Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘კინოდარბაზი’ Category

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Read Full Post »

Sherlock Holmes and Dr John Watson. Sherlock. BBC One

სერიალებს ჩემს ბავშვობაში მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს ეძახდნენ. სხვათა შორის, სიამოვნებით ვუყურებდი, რადგან არც უსასრულოდ გრძელდებოდა და ვერც მოსაწყენს დაარქმევდით. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მოზღვავებულმა ლათინოამერიკულმა სისულელემ კი თავი მომაბეზრა და ”საპნის ოპერებზე” ხელი, შეიძლება, ითქვას, საბოლოოდ ჩავიქნიე.

ჟანრის ნიუანსებში ბევრად უკეთ გარკვეულმა ნაცნობებმა ”ER“- იც შემომთავაზეს, “ჰაუსიც” და “სიცრუის თეორიაც”, მაგრამ გული ვერც ერთს დავუდე. თქვენ წარმოიდგინეთ, “Lost“-ის პანდემიასაც გადავურჩი – ორიოდე სერიას კი შევავლე თვალი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არც თუ უხეიროდ დაწყებული საქმე მორიგი კომერციული მარაზმისკენ მიდიოდა.

შარშან, დეკემბერში, ჩემმა მეგობარმა რომელიღაც მეორეხარისხოვან ტორენტ-საიტზე ატვირთული ახალი ბრიტანული სერიალის პირველი სამი ეპიზოდის ბმული გამომიგზავნა, თან მირჩია – უყურე, ნამდვილად არ ინანებო. რის ვაივაგლახით გადმოვწერე, ჩავრთე და…

დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ არტურ კონან დოილის შედევრალური ეპოპეის საუკეთესო ეკრანიზაცია რუსი კინემატოგრაფისტების გადაღებული მრავალსერიიანი ფილმი გახლდათ (ამაში, სხვათა შორის, თავად ბრიტანელებიც მეთანხმებიან), ახლა კი უკვე აღარ ვიცი, ძველი, ბავშვობისდროინდელი, კლასიკური ჰოლმსიანა უფრო მომწონს თუ BBC-ის ახალი “შერლოკი”.

(more…)

Read Full Post »

Affiche Cannes 1939

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.

ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.

აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.

(more…)

Read Full Post »

fantomas contre scotland yard original

ის მართლაც ჯადოქარი იყო…

სხვა რა შეიძლება, ეწოდოს კაცს, რომლის ერთი გამოჩენა ეკრანზე ნებისმიერ ანტიდეპრესანტს აჯობებდა ეფექტურობით…

ხმოვანი კინო მას არაფერში სჭირდებოდა –  მხოლოდ მიმიკებით და სულ უბრალო მოძრაობით შეეძლო ჰომერული სიცილის გამოწვევა…

ესპანელი ცისფერსისხლიანი წინაპრები, ალბათ, წარბშეკრულნი ადევნებდნენ თვალს საიქიოდან გვარისა და ღირსების შემარცხვენელს და ბრაზისაგან ამაყად აწკეპილი ულვაშები და სოლისებური წვერი უთრთოდათ – სევილიელი არისტოკრატი კამერების წინ ტაკიმასხარაობით ირჩენდა თავს…

(more…)

Read Full Post »

“ფართხუნა შარვალი, გაბრტყელებული ფეხსაცმელი, ყოვლად უბადრუკი, წვირიანი კაცუნა, შენს დღეში მაგისთანა არავინ გეყოლება ნანახი, ისე ცმუკავს, გეგონება იღლიებში კიბორჩხალები ჰყავდეს… მაგრამ სასაცილო კია” – ასე აღუწერა პოპულარულმა კომიკოსმა ფორდ სტერლინგმა მეგობარს პერსონაჟი, რომელიც სახელგანთქმულმა რეჟისორმა მაკ სენეტმა ცოტა ხნის წინ ახალ კომედიაში გადაიღო.

უცხვირპირო სტერლინგის მხრიდან ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო. ის კი, ვისზეც მსახიობები საუბრობდნენ, ასე მოგვითხრობს თავისი გმირის შექმნის ისტორიას – “გადავწყვიტე, ჩამეცვა ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბუნა ქუდი დამეხურა, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები წამომეცვა და ხელში ჯოხი დამეჭირა” – თქმა და ქმნა ერთი იყო.  კინემატოგრაფს “მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი და მეოცნებე” ჩარლი ჩაპლინი მოევლინა.

ასე დაიწყო ამერიკაში ინგლისიდან ჩასული პატარა ბიჭის სვლა მწვერვალისაკენ. მანამდე იყო შიმშილისა და სიღატაკეში გატარებული ბავშვობა, ჭკუაზე შეშლილი დედა – “მომხიბლავი და ნიჭიერი ლილი ჰარლი”, როგორც აფიშებზე წერდნენ ოდესღაც. ალკოჰოლისგან გონებადაბინდული მამა, ბებია, რომელიც წარმოშობით ბოშა იყო, რასაც ჩარლი ოჯახის საშინელ საიდუმლოს უწოდებდა, თავშესაფარში გატარებული დღეები, ძველმანებისგან შეკერილი სამოსი და შეუვალი რწმენა იმისა, რომ ოდესმე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,369 other followers

%d bloggers like this: