ერთი ძველი, ბავშვობისდროინდელი ამბით დავიწყებ.
სკოლაში ენთუზიასტი პიონერხელმძღვანელი გვყავდა – ახალგაზრდა და ენერგიული ქალი. პიონერთა ოთახი ლენინის და გორბაჩოვის სურათებით, სსრკ-ს ჰიმნის და გერბის თვალსაჩინო პლაკატებით, პრიალა ფურცელზე დაბეჭდილი პიონერის ფიცით, ცნობილი რევოლუციონერების, პარტიზანი და იატაკქვეშელი ბავშვების სურათებით ჰქონდა გაფორმებული. დოლიც იქვე იდო, საყვირიც და კუთხეში დიდი წითელი დროშა იყო აყუდებული, საინვენტარიზაციო ნომრით.
ახალგაზრდა და ენერგიული ქალი იყო ჩვენი პიონერხელმძღვანელი-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს – სასკოლო კონფერენციასაც კი ამზადებდა თემაზე “გარდაქმნა და პიონერი”. მე მოხსენება უნდა წამეკითხა რაისა მაქსიმოვნას “პიონერსკაია პრავდაში” დაბეჭდილი ვრცელი ინტერვიუს მიხედვით, მაგრამ კონფერენცია ჩაიშალა და გადავრჩი.
მერე ბათუმიდან წამოვედი და 91 წლის შემოდგომაზე, ორიოდე დღით ჩასულმა, სკოლაშიც შევირბინე.
ახალგაზრდა და ენერგიული ისევ იქ დამხვდა, ოღონდ, უკვე ორგანიზატორის სტატუსით. ყოფილ პიონერთა ოთახსაც ფერი ეცვალა – კედლებზე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პორტრეტები, საგანგებოდ, ხელით გადაწერილი “მამაო ჩვენოს” ტექსტი და ეროვნული სიმბოლიკით დამშვენებული კალენდარი ეკიდა, მაგიდაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და ბაგრატიონებზე დაწერილი წიგნები ეწყო. კუთხეში ახალი, სამფეროვანი დროშა აეყუდებინათ. ცხადია, საინვენტარიზაციო ნომრით.
მეჩქარებოდა და რამე კონფერენციას ხომ არ გეგმავთ-მეთქი, აღარ მიკითხავს.
ჰოდა, ახლა ამას რატომ გიყვებით.
თავის დროზე, ჯერ ბაღში, მერე სკოლაში, “ოქტომბრის მონაპოვარის” და “თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ” ტიპის ლექსების გაზეპირების მეტი არაფერი გამიკეთებია (კაი დედ-მამის შვილი იყავი და ნუ ისწავლიდი). მერე რაღაცები შეიცვალა და, ნელ-ნელა, სიმართლეც გავიგეთ. უფრო გვიან, იმ ბედნავსი მენშევიკების – ეროვნული მთავრობის პატარა თუ დიდ ცოდვებზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ ოცდახუთი თებერვალი ანექსიის დღე რომ იყო, ეჭვქვეშ აღარავის დაუყენებია.
შარშან, ოცდახუთში, ჩემი “ფეისბუქელი” მეგობრების უმრავლესობას სტატუსად კოლაუ ნადირაძის, ალბათ, ყველაზე ცნობილი სტრიქონები ედო. (ამბობენ, ამ ლექსის კრებულში შეპარებისთვის, გამომცემლობა “მერანის” ყველა თანამშრომელი ერთად გაათავისუფლეს სამსახურიდანო). ახლა სირცხვილით როგორ ვთქვა, მაგრამ მაშინ მეზედმეტა და, ლამის, მეტიჩრობად მომეჩვენა. თურმე, სად ხარ… თურმე, ბევრი კი არა, ცოტა ყოფილა და ხშირ-ხშირად უნდა გამოგვეფინა, კვირაში ერთხელ მაინც.
აჭარბებო, მეტყვის ახლა ვინმე. არა, არ ვაჭარბებ, იმიტომ, რომ ის ბოდვა, პოსტს რომ ახლავს გამხსნელ სურათად, ბნელ ორმოციანებში კი არა, გუშინწინ არის დაწერილი, 2010-ში. ჩემდა გასაკვირად, მავანს “რუსული ჩექმის კვალი” დღესაც მშვიდობის სიმბოლო ჰგონია.
აზრის გამოხატვას, ცხადია, ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ, ვფიქრობ, მეც მაქვს უფლება, ამაზრზენ ნაგავს შესაფერი სახელი ვუწოდო და, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია დავაფიქსირო. მოლიც ხმას იმათ შეუერთებს, ვინც “უზადო რუსულ ჩექმას” კი არა, კოჯორთან და ტაბახმელასთან, ამ ჩექმიანებთან ბრძოლაში დაღუპული გოგო-ბიჭების ხსოვნას მიაგებს პატივს და შარშანდელ შეცდომას აქვე, ბლოგზე გამოისყიდის.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
დღეს 25 თებერვალია – საქართველოს ოკუპაციის ოთხმოცდამეთორმეტე წლისთავი.














ამ საოცარ შედევრზე აღშფოთება უკვე გამონელებული მაქვს, მახსოვს, ცოტა ხნის წინ გაგვიზიარე, მხოლოდ უკმაყოფილო ჩახველებით შემოვიფარგლე, როცა დავინახე…
აი, ბოლო ფრაზაზე კი გამზრინა…
ნაგავი ნაგვად, ოკუპაცია ოკუპაციად, მაგრამ რაღაც-რაღაცებს კიდევ აქვს თავისი სახელი დასარქმევი. განსაკუთრებით, მედროვეებს და აუცილებლად დროულად!
შიგ გულში მოახვედრე :)
არც ვიცოდი რა რიცხვი იყო, ის ლექსი და მისი ავტორიც ვერ არიან, არ უგრძვნია კარგად ეტყობა რუსული წიხლი.
ფიზიკურ ოკუპაციას კიდევ რა უჭირს – ბევრჯერ ვყოფილვართ ვძიმე მდგომარეობაში და თავი დავიხსენით… მაგრამ მენტალურ ოკუპაციას როდის ეშველება…
შენ ეგა თქვი :((
ნამდვილად არ მეგულებოდა ისეთი ქართველი, ვისთვისაც სიმბოლო – “რუსული ჩექმა” რამე დადებითთან ასოცირდებოდა :(
ერთი და ორი? ეს ხომ ვიღაცამ დაწერა, ვიღაცამ გაზეთში დაბეჭდა და ვიღაცა მოეწონა…
ალბათ, ადამიანი იმის მიხედვით იქცევა, როგორც აზროვნებს და არ აქვს მნიშვნელობა რომელ საუკუნესა და ეპოქაში ცხოვრობს. მაშინაც იყვნენ მოაზროვნეები ვინც დახვრიტეს, გადაასახლეს და უბრალოდ გააქრეს და ახლაც არიან ისინი, ვისთვისაც საბჭოთა კავშირი თავისუფლებასთან და ბედნიერ ცხოვრებასთან ასოცირდება. სამწუხაროა ეს ყველაფერი და იმედია, როდესმე თავს დავაღწევთ იმსაშინელი გავლენას, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩვენს ცნობიერებაზე მოახდინა,
პოსტის თავში რომ “შედევრია” ბოლომდე ვერც ერთხელ წავიკითხე, მომკალით და ნამდვილად ვერ გამიგია როგორ შეიძლება ეს სერიოზულად დაწეროს ან მოიწონოს ვინმემ. ზუსტად ასეთი სუბიექტების სიმრავლის გამო გავხდი ძალიან რადიკალური, სამწუხაროა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ ასეთები მრავლად არიან (სხვადასხვა გამოვლინებითა და სხვადასხვა დონის აფიშირებით), სწორედ ამიტომ მიჩნდება პროტესტის გრძნობა, იმის თაობაზე რომ ეს ადამიანები რაღაც დოზით (შესაძლოა საკმაოდ დიდითაც) იღებენ მონაწილეობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და ნებისმიერ დროს მზად არიან სადმე გადაგვჩეხონ.
პრობლემა მარტო ერთ კონკრეტულ “ფენაში” კი არაა, ეს “რუსული ჩექმის მოყვარული საზოგადოების” წევრები ყველგან არიან, ზოგჯერ ყველაზე მისაბაძ მაგალითსაც კი წარმოადგენენ ხოლმე.
არ მინდა პოლიტიკური კომენტარის დატოვება, მით უფრო რომ ბლოგი პოლიტიკური არ არის.
იმედი მაქვს ჩვენი მოკლე მეხსიერება ისე არ იზამს რომ ამ დღეს თავისი ნამდვილი სახელი, საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმაღა დაარქვას.
მაესტროზე ეფიქბაქთლ იყო უცნობსა და ტურიკას შორის რუსეთზე.
გრიბოედოვის დმ-ო ტურიკამ რომ შესძახა ბოლოს და დაუსვა წერტილი. :)
იზა ორჯონიკიძეც გადაყვა მაგ ამბავს. გამომცემლობის რედაქტორი იყო თუ სწორედ მახსოვს. ეგ წიგნი კი რარიტეტად იქცა – ამოიღევს გაყიდვიდან, მაგრამ ვინც მოასწრო კი დაითრია. :)
ისე, მე კოლაუს ნათესავი ვარ. შორეული :)
საამაყო ნათესავი გყოლია, მილორდ.
გრიბოედოვის დმ მახსოვს, საკანში :) ის წიგნი მართლა რარიტეტი გახდებოდა. აფსუს, არ მაქვს :(
მე ის მიკვირს, როგორ გადაურჩა კოლაუ ნადირაძე ამ ლექსის დაწერას. აი რუსულ ჩექმაზე ლექსს კი ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს დროში დაწერდა ვინმე, მასე მაშინაც კი არ მიფიქრია, როცა შენი არ იყოს ათასი სისულელით ცდილობდნენ ჩემს გამოლაყებას, ვდუმდი, მაგრამ გულში და თავში ვიცოდი, რომ მატყუებდნენ. ეტყობა ადამიანი იბადება მონად, სხვა ახსნა ამას არ აქვს…კარგი პოსტია, ტკივილიანი და დამაფიქრებელი.
შენს პიონერხელმძღვანელს ჰქვია ადამიანი , რომელსაც შეუძლია ყველა დროს მოერგოს (ჯაყოსებრი ინდივიდი). ისე კაცმა რომ თქვას ფაშიზმი რომ დაამარცხეს ეს მართლა სასახელოა , მაგრამ მაინც არ ამართლებს რუსულ ჩექმას იმდენად, რომ ასეთი ხოტბა შეასხა :(
ერთმა იმპერიამ მეორე დაამარცხა. იმდენად კი არა, საერთოდ არ ამართლებს. ესეც არ იყოს, 45 წლის შემდეგ იმდენი ივაჟკაცა მაგ ჩექმამ, ჰიტლერს აშკარად აჯობა.
ისტორიის ცოდნის ამბავში ვერ გვაქს საქმე კარგად საქართველოში. :(
ნორვეგიელებისთვის იყო კარგი, იმიტომ რომ ბედად მეორე ფრონტი გაიხსნა და რუსების “განთავისუფლებას” გადაურჩნენ. თორემ ჩეხებს სულ ცალ ფეხზე ეკიდათ გერმანელებს ეყოლებოდათ დაპყრობილი თუ რუსებს.
“ერთი ამასთან მალაპარაკა ტკბილად”–ჯარისკაცის ამაყი გოგონა