ასეთ არეულდარეულ ამინდში, დამეთანხმეთ, ბუხართან მიფიცხებას არაფერი სჯობს. თუ ცეცხლის მხიარულ ტკაცატკუცს არ დავჯერდებით და რაიმე გემრიელ სასუსნავსაც გამოვძებნით, მთლად უკეთესი. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია, ზამთრის ბაღი მიჩუმებულია და მოწყენილი – თქვენებური აურზაური ნამდვილად არ აწყენდა.
ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასპინძელმა პატარა მზაკვრობა ჩაიფიქრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვება და გაქაფული მოლი აქეთ-იქით ირბენს თეფშებით ხელში, ძალიან ცდება. ერთი ძველთაძველი და ფრიად პატივსაცემი სიბრძნე ხომ გახსოვთ? დიახ, დიახ, “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს”-ო, რომ გვასწავლის. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი კერძი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვამზადოთ და მირთმევითაც ერთად მივირთვათ. წინსაფრები უკვე მოვიმარაგე, თავშესაქცევი ისტორია კი, როგორც ყოველთვის, ჩემზე იყოს.
მოდით, ფუნქციები თავიდანვე გავინაწილოთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს. თამარა სალათის ფოთლებს მიხედავს – წინასწარ ჩავაწყვე ცივ წყალში, რომ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. ახლა მხოლოდ შემშრალება და ხელით დაფლეთა სჭირდება – დანასთან შეხება გემოს უკარგავს.
მერი, შენ ორცხობილა უნდა მოგვიმზადო – პური მაგიდაზეა, პატარა კუბიკებად დაჭერი და ტაფაზე მოხალე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, კარგი?
ბეკონიც უნდა დაბრაწოს ვინმემ. თაია, დამეკარგე აქედან, ტაფა არ გადაიმხო ზედ ნაცარქექიასავით, თორემ შენს ყვირილს რა გაუძლებს. სოფი, ეს საქმე ითავე, ხომ?
ორიოდე მოხალისე მჭირდება სუფრის გასაშლელად, ოღონდ ისეთი, ვინც ჭურჭელს არ დაამტვრევს :) რუსა, წაიყვანე ტაბუ და თქვენს იმედზე ვიქნები.
შემწვარი ქათამიც დასაჭრელია პაწაწუნა და უძვლო ნაჭრებად, აბა, ვის აქვს, თამი, ზედმეტი თითები?
მგონი, ყველა ციბრუტივით ტრიალებს. რაღა დაგვრჩა?
ოოო, დრესინგს ვერავის ვანდობ, მე თავად უნდა მოვამზადო. აი, ბლენდერიც. ჩავუძახოთ ახლა აქ ერთი კვერცხი, ცოტაოდენი ნიორი, ნახევარი ლიმონის წვენი, ერთი პეშვი პარმეზანი, ზეითუნის ზეთი და ვურჩესტერის სოუსი, ორიოდე წუთით დავაბზრიალოთ და ეგ არის.
მგონი, უკვე ყველა მიხვდა, რომ ასე კოლექტიურად სახელგანთქმულ სალათ”ცეზარს” ვაკეთებთ. სანამ გაფორმებას მოვრჩებოდე, ტრადიციას არ დავარღვევ და ორიოდე სიტყვით ამ კულინარიული შედევრის შესახებაც გიამბობთ. სანდრო, ნუ მიყურებ ასეთი გამგმირავი მზერით, თუ ძალიან გინდა, შეგიძლია, დანა-ჩანგალი გააპრიალო.
ახლა, ჩემო ძვირფასებო, ასიოდე წლით უკან უნდა გადავინაცვლოთ, 1924 წლის ზაფხულში, 4 ივლისს, როცა ჰოლივუდის ეგზალტირებული ვარსკვლავების ჯგუფმა დამოუკიდებლობის დღესასწაულის პომპეზურად აღნიშვნა გადაწყვიტა.
თუმცა, გადაწყვეტა ერთია და შესრულება – მეორე. გინახავთ სადმე ქეიფი ალკოჰოლის გარეშე? ამერიკაში კი მაშინ ისეთი მშრალი კანონი მძვინვარებდა, წყალსაც ფრთხილად და თვალების აქეთ-იქით ცეცებით სვამდნენო, ამბობენ. ბუტლეგერებს, ალბათ, ამის გაგონებაზე ულვაშებში ჩაეღიმებოდათ, მაგრამ ამბობენ და რა ვქნა…
ასე იყო თუ ისე, მთელ კალიფორნიაში ყელის ჩასაკოკლოზინებელს რომ ვერ მიაგნეს, ბევრი აღარ უფიქრიათ, გეზი მექსიკის საზღვრისკენ აიღეს და პატარა ქალაქ ტიხუანში ერთი მოკრძალებული რესტორანი აიღეს შტურმით, «Caesar’s Place» რომ ერქვა.
მეპატრონემ, იტალიელმა ემიგრანტმა ცეზარ კარდინიმ ჯერ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არაფერი მეჩვენებაო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ცხვირწინ, ბარის სკამზე ნამდვილად კლარკ გეიბლი იჯდა და მკლავზე ჯინ ჰარლოუ ეკონწიალებოდა, მაშინვე დატრიალდა და ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელი უშურველად ჩამოამწკრივა დახლზე. ოღონდ… ვაი, სირცხვილო! შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო და სამზარეულოში ასეთი საპატიო სტუმრებისთვის მისართმევი აღარაფერი დარჩენოდა.
ცეზარი ცოტა ხანს თავზარდაცემული იდგა და გამოსავალს ეძებდა, თუმცა არჩევანი მეტისმეტად მწირი გახლდათ – კვერცხი, ვურჩესტერის სოუსი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი, პარმეზანი, სალათი, ნიორი და ძველი პურის ნარჩენები. ჰოდა, სამხრეთულმა საზრიანობამაც უმალ იჩინა თავი – მასპინძელმა თეფშებს ნიორი გადაუსვა, ზედ სალათის ფურცლები დააწყო, ზეთი აპკურა, საგანგებო წესით მოხარშული კვერცხი და საწებელი
დაუმატა, გახეხილი ყველი მოაყარა და შეზარხოშებულ სტუმრებს მიართვა.
მგონი, ზედმეტია იმის თქმა, რომ სახელდახელო სასუსნავიდან ნამცეციც არ დარჩენილა და ჰოლივუდის ჭირვეული მსახიობები ცეზარ კარდინის ხშირი სტუმრები გახდნენ. იქამდე ყველასთვის უცნობი ქალაქი ტიხუანიც უცებ იქცა პოპულარულ ადგილად. მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ ვინმე ლივიო სანტინიმ იტალიელი რესტორატორი რეცეპტის მითვისებაში დაადანაშაულა, მაგრამ ეს პატარა სკანდალი უკვალოდ ჩაიკარგა დაფნის გვირგვინის ჩრდილში, რომელიც გაიუს იულიუს კეისარზე ნაკლებ როდი ამშვენებდა გამჭრიახ კულინარს.
უჰ! ცოტა არ იყოს, დავიღალე ამდენი ქაქანით. ახლა კი მობრძანდით, გეთაყვა, წინსაფრები სამზარეულოში დატოვეთ და სუფრას შემოვუსხდეთ, ვნახოთ, რა გამოგვივდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინტელექტუალი ბლოგერების ნახელავს თვით კარდინიც სიამოვნებით დააგემოვნებდა.
P.S. ვინ შეჩურთა ჭიქის ნამსხვრევები უჯრაში?














ასეთი პოსტები მიიიიიიყვარს! <3 <3 <3
ძალიან გემრიელი ცეზარი იყო <3
ჩვენი გაკეთებული აბა, როგორი იქნებოდა?! :)
მე შევჩურთავდი. სულ მემსხვრევა ჭურჭელი და ეტყობა მანდაც მიმტყუნა ბედმა,ისე კი ცეზარი ძალიან მიყვარს , მაგრამ ვიცი რომ ღამე ჭამა მავნებელია ასე რომ, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის.
ხო კაი ძალიან გემრიელია…
ნახე სულ არ ვაპირებდი ამ შუაღამეს ღორმუცელობას , მაგრამ რა მიკვირს მოლის ბლოგზე ხომ ყველაფერი ასე გემრიელია.
აკრძალული ხილი გემრიელიაო, მესოპოტამიელი ბლოგერების დევიზი ყოფილა თავის დროზე :)
ისედაც გემრიელია ცეზარი:)
ღამით სხვა ეშხი აქვს :)
ოიოიოი ორიოდ საათში შემოვირბენ მოლი, როგორც კი თამაში დამთავრდება <3 რა გემრიელად გამოიყურება…
რა გენაღვლება, ორით ნოლს კი იგებთ და… <3
მადლობა :)
უკვე სამით ნოლს და ვაი მეე დიეტაზე ვარ :შშშ
სამით ნოლს კი არაა ერთს :დ თვალთ დამიბნელდა არომატის გამო :დდ
სამით ერთს ახლა და არ არსებობს დიეტა, რომელიც სიამოვნებით არ დაირღვევა :))
როგორ მშია თან :)
სამზარეულოში შეფრატუნების დროა!
აუჰ! ჯერ რა გადასარევი მასპინძელი, რა მშვენიერი კერძით და პოსტი?! თითებს ჩაატან კითხვისას :) მერე შევიხედავთქვა ვიფიქრე, მარა მოლისთან რომ კითხვას დაიწყებ, რაის წამსვლელი ხარ სადმე :D
ამას რომ წაიკითხავ, მერე ყველაფერი შეიძლება :გულაჩუყებულიმოლი:
სამზარეულოში შესვლაც შეიძლება? :))) გადავჭამე რაც კი ცეზარის ინგრედიენტებს მივამსგავსე :D
მორიგედ არ ვიყო აქ, გაჩვენებდით, როგორ უნდა სამზარეულოში შევარდნა. ტორნადო და კატრინა მონაგონი იქნებოდა.
ზუსტად ახლა ვფიქრობდი, სანამ არსენალი-ბაიერნი განახლდება, რამე ბუტერბროდის მსგავსი ხომ არ “შემექმნა”-თქო :))) უფრო საინტერესო კერძიც გვქონია “ვორდპრეს-მაცივარში” :))
ერთხელ ბუტერბროდებზეც დავწერ. სენდვიჩებზეც და სხვა ნაირსახეობაზეც და მერე ვნახოთ, რომელი აჯობებს :))
ამასობაში ისე მომშივდა ისე მომშივდა რომ… :(
რა გემრიელია აქაურობა <3
შენი შემწვარი ბეკონი <3
აპ აპ აპ აპ მე მაგას ვერ შევჭამ ცოტა სალათი მიწილადეთ და ვიმყოფინებ
ჰეჰ :) იმიტომაც განდეთ ბეკონი. აბა, მერისთვის ან თამარასთვის მეთხოვა – ნახევარი ვერ მიაღწევდა სალათამდე :))))
რაც გაგიხარდება, გადაიღე, გეთაყვა :)
აი, ვფიქრობდი: დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო…
შენ თვითონ აღიარე, რომ არ მიმიშვი ბეკონთან, არც ქათამთან :)
ამიტომაც მივირთვი ყველაზე მეტი! :)
შეგერგოს! :)
ესე მგონია ფილმს ვუყურებ, სადაც მთხრობელი მოლია :დდდდდ
ფილმს პირველად შეგვადარეს <3 ამჰეპი :)
არ ვარ მე სალათების დიდი მოყვარული და არც ცეზარია გამონაკლისი, თუმცა ისეთი გემრიელი პოსტი იყო აუცილებლად დავარღვევ ტრადიციას და უახლოეს დღეებში მივირთმევ :) :)
გემრიელად მიირთვი! :)
ჩემი შვილი ამბობდა ერთ ნაცნობ მწერალზე, რომელსაც სულ კახელებზე აქვს მოთხრობები – ისე მაგრად წერს, ხაშლამაც კი შემაყვარაო :)). ჩემი საქმეც ასეა, მოლი: ისე მიყვარს სიტყვების საცხობთან გულმოდგინედ მოფუსფუსე და ნიჭიერი ბლოგერები, მათ მკითხველს ცეზარიც კი მეგემრიელება ;), მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შედიოდა ჩემი ფავორიტი კერძების სიაში. გაიხარე <3. მაპატიე, რომ ხშირად ვერ ვიცლი ხოლმე შენი არაჩვეულებრივი პოსტების დასაგემოვნებლად.
გოგლა ლეონიძე წერდა ისე, სუფრის უნახავს გაგხდიდა :)
როცა მოიცლი, მაშინ მესტუმრე, ქეთი :) აქ ყოველთვის სიხარულით დაგხვდებიან.
მოლი, კარგია, რომ დამასაქმე: არ მიყვარს შენს ვერანდაზე გულხელდაკრეფილი ჯდომა :)
ცეზარის სოუსს რაც შეეხება, მზა სახითაც იყიდება ონლაინ მაღაზიებში (მაგ. ინგლისურ ამაზონზე) – ამბობენ, არომატების მთელი ბუკეტიაო! უორჩესტერულ სოუსზე კი, ყური მოვკარი, “ნიკორას” ქსელში იყიდებაო, მაგრამ ვერ მივაღწიე იქამდე.
ჰოდა გავდივარ “იოლას” 1 წუთით მდუღარეშიჩაგდებული კვერცხით, ათქვეფილი ზეითუნის ზეთით, დანაყილი ნიორით, წვრილად დაკეპილი კიტრით და ლიმნით.
მეც მომწონს, აქ რომ ტრიალებთ სტუმრები :) სასუსნავი უფრო გემრიელი გამოდის :)
შენი ხელით გაკეთებულ სოუსს მაინც არაფერი ჯობია, ტაბუ.
ვინც არ მუშაობს, არ ჭამსო.
საიდანაც ვარ, ასეთი ტრადიცია დღემდეა:
სოფლის ქალები მორიგეობით სახლებში იკრიბებიან და ხინკალს ამზადებენ. ჯერ ბავშვები და კაცები ჭამენ, ქალებს კი ნარჩენები თუ ხვდება.
ჰოდა,, როცა ბავშვობიდან მოზარდობაში გადავედი, ჭამას მოვუკელი :/
ვერ გქონიათ კარგი ტრადიცია. აქ არა უშავს და ფემინისტებთან არ წამოგცდეს, ინერვიულებენ :)
P.S. ვინ შეჩურთა ჭიქის ნამსხვრევები უჯრაში?
კინაღამ სკამიდან ჩამოვცვივდი ამის წაკითხვისას : ))))))))))))))))))))))))))
მარო :))
იფ, იფ!
შენთან ლიტერატურული ემრიელობების მერე ეს კულინარიული ისტორიები მომწონს ყველაზე მეტად, მგონი…
არაჩვეულებრივი პოსტია, ბუხრის გვერდით ჯდომას კი, მართლაც, საოცრად უხდება ^_^
ზამთრის ბაღი და ვერანდა ჩემი ფავორიტი რუბრიკებია <3 მოლის ბიბლიოთეკის შემდეგ, ცხადია :)
ველქამ ბექ :)
ჩემი და ტაბუს გაწყობილი სუფრა არავინ შეიმჩნიოთ ახლა :))))))
მე შევამჩნიე და ძალიანაც მომწონს <3
მმმმ, მომინდააა :):) მხიარული, ხალისიანი, ინფორმაციული და რაღა თქმა უნდა ძალიან კარგი პოსტი :)
მადლობა :) ცეზარი თუ მოგანდომე, კარგი პოსტი გამოსულა :)
ამ შუაღამისას ამის წაკიტხვა იქნებოდა?!
რაც შეეხება კლარკ გეიბლს … ვაიჰ, სირცხვილო და თავის მოჭრავ, კლარკის სიყვარულით ვიწვი ღრმა ბალღობიდან და ამის არცოდნა მეპატიება?
პ.ს ბრძნული გადაწყვეტილება იყო ჩემი ტაფასთან არ მიშვება, ბოლო კულინარიული ექპერიმენტისას მთელი სამზარეულო ზეთში ცურავდა :დ
სწავლა სიბერემდეო :))
ვაუ, ისტორია არ ვიცოდი და არც ის რომ სალათის ფურცლების ცივ წყალში ჩაწყობა, მას სიჯანსაღეს უნარჩუნებს :)
აბაა… ისე, ყველაზე კარგად “ცეზარის” ჭამა ვიცი მე. ხუთიანზე!
ჰო, მაგრამ დანა სულ არ ჭირდება ცეზარის ჭამას :P
არც ჭამას და არც დაჭრას. თუმცა, პანატერიაში დანა მაინც მოაქვთ. მანდ ქათმით და ლორითაა და ქათმის ფილესთვის გამოგადგებათო :)
მანდ ცეზარი არასდროს მიჭამია :)
ცეზარის გარეშე პანატერიადან არ მოვდივარ :)
დაგვიანებულ სტუმრებს იღებთ??? ეგებ გადაგრჩათ მაინც რამე…
[...] მკლავებს დაგაკაპიწებინებთ, როგორც ამას წინათ :) მარტო ის მინდა, რომ გლეხის ბიჭმა [...]