Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘თბილისის წიგნის ფესტივალი’ Category

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

ფესტივალის რიგით მეოთხე დღე, პირველი სამის მსგავსად, ხალხმრავალი გამოდგა. კვირას წიგნებისთვის იმათაც კი მოიცალეს, ვინც აქამდე, მიზეზთა გამო, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონში მისასვლელად დრო ვერ გამონახა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველს, დაპირებისამებრ, მწერლებთან შეხვედრა დღესაც მოუწყო. “ინტელექტმა” სერიოზული საკითხავის  მოყვარულებს ნობელიანტების სტოკჰოლმური ლექციების ოთხტომეული წარუდგინა. განსაკუთრებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა “პალიტრა L”-ის და “დიოგენეს” სტენდებთან, “ლოგოს პრესის” საბავშვო კუთხეში ფესტივალის  პატარა სტუმრები გატაცებით ხატავდნენ და დროდადრო ფერად წიგნებსაც ფურცლავდნენ, ვაჟა-ფშაველას სტენდთან “ხმელი წიფლისა” და “შვლის ნუკრის ნაამბობის” ნაწყვეტებს კითხულობდნენ…

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა დასასრულს თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი…

(more…)

Read Full Post »

მოგეხსენებათ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მონიჭებულ, ექსკლუზიური მიმომხილველის საპატიო სტატუსს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და 26 მაისის შემდეგ თბილისის წიგნის ფესტივალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ დღეს ცოტა  შემაგვიანდა პავილიონში მისვლა, თუმცა თსუ-ს გამომცემლობის პრეზენტაციას მაინც მივუსწარი და ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც წიგნებზე საუბარი აშკარად პოლიტიკურ დებატებზე უკეთ გამოსდის, აქაქანებულმა გადავუღე რამდენიმე სურათი.

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალი. დღე მეორე

სიმართლე რომ გითხრათ, ნაშუადღევს “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონისკენ მიმავალს, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, სამუშაო დღეს ფესტივალის სტუმრების რიცხვი არ შეემცირებინა.
დარბაზში ფეხის შედგმისთანავე მივხვდი, რომ შიში ამაო გამოდგა – იქაურობას ხალხი ნამდვილად არ აკლდა. ბიბლიოფაგიის პირველი შეტევა გუშინ წიგნებით სავსე ჩანთით მოვიგერიე, ამიტომ სტენდებსა და თაროებს ახლა უკვე დამშვიდებულმა გადავავლე თვალი.
დღეს, ძირითადად, სხვადასხვა საგამომცემლო სახლის მიერ  შემოთავაზებულ სიახლეებზე ვიყავი ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ფესტივალისათვის გადანახული გამოცემა არც ისე ბევრი იყო, რამდენიმე ახალ წიგნზე მაინც გიამბობთ.

Read Full Post »

როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც, რამდენიმე კვირაა, მოუთმენლად ელოდნენ თბილისელი ბიბლიოფილები და, რა თქმა უნდა, მეც. დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკარს ჯერ კიდევ შუადღემდე მივადექი საფესტივალო პროგრამით შეიარაღებული.
გამოფენის ტერიტორიაზე ხალხის სიმრავლემ თავიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენა, ხოლო როდესაც მე-11 პავილიონში, შესასვლელთან დამხვედრ გოგონებს ფერადი ფლაერები ჩამოვართვი და სტელაჟებთან შეჯგუფებულ მნახველებს გადავავლე თვალი, განწყობა კიდევ გამიუმჯობესდა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას,
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.

Read Full Post »

tbilisi-book-fairდღეს მოლი ბლუმის ბლოგი კარს მომდგარი წიგნის ფესტივალის პროგრამას გთავაზობთ. ბიბლიოფილებს შეუძლიათ, ღონისძიებების ნუსხას გადახედონ, მათთვის საინტერესო აქციები, ჩატარების დრო და ადგილი მოინიშნონ და საფესტივალო დღეები წინასწარ, აუჩქარებლად დაგეგმონ.  პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, რაშიც თვალის გადავლების შემდეგ თავად დარწმუნდებით – ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და წიგნის მოყვარულთა ზეიმისთვის განკუთვნილი ოთხი დღე მაქსიმალურად დატვირთეს პრეზენტაციებით, ლექციებითა და გამოფენებით. ასე რომ, გაეცანით პროგრამას და… პავილიონებში შეხვედრამდე :)

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალის გახსნამდე, მოგეხსენებათ, თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი და, სანამ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან დავიწყებდე ინფორმაციის მოწოდებას, გადავწყვიტე, ბიბლიოფილებისათვის, რომლებიც ღონისძიების დაწყებას სულმოუთქმელად ელიან, კიდევ ერთი ინტერვიუ შემეთავაზებინა. რესპოდენტის როლისათვის ამჯერადაც მკითხველი და ფრიად წარმატებული ბლოგერი – ჩვენი ძვირფასი ვასასი შევარჩიე, რომელმაც არ დაიზარა და ჩემს გაგზავნილ კითხვებს ძალიან ხალისიანი, ცოცხალი და გემრიელი პასუხები მოაყოლა. ერთი სიტყვით, ინტერვიუ შედგა და, დარწმუნებული ვარ, ვასასის აზრებს მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.

არ მეგულება ქართულ ბლოგოსფეროში ადამიანი, თამარ კარელიძისვასასის შესახებ არ გაეგოს დამილანისწითელი ეშმაკუნათი დამშვენებული ერთი პოსტი მაინც არ წაეკითხოს. მიუხედავად ამისა ან იქნებ, სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, ორიოდე სიტყვით საკუთარ თავზე თუ გვიამბობ

საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. სულ შორიდან დავიწყო? დავიბადე თბილისში, გავიზარდე გორში. ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან, შიგ გორში ვცხოვრობ თუ?.. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყოველთვის მრცხვენია, საკუთარ თავს ასე ვუწოდო იმიტომ, რომ მიმაჩნია, ჟურნალისტობამდე  ძალიან ბევრი მიკლია და ბედნიერი ვიქნები, თუ 30 წლის ასაკში მაინც არ შემრცხვება იმის თქმის, რომ ჟურნალისტი ვარ. მიყვარს „ბითლზი“,  როკენროლი, ვეწევი ჯანსაღი ცხოვრების წესს (არა ალკოჰოლს და სიგარეტს), ყოველთვის მრცხვენია, როცა მაქებენ და მიმაჩნია, რომ კრიტიკა ყველაზე მაგარი რამ არის ქვეყანაზე. კიდევ ბევრის მოყოლა შემიძლია (ალბათ), მაგრამ შენი ბლოგის გვერდს გავუფრთხილდები. :)

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,368 other followers

%d bloggers like this: