ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ, ბლოგზე მორიგი ვიზიტის შემდეგ – შენ, მგონი, პროფესია შეცდომით აირჩიეო.
იხუმრა, ცხადია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევიაო.
არადა, ზუსტად ვიცი – არაფერი შემშლია და სწორედ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს.
არ დამიჯერებთ, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ნაირ-ნაირ ეგზოტიკურ პროფესიაზე ოცნებას, რატომღაც, ავცდი. ერთი ეს იყო – ნაყინის გამყიდველობა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, უგემრიელეს, ვაფლისჭიქიან პლომბირს იმდენს მიირთმევდა, რამდენიც გაუხარდებოდა… მერე, ბებიას და მამის მაგალითმა იქონია გავლენა, დეტექტივების სიყვარულმაც თავისი გაიტანა და იურისტობაც მტკიცედ გადავწყვიტე.
ჰოდა, ასე მოვედი აქამდე, კოდექსებში, დებულებებსა და ბრძანებებში ჩაფლული და სხვა, უკეთესი და უფრო საინტერესო საქმე თუ მოიძებნებოდა ჩემთვის, არც მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდაო, გეცოდინებათ… შემიჩნდა ეშმაკი და ვორდპრესის აწ უკვე მშობლიურ, მაშინ კი უცხო და უცნაურ ხლართებში გავები.
ვირტუალური სამფლობელოს სახელზე დიდხანს არ მიფიქრია. ვიცოდი, წიგნებზე უნდა მეწერა. დამთხვევებიც გავითვალისწინე და ფსევდონიმი ჩემი საყვარელი “ულისედან” ავარჩიე. ესეც არ იყოს, Molly Bloom’s Day პერსონალური ბლოგისთვის შესაფერად მეჩვენა.
ასე მოვნათლე ბლოგი, დიზიანი შევარჩიე, პირველი პოსტიც დავწერე… მერე რაც იყო, მოწმენი თავადაც ბრძანდებით.
ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – აქაურობა ვიზიტორებზე კი არა, მკითხველებზეა გათვლილი. მყვირალა სათაურებით და ყვითლად შეფერადებული კონტენტით არავის ვიზიდავ და ერთგული სტუმრები რომ არა, სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება გაჭირდებოდა. ჰოდა, ჩემო კარგებო, ბლოგის წარმატება, დიდწილად, თქვენი დამსახურებაა.
პირად ამბებზე საუბარი არ გიყვარსო, საყვედურნარევი რჩევაც ხშირად მომისმენია და ამაზე პასუხად ერთი ძალიან ჭკვიანი ბლოგერის ოდნავ სახეცვლილი ფრაზა მაქვს მომარჯვებული – რაზეც არ უნდა ვწერდე – კრუასანზე, ეკოს ახალ თარგმანზე თუ კრანახის ტილოზე – სინამდვილეში, მაინც საკუთარ თავზე ვწერ-მეთქი.
დამეთანხმეთ, ასეა და, ლიტერატურული, მუსიკალური და არტ-პოსტები, ხშირად, უფრო მეტს ამბობს ავტორზე, ვიდრე წვრილად ჩამოწიკწიკებული და უხვად ილუსტრირებული CV.
ჩემი ბლოგის მთავარი თემა მაინც ლიტერატურაა, განსაკუთრებული ხალისით ახალ-ახალ საკითხავზე გიყვებით და, ვინმემ, იქნებ, ისიც იფიქროს – ეს ჩვენი მასპინძელი უეჭველად რომელიმე გამომცემლობის თანამშრომელიაო.
ერთის მხრივ, ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ არის. ბევრად უარესი იქნებოდა, მავან სტუმარს, მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი რომ ვგონებოდი, თუმცა, ფაქტია, რომ თბილისურ გამომცემლობებთან და ბუქსთორებთან, გულითადი მეგობრობის გარდა, მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ თაროები მათი გამოცემებით მაქვს გაძეძგილი.
ბლოგინგი ჩემთვის, ცხადია, მხოლოდ ჰობია. საყვარელი, მოულოდნელად შემტყუებელი, მაგრამ მაინც ჰობი. პროფესია სხვა მაქვს და შეცვლას არ ვაპირებ, თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს – ამაში არაერთხელ დამარწმუნა ცხოვრებამ. ჰოდა, ამ ბოლო დროს ერთი აზრი ამეკვიატა… არ არის გამორიცხული, ოდესმე, მოლიმ მეგობრებს პატარა და კოხტა წიგნის მაღაზიაშიც უმასპინძლოს.














მოის წიგნის მაღაზია <3 შესანიშნავი იდეაა :)
დარწმუნებული ვარ მყუდრო, თბილი გარემო იქნება და ყოველთვის სასურველ სტუმრად იგრძნობს ნებისმიერი შემსვლელი იქ თავს (ისევე, როგორც შენს ბლოგზე :) )
მეც ამის იმედი მაქვს, ტაბუ :)
” არ არის გამორიცხული, ოდესმე, მოლიმ მეგობრებს პატარა და კოხტა წიგნის მაღაზიაშიც უმასპინძლოს” <3
მეც შენს მეგობრად მიგულეო!
/ზღაპარი ”გვრიტი”/
დავიმახსოვრებ, ნატო :)
მაგნუმის წევრებისთვის შეღავათიანი მაგნუმ-ბარათი შემოვიღოთ :)
კვირაობით საბავშვო ლიტერატურის კითხვის დილა მოვაწყოთ.
საღამოობით შეხვედრა ”ერთი წიგნის ისტორია” – ავირჩიოთ რომელიმე ქართული წიგნი და ავტორმა მის შესახებ გვესაუბროს.
და ა.შ.
კრეატივი <3
მაგნუმ-ბარათი და კვირაობები მომეწონა ძალიან :)
პრეზენტაციებს ვუმასპინძლოთ, გამომცემლობების კვირეულები მოვაწყოთ (თითო კვირას თითო გამომცემლობას დაეთმოს მაღაზიის უდიდესი ნაწილი და ფასდაკლებები, აქციები, კონკურესი და ათასი სხვა რაღაც მოაწყოს), "მკითხველის დღის" მოფიქრებაც შეიძლება…
წიგნის მაღაზია <3 ერთადერთი, რის გახსნაზეც მიფიქრია (ტურისტული სააგენტოს გარდა), წიგნების მაღაზიაა :) …სიამოვნებით მოვიდოდი "Molly Bloom's Bookstore" – ში :)
რა საყვარლი სახელია :) Molly Bloom’s Bookstore – მომეწონა :)
ჩემი მაღაზია სადღეღამისო იქნება :) გადაწყვეტილი მაქვს.
თანაც სადღეღამისო <3
როგორი დიდი სიამოვნებით ვესტუმრები…
მე მაკლია სადღეღამისო მაღაზიები, ტაბუ. იმიტომაც მინდა :)
ვაიმე იდეა <3
განხორციელებისთვის იზრუნე მე გთხოვ და დამიხმარე, ამასაც გთხოვ! <3
შევთანხმდით :)
იმედია მართლა დადგება ის დღე და მე სიამოვნებით მოვალ მოლის წიგნების სამყაროში .. <33
ველქამ :)
მოლის წიგნების მაღაზია?! რომ ახსენე ახლა ისე მომინდა მაგ მაღაზიაში შევლა.. :ს ჰოდა ერთხელაც თუ შემეძლება,რომ შემოვიარო, გადასარევი იქნებოდა.
პ.ს.გამყიდველი ან მეორე გამყიდველი თუ დაგჭირდეს ჰომ დამასაქმებ? :)
სტუმრად მეწვიო ხოლმე, არ გირჩევნია? :) თუმცა, კარგი მენეჯერი ნამდვილად დამჭირდება.
არა! სულ პატარა ადგილს დავიკავებდი. :( მარტოს მაღაზიაში ჰო მოგწყინდება?! წიგნებზე მტვერს გადავწმენდდი და მეტი დრო მექნებოდა მათ წასაკითხათ იქვე.
ასე გულით გინდა და მაგაზე გეტყვი უარს? :) მოვიფიქრებთ რამე ღირსეულ პოზიციას :)
ართურ კონან დოილი ხარ, რა გინდა… მოულოდნელად აღმოჩენილი პროფესია – მწერლობა და ლიტ სიყვარული <3
რა გემრიელად გამაცინე, ქევან :)))
ეგ ვიგოდნიკი იყო. ფულს დახარბებული :) მაგიტომ წერდა.
აუუ რა მაგარი იქნება მოლი ბლუმის წიგნის მაღაზია, ზუსტად ვიცი სულ მანდ ვივლი და ბევრი ფასდაკლებები იქნება. აი, ბლოგინგი ისეთი მაგარი ჰობია , რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული ჩემ ბლოგზე.
თქვენ მე მართლა სერიოზულად დამაფიქრებთ მაღაზიაზე :)
მგონი ბედნიერება ზუსტდა ეგაა, როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს და ამაში ფულსაც გიხდიან :) სამსახური ხომ ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს. თუმცა სრული ბედნიერებისათვის აუცილებელია კიდევ რაღაც, აი “ჰობის” რომ ეძახიან ის :) ასეთ დროს ორმაგი რეალიზებულობის განცდა უნდა გქონდეს წესით, ამ დროს კი ყველაზე დიდ კმაყოფილებას განიცდის ადამიანი :)
წიგნის მაღაზიაში მასპინძლობა კი შენი მკითხველისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება :) (არ გადავაჭარბებ თუ ყველას სახელით ვიტყვი).
იპოვე სამსახური, რომელიც გიყვარს და ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობაო – ხომ გაგიგონია :) ოღონდ, ძნელია ასე და რეალობაში არც არსებობს, ალბათ. ჰოდა, ამისთვის არის ჰობი მოგონილი,
ზუსტად მოლი :) ჰოდა, საუკეთესო ვარიანტია როცა საყვარელი სამსახურიც გაქვს და ჰობიც :) თუმცა გეთანხმები რომ სამსახური როგორი საყვარელიც არ უნდა იყოს, ყოველთვის იდეალური არაა :) მე კიდევ რაც დრო გადის ვრწმუნდები რომ იდეალური იქნებოდა ცხოვრებაში რამდენიმე პროფესიის ქონა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული მუშაობა რომ შეიძლებოდეს :)
დასვენება იდეალური სამსახურისგანაც კი საჭიროა. მით უმეტეს, იდეალური სამსახური ბუნებაში არც არსებობს… რამდენიმე პროფესიის იდეა მეც მომწონს ამ ბოლო დროს. მართლა ძალიან კარგი იქნებოდა…
თანამშრომელი არა და პიარშიკი კი მეგონე :)
შენ არ გეწერა ერთ-ერთ პეიჯზე, მილორდ, (ახლაც გიწერია, მგონი) რა ბრენდებზეც ვწერ, არც ერთის დისტრუბუტორი არ ვარო? :)
კი… მარა მაინც მეგონე :)
უცნაურია, ღმერთმანი :) ლიტერატურული ბლოგი რომ გაქვს, წიგნებზე წერ და იმ წიგნებს ავტორები ჰყავს, მთარგმნელები, გამომცემლები, ვიღაცას დააინტერესებს მერე, დისკუსია გაჩაღდება… მაინცდამაინც, დილით რა ვჭამე, ის უნდა მოვყვე, პიარად არ აღიქვან? ისე, ერთხელ დავწერე ჩემ კულინარიულ მარშრუტზე და იქაც მკითხეს, შეკვეთილიაო? :)
მან კვების მწარმოებლის პიარი იქნება :)
აი, თუ გახვედი ბაღში შენი ხელით დაკრიფე ხილი, შემოიტანე და შეჭამე – შანსი არაა, პიარი ვერ მოებმება.
თუ მებაღე არ შეაქე, ცხადია. :)
არ ყოფილა ჩემი საშველი და ეგ არი :)
წავალ, ჩემით დავდგები კუთხეში :(
მოიცა და შენ რატომ დგები კუთხეში? :) სულ სხვა სტუმარმა დამიკომენტარა კულინარიულ მარშრუტზე. შენახული მაქვს ის კომენტარი.
ჩემთანაც იყო ინციდენტი–არც ისე სასიამოვნოდ გასახსენებელი :)
აღარც მახსოვდა :)
როცა ეჭვიანი ხარ და თან მარკეტინგით ზომიერად გატაცებული, ალაგ-ალაგ რაღაცები გეჩვენება ადამიანს :)
ეგ არაფერი :) ვის არ მოსვლია :)
მოლი შენი წიგნის მაღაზია <3 შაბათ-კვირას მოგეხმარებოდი სიამოვნებით ^^
თუ მართლა მეღირსა ოდესმე მაღაზია, ბევრი შრომა აღარ დამჭირდება :) სალიც მეხმარება, ანა ყოველ დღე იქ იქნება და თეო – შაბათ-კვირას :) მე ყავას მოგიდუღებთ :)
აი წარმოვიდგინე მართლა და აი აი აი , ბედნიერი ვარ დილიდან :)
რა მაგარი მაღაზია გამოგვდის :)
მე რომ მკითხო, ერთ-ერთ პროფესიად თავისუფლად შეგიძლია ბლოგერობა ჩათვალო. შენს ბლოგს და შენც ნამდვილად გაქვთ საამისოდ ყველა ნიშანი. ჰობი ჩემნაირებისთვისაა, ღობე-ყორეს რომ ვედებით.პ.ს. ნაყინის გამყიდველობა მეც მინდოდა :) მერე იყო რეჟისორობა, ექიმობა და ბოლოს რაც გამოვიდა, კაცმა არ იცის…:)
უჰ, რა სასიამოვნოა ამის მოსმენა :) მადლობა, კატერინა.
“ლიტერატურული, მუსიკალური და არტ-პოსტები, ხშირად, უფრო მეტს ამბობს ავტორზე, ვიდრე წვრილად ჩამოწიკწიკებული და უხვად ილუსტრირებული CV.” ამაში გეთანხმები აბსოლუტურად.
ჰო, ჰობია, პროფესიონალურად და მაღალ დონეზე შესრულებული :*
გავიბადრე :)
და რომ მეთანხმები, ისიც ძალიან მახარებს :)
♥ just
მარო <3
მეც მინდა მაგ მაღაზიაში მუშაობა, ღამით დაიძინე ხოლმე თუ გინდა, მაგ დროს მე ვიმუშავებ ^_^ <3
აჰა :) ღამის მენეჯერიც გვყავს :) აუჰ, რა სტაფი იკრიბება <3
მოლის ყველაზე გადასარევი აზრები ეკვიატება ხოლმე <3
თუკი რამეში გამოვდგები, მეც შენს გვერდით მიგულე მოლი :)
შენი კომიქსები ექსკლუზიურად ჩემთან უნდა გაიყიდოს :) პირველი კვირა მაინც.
რუსას წიგნები და შენი კომიქსები.
მოლი :)) მოლი ბლუმის და მაგნუმის როლი რუსას შემოქმედებაში :)))))) ჩემი წიგნების რა გითხრა და შენი წიგნის მაღაზია მართლა რა კარგი იქნება, ნაღებიანი ყავის არომატით :)
ნატოს იდეებიც ძალიან მომეწონა და მაღაზიის სახელიც <3 მეც მოვალ ხოლმე რა, ჩემი ბერგამოტიანი ჩაით. წიგნებზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი ხომ აღარ დარჩა და ისე მაინც გნახავთ, დეპრესიულ აზრებს გაგიზიარებთ :დ
შენი წიგნების პრეზენტაციები სხვაგან თუ ჩაატარე, ერთხელ მაინც, საშინლად გავბრაზდები :) ბერგამოტიანი ჩაი <3 <3 <3
იფ,იფ, ცოტა დიდი ფართი აიღე ვერანდისთვისაც, მოლი. ნატოს აზრმაც დამაინტერესა
ჰო :) და სამასკარადო დარბაზიც გვინდა :)))
და იქ სიმართლე თუ მოქმედების თამაში?
დავივიწყეთ რაღაც ანონიმური ჯგუფი
იქ ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება :)
დეტექტივი და ბლოგერი ერთად–რა კარგი კომბინაციაა!
აჰა :) აგერ, ახალ “შერლოკში”, ჰოლმსსაც აქვს ბლოგი და უოთსონსაც :)
მოლ, ერთი ბედკრული მარკეტოლოგი თუ დაგჭირდეთ რამეში, თქვენ გვერდით მიგულეთ… ან სტუმრად მაინც დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვივლი ^_^
როგორ არ დაგვჭირდება :) კვლევების შეკვეთებს არ მოგაკლებ :) სტუმრად – როცა გაგიხარდება, საამაყო სტუმარი მეყოლები :)
მოლის მაღაზია რა მაგარი იქნება <3
გვერდით პატარ ლიტკაფეც დაამშვენებდა.
თან ამ ლიტკაფის მენიუც წარმოიდგინეთ : "პეპის მაჭკატები", "კარლსონის ფუნტუშები" , "ფრეკენ ბოკის გუფთები" :დ
მენიუ მომეწონა <3 რა კრეატიული ხარ, თაია :)
მას შემდეგ, რაც ეს სუპერ ბლოგი აღმოვაჩინე, ვფიქრობ ვინ არის მოლი ბლუმი:)
ბლოგერია, სხვა ვინ იქნება? :)