპყრობლურ ომს აწარმოებდა ავღანეთში და ამის გამო ათასობით უდანაშაულო ადამიანი ღია ცის ქვეშ რჩებოდა, სამშობლოს, ოჯახის და თავშესაფრის გარეშე.

რას იფიქრებდა ამერიკელი კორესპონდენტი, რომ ნაზირ–ბაგჰის ბანაკში, დევნილი პატარებისთვის გახსნილ სკოლაში პუშტუნი გოგონა ელოდა, ძონძებში გამოხვეული, ჭუჭყიანი სახით და გასაოცარი, უძირო მწვანე თვალებით… გოგონა, რომელის გამოსახულება სულ ცოტა ხანში მსოფლიოს მოივლიდა და ავღანელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცეოდა.

(more…)

Read Full Post »

Marilyn. Monroe. Tom Ewell. "The Seven Year Itch" 1955

თუ მოლი ბლუმის ბლოგს, დიდი ხანია, სტუმრობთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ დროდადრო მეოცე საუკუნის ფოტომატიანეს ვფურცლავთ და სახელგანთქმული სურათების კვალდაკვალ, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დრამატულ ასწლეულში ვმოგზაურობთ.

დღეს წესს გადავუხვევ და რომელიმე საკულტო ფოტოგრაფის ნამუშევარზე კი არა, ერთ კინოკადრზე გიამბობთ. ვფიქრობ, თემატიკის ოდნავი კორექტირება მეპატიება – სხვა თუ არაფერი, თქვენი ყურადღების მიპყრობას ამერიკული პოპკულტურის სიმბოლოდ ქცეულ გამოსახულებისკენ ვაპირებ, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახლაც გულს უჩქროლებს.

ბილი უაილდერის და მერილინ მონროს ერთად ხსენებაზე ყველას, დარწმუნებული ვარ,  ლეგენდარული “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” მოგაგონდებათ, თუმცა სულ სხვა ფილმს ვგულისხმობ – “Seven Year Itch”-ს, რომელიც, რამდენიმე პრიზის და ასი საუკეთესო ამერიკული კინოკომედიის სიაში საპატიო ადგილის მიუხედავად, ფართო საზოგადოებას მაინც მონროს თეთრი, გოფრირებული კაბის წყალობით ახსოვს.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 598 other followers

%d bloggers like this: