პოეზიას პროზა რომ მირჩევნია, ათასჯერ მითქვამს, ბლოგსაც ეტყობა და, მგონი, ჩემმა ყველა სტუმარმაც იცის.
ერთი ეგ არის – არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და დიანა ანფიმიადის ლექსებს, ჩემი ღრმად პროზაულობის მიუხედავად, მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.
“კონსპექტური მითოლოგიაც” მაქვს შინ და ცინცხალ “ახლოხედვის ტრაექტორიაზეც” მსმენია, სულ ახლახანს რომ გამოსცა “საუნჯემ”, თაროებზე კი “ცხელი შოკოლადის” ფერად-ფერადი ნომრებიც მომეძებნება.
“ცხელი შოკოლადი” ამ პოსტთან რა შუაშიაო, არა მგონია, ვინმემ მკითხოს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ზუსტად იქ დაიწყეს, ერთ მშვენიერ დღეს, დიანას კულინარიული დღიურების ბეჭდვა.
მე კიდევ სასუსნავზე დაწერილი ტექსტებზე ჰიჩკოკური დიეტის დროსაც ვერ ვამბობ უარს.
ჰოდა, ჩავუჯექი ამ, ყველა გაგებით, უგემრიელეს ჩანაწერებს და ისე მომეწონა, “შოკოლადის” ახალ ნომერს რომ მოვიხელთებდი, რედაქტორის სვეტის შემდეგ, პირველ რიგში, პრიალა ფურცლებზე სახელდახელოდ შეკოწიწებული მყუდრო სამზარეულოსკენ გავრბოდი ცხვირწაგრძელებული – აბა, დღეს რა სურნელი ტრიალებს-მეთქი.
წიგნად აკინძული “პირადი კულინარიაც” მაღაზიიდან კი არა, პირდაპირ გამომცემლობიდან წამოვაცუხცუხე – ვიცოდი, რომ უნდა გამოსულიყო და საგანგებოდ შევიარე.
ამგვარი ლიტერატურული პროექტი სიახლე როდია – “კულინარიული პროზა” დიუმასაც დაუწერია, სიმენონსაც და სტაუტსაც, მაგრამ ეს უფრო
საინტერესო მგონია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულია – ფსევდოპატრიოტიზმი, კი იცით, არ მახასიათებს. უბრალოდ, მართლა ასეა.
“ნირო ვულფის სამზარეულო წიგნში” მაგალითად, მხოლოდ მომზადების წესებია ჩაწიკწიკებული, და თუ მაინცდამაინც ქურასთან არ კითხულობ, ქვაბ-ტაფა-ქაფქირმომარჯვებული, სულო ცოდვილო, შესაძლოა, ოდნავ მოსაწყენიც კი გეჩვენოს. დიანას უგემრიელესი რეცეპტები ასეთივე უგემრიელეს ისტორიებთან არის შეზავებული და კრებულიც ლიტვური ბლინებით და მურაბებით კი არა, “გემოებით და ადამიანებით” – დახვეწილი ლიტერატურული პორტრეტებით იწყება.
მერე გრძელდება, მაგრამ რა გრძელდება… “იურული პერიოდის სამზარეულოს” – ბნელი ოთხმოცდაათიანების გაჭირვებაში გამოცდილ მეთოდებს – მეფური სადილით ახსნილი სიყვარულის ამბავი ენაცვლება, ლექს-რეცეპტს – სამამულო კულინარიის დიდი ბებიის – ბარბარე ჯორჯაძის აპოლოგია, “ყველაზე გემრიელი შოკოლადიც” აქ არის, ტკბილი შექერბერაკიც და ბუტერბროდებიც კრეატიული სახელით – “ვულგარული წიწაკები”.
სადღაც შუაში, “ლიტერატურა მთავარ კერძად” დაგხვდებათ, ისეთი ბიბლიო-გასტრონომიული ფანტაზიები, თამამად რომ ვიტყოდი, მარტო ამად ღირდა გამოცემა-თქო, სხვა, არანაკლებ საინტერესო ჩანაწერები რომ არ უმშვენებდნენ გვერდს.
ათასი თავბრუდამხვევი სუნით და არომატით გაჟღენთილ წიგნში კლასიკური რეცეპტებიცაა მიმობნეული. თან, ისე გემოვნებით, რომ ლიტერატურულ ქარგას ოდნავადაც არ ვნებს და “პირად კულინარიას” ადგილი საძინებელშიც მოეძებნება და სამზარეულოშიც.
ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ, მოლის მსგავსად, გემრიელი სასუსნავიც ისევე გიყვართ, როგორც გემრიელი საკითხავი, თუ კულინარიული სიურპრიზებიც გაინტერესებთ და გულითადი საუბრებიც სიამოვნებას განიჭებთ, საყოყმანო აღარაფერია – “პირადი კულინარია” სწორედ სათქვენო ყოფილა.














შოკოლადივით ლექსები აქვს
გემრიელ სასუსნავს გემრიელი საკითხავი მირჩევნია და კულინარიის მიმართაც გულგრილი ვარ, მაგრამ საინტერესო ჩანს… ლექსები ნამდვილად “გემრიელი” აქვს :)
დიეტაზე ვინც ვართ რა ვქნათ ჰა?:დ
ასეთ პოსტებს, როგორც წესი, დიეტაზე მყოფი ვწერ ხოლმე :)
:) ანუ ღმერთმა შეგვარგოს:)
წიგნიც და სასუსნავიც :)
ვუი რა კარგი რამე და ყდაც რა მადისაღმძვრელ ფერებშია გადაწყვეტილი :) შენც ისე იცი ხოლმე მოყოლა მოლი, რაც არ უნდა მაძღარი ვიყო ფეხები თავისით მიმარბენინებენ სამზარეულოსკენ :ს
შენ ეს წიგნი ნახე, იაკო, დიეტა შემაწყვეტინა :)
დიეტაზე ყოფნის დროს ორმაგი სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე სასუსნავების სურათებს და ვკითხულობ რეცეპტებს :))
ჰოდა, ეს სულ სხვანაირად წაიკითხება ალბათ!
ნაწყვეტი წავიკითხე სადღაც და ძალიან მომეწონა :)
მე ისე ჩამეყლაპა მთელი წიგნი, ვერ გავიგე :) და იმავე საღამოს მეორედ გადავიკითხე :)
შენი ბლოგის კითხვა ანტრეს კრუასანების ფონზე მიყვარს <3
ანტრეს კრუასანები <3
<3
კბილები ამიკაწკაწდა, რომ გავიგე დიანას ამ თემაზე წიგნი გამოუშვიაო. “შოკოლადში” რამდენჯერაც აარ უნდა წავიკითხო მისი სვეტი , სლ იმაზე ვფიქრობ , რომ დიანა ანფიმიადი ქართველი ჯულია ჩაილდია )))
ვერ მოვახერხე გუშინ პრეზენტაციაზე მისვლა :(
დრო და უდროობა ჩვენი თანთია და ტკივილი :(
ასეთების განწყობაზე ვარ ეს დღეები, ასე რომ შევიძენ : ) მალდობა მოლი : *
რა კარგი წიგნია <3
როგორც ყოველთვის ბრწყინვალე პოსტია!
მოლი, მადლობა ამ საინტერესო და გემრიელი წიგნის გაცნობისთვის :) აუცილებლად შევიძენ და დარწმუნებული ვარ სათანადო ადგილსაც მივუჩენ ხშირად წასაკითხი წიგნების კატეგორიაში :)
შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო, რუსა :)
პირველად დავინტერესდი კულინარიული პროზით! :)
ჯერჯერობით თაროზე მიდევს, მაგრამ ამ პოსტის შემდეგ, ვეჭვობ, დიდხანს ცდა აღარ მოუწევს :)
ასეთი წიგნი თაროზე გედოს, რა გული გიძლებს, მერი :)
ამ წიგნის ილუსტრაციებიც უზომოდ მხიბლავს მე :)