მე სერიოზული ადამიანი გახლავართ.
უნდა ვაღიარო, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულიც კი.
რას ვიზამთ – ულმობელმა ცხოვრებამ დამასვა დაღი. თან, არც პროფესია მაქვს ისეთი, ენის თლიფინით ლაპარაკს და ხუმრობას რომ მიმაჩვიოს.
ჰოდა, ხანდახან რამდენიმე ყლუპი იუმორი ჰაერივით მჭირდება. ეს კი ცოტა რთული საკითხია – ჯერ ერთი, ირგვლივ, ძირითადად, ჩემსავით სერიოზული ადამიანები მახვევია, მეორეც – ცხვირი სულ წიგნებში მაქვს ჩარგული.
“დიოგენეს” გაახარებს ღმერთი - “ბიბლიოთეკაში” ისეთი რომანი შეიტანა, ეს დეფიციტური იუმორი ყლუპებით კი არა, ჩაფებით მოიძებნება. სასაცილო საკითხავი აქამდეც არაერთხელ მომხვედრია ხელთ, მაგრამ, კარგა ხანია, არაფერს გავუხალისებივარ ისე, როგორც ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!”-მა მოახერხა.
დასაწყისს ძლივს ვიყავი გაცდენილი და უკვე ისე ვხარხარებდი, ოჯახის წევრებმა ლამის სასწრაფო გამოიძახეს – ეგონათ, ნერვული აშლილობა დამემართა გადაღლილობის ფონზე.
გავიცინებდი, აბა, რას ვიზამდი! ჯერ მარტო შეყვარებული ადამიანის მენიუ ნახეთ:
‘მკაცრი დიეტა – არავითარი სოსისები, ნამცხვრები და, მით უმეტეს, ლორი!”
მერე მოსიყვარულე დეიდა დალია:
“დარჩი მაგ შენს ლონდონში და ავტობუსსაც გაუტანიხარ!”
ახლა მეგობრები? თუნდაც, სახელები რად ღირს – ბენტერა გლოსოპი, რომელსაც ვერაფრით ვერ გააგებინებ, რომ არ შეიძლება, მიტოვებული საქმრო გველეშაპივით ნთქავდეს ღვინოში ჩამბალ თეთრ სოკოს და ხორციან-თირკმლიან ღვეზელებს და ბრიყვი პრანჭიკა, ცხოვრებაში გაუთოებული რომ არაფერი სცმია და ღამღამობით მეწამული ფერის ტრიკოში გამოწყობილი დაშლიგინებს ლონდონის ქუჩებში.
არა, რა… ერთგული კამერდინერი ჯივზი რომ არა, საბრალო ბერტი ვუსტერი ნამდვილად შეიშლებოდა ასეთი ნათესავ-ახლობლების გადამკიდე. მართალია, ხანდახან ჯივზიც გვარიანად ურევს და ბატონის ზოგიერთი ბრძანების შესრულებაზე კატეგორიულ უარს ამბობს, სამაგიეროდ,
ნაბახუსევის წამალს ამზადებს ისეთს, მკვდარს გააცოცხლებს. ვერც იმას დაუკარგავ, რომ ადამიანის ფსიქოლოგიაშიც მშვენივრად ერკვევა. სხვათა შორის, წინამორბედი მედოუზივით ბრაგაბრუგითაც არ დადის ოთახებში. დიდი ამბავი, თუ ბარგის ჩალაგების ამბავში მაინცდამაინც ვერ ენდობა კაცი – აიღე ეგ შენი თეთრი სმოკინგი და თავად ჩაჩურთე რომელიმე შეკვრაში, გვარიშვილობას ჩამოგართმევენ? ვუსტერი გონიერი ადამიანია და ასეც იქცევა ხოლმე. სანაცვლოდ, საზრიანი მსახურის წყალობით გვარიანი ხათაბალიდან გამოძრომასაც ახერხებს და შელახული რეპუტაციის აღდგენასაც. უთოთი ამომწვარი საკლუბო სმოკინგი და ვირივით ჯიუტი ხასიათი აქ რა მოსატანია. არც ის მგონია საწყენი, თუ მეგობარი, რომლის გასაჭირი ასე ახლოს მიიტანე გულთან და ლამის თან გადაჰყევი, შენს მსახურს უფრო ემადლიერება – ასე დაწვრილმანება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
რაო? შეცდომებზე მითითებაო? აბა, რა ქნას საბრალო ჯივზმა, მილორდ ვუსტერის ზოგიერთი გეგმა წარუმატებელი და ბრიყვული რომ გამოდგა, პირში წყალი ჩაიგუბოს? მშვიდად თქვიფოს კვერცხი ომლეტისთვის და სათაყვანებელი ბერტის შეცდომებზე თვალი დახუჭოს? არამც და არამც!
სხვა მხრივ, ბატონსა და ლაქიას შორის სრული ჰარმონია სუფევს – საკმარისია, მათ საზოგადოებაში სულ მცირე ხანი დაჰყოთ, რომ მაშინვე გამხიარულდებით, ჰელოთერაპიის კურსსაც ჩაიტარებთ და როცა სიცილისგან აცრემლებულ თვალებს შეიმშრალებთ, მერწმუნეთ, გაცილებით ახალგაზრდად იგრძნობთ თავს.
ასე რომ, თუ მოლი ბლუმის ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, ნუღარ გადადებთ – აიღეთ ინგლისური იუმორისტული პროზის დიდოსტატის – პელემ გრენვილ ვუდჰაუსის არაჩვეულებრივი წიგნი და დაიკიდეთ ჯივზსა და ვუსტერთან ერთად!













როდისმე ჯივზის ამბავსაც წავიკითხავ :დდდ
სერიალიც არსებობს, სხვათა შორის და არც თუ ურიგო, ქევან.
დღეს ვესაუბრებოდი მეუღლეს ჯივზზე და აღმოჩნდა, რომ სერიალი ნანახიც ჰქონია (ჰიუ ლორის ხათრით და არა მარტო) და დაფასებულიც
ინგლისური იუმორი მიყვარს :)
მეც :)
რაც მე ამაზე ვიცინე… :) ჩემთან ეს არ უკვირთ, მაგრამ ძირითადად ღამე ვკითხულობ და ჯივზის და ვუსტერის გამო ალბათ მეზობლებიც შეწუხდნენ :)
კლასიკური ბრიტანული იუმორი <3
ჩემი ბრიტანეთი <3 მოლი <3
ჩემიც <3 და ჯეინიც გვყავს ანგლოფილი :)
რაც მე ბრიტანული იუმორის სიყვარულზე დამცინეს დღეს, ეს პოსტი შვება-ამოსუნთქვა-გაზმორვაა :))
ვინ გაგიბედა, ანა? :))
კახური იუმორის მოყვარულებმა :/
გამეცინა :))) ანეკდოტი გამოვიდა :) კახურიც კარგია, ბულგარულიც, ბრიტანულიც და ებრაულიც. მთავარია, ხარისხიანი იყოს.
რთულია შედავება :)
შევთანხმდეთ :)
რაც მე ამ წიგნის კითხვისას ვიცინე, საოცრი იუმორია . ხალასი .
ხალასი და ხარისხიანი :)
თქვენ ჯივსის სერიაში სხვები უნდა ნახოთ! :) :) ძალიან მაგარი მწერალია ვუდჰაუსი. :)
სერიალიც ძალიან კარგია <3
ერთხელ მოვიდა რუსულ რსრ-ში კითხვა: ერთხელ ჰიუ ლორის ჰკითხეს, თუ რას უმადლის რომ ასეთი პოპულარულია. ჰიუ ლორიმ უპასუხა, რომ ჰაუსს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ სამი ასო რომელიც წინა წინადადებაში გამოვტოვეთ. :)
რა მაგარი კითხვაა <3 <3 <3
ღრმა ბავშვობიდან მახსოვს სერიალი. ერთხელაც გადმოვწერ და ხელახლა ვნახავ.
სერიის დანარჩენი წიგნების თარგმანზეც არ ვიტყოდით უარს, ძვირფასო "დიოგენე"! :)
“ვუდ” :)
კარგი კითხვაა ნამდვილად :)
რა კარგია რომ ეს პოსტი პარასკევს გამოქვეყნდა ^^
წინასაუიქენდო განწყობას უხდება :)
ჰო, თან შაბათი წიგნის ყიდვის დღედ მაქვს გამოცხადებული, ჰოდა ზუსტად სულზე მომისწრო ამ პოსტმა :)
ოჰო :) კიდევ უკეთესი :)
მოლი ბლუმის ლიტერატურულ გემოვნებას ვენდობი და აუცილებლად ჩავიგდებ ამ უახლოეს დღეებში ამ წიგნს, რომლის სათაურმაც უკვე რამდენჯერმე დამაინტერესა, როცა წიგნის ამღაზიის თაროებზე დავლანდე.
შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაიზარო, ტაბუ :)
აუცილებლად :)
D’accord! :)
პარასკევს საღამოს ბახტრიონზე წიგნის მაღაზიაში ამ წიგნის ხათრით შევედი. მართალია, მასთან ერთად სპარსკიც გამოვაყოლე ხელს და ამიტომ ვუდჰაუსის კითხვა მხოლოდ დღეს დავიწყე, მაგრამ უკვე ისე მასიამოვნა! აუცილებლად გადმოვწერ ქინდლში ამ სერიის სხვა მოთხრობებსაც.
დიდი მადლობა ამ რჩევისა და პოსტისათვის, მოლი!
მაგას რა ჯობია :) ძალიან კარგი. მიხარია, რომ მოგეწონა, ტაბუ :)
მომეწონა – არა. ძალიან მომწონს! :)
კიდევ მადლობა!
მშვენიერია :) სერიალი ბუნდოვნად მახსოვს. მხოლოდ ის, რომ, თავის დროზე, ძალიან მომეწონა. მოვიძიებ ტორენტებზე და ხელახლა ვნახავ.
რიდინგ ლისთში მაქვს, უბრალოდ ახლა სხვა რამეებს ვკითხულობ.
კარგი რიდინგ ლისტი გაქვს შენ, მილორდ :)
ვრცელია ნამეტნავად :(
ცუდია, მერე?
შენი რიდინგ ლისტი რომ ვრცელი იქნება, მე რაღა ვთქვა :(
მადლობელი, დიდად!
იმედია, მომდევნო წიგნებში ამისთანა უაზრო ჩასწორებები აღარ იქნება – “დიოგენე” დამპირდა, პირადად… მაშინ მეორეც გამოვა და მესამეც.
მეყოლეთ ვარდივით,
გია
მადლობა თქვენ, ბატონო გია, თარგმანისთვის :) და შემდეგ წიგნსაც დიდი ინტერესით ველოდებით.
პარასკევი და შაბათი ისეთი დატვირთული მაქვს, ბლოგებზე შესვლასაც ვერ ვახერხებ და დღეს დავიკიდებ :)))
მთავარია, დავიკიდოთ :)))
ჯერ პოსტზე ვხიტხიტებდი და წიგნი რაღა იქნება <3
სხვათა შორის უახლოეს მომავალში ვაპირებ დაკდიებას :დ
დაიკიდე, არ ინანებ :)
დიოგენეს ვიქტორინაში ორი წიგნი მოვიგე და ვარჩევდი, რადგან შენს გემოვნებას ვენდობი პირველს ამას ავირჩევ და მეორეზე ვიფიქრებ კიდევ :)
ყოჩაღ :) ისე, რთული არჩევანია. ერთი ეს ძალიან კარგია და მეორეზე მეც დიდხანს ვიფიქრებდი და, ალბათ, პალანიკს ავარჩევდი. ან ფამუქს.
მადლობა რჩევისთვის, კერუაკის “გზაზეს” ვფიქრობდი, მაგრამ შენს რჩევას გავითვალისწინებ :)