საუბედუროდ, ან, იქნებ, საბედნიეროდ, ადამიანს მომავლის განჭვრეტა არ ძალუძს. არავინ იცის, ვის რა ელის – სად რომელი ფათერაკია ჩასაფრებული. ნებისმიერი ჰომო საპიენსი, გულის სიღრმეში მაინც, გამოუსწორებელი ოპტიმისტია და გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ცუდი არასოდეს არაფერი შეემთხვევა. თუმცა, ხალხური და მრავალნაცადი სიბრძნე ღაღადებს – “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო”. ჰოდა, იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეს თამამად გავუსწოროთ თვალი, კაცობრიობამ დაზღვევა გამოიგონა.
ეს სიტყვა, როგორც წესი, ცივილიზებულ სამყაროსთან ასოცირდება და, ალბათ, ცოტას თუ სმენია, რომ რისკების მართვის უძველესი ანალოგები ჯერ კიდევ თალმუდში მოიპოვებოდა – მწყემსები ვირებს აზღვევდნენ. ჰამურაბის კანონების მიხედვით კი მექარავნეები წინასწარ უთანხმდებოდნენ ერთმანეთს, რომ მოგზაურობისას ყაჩაღების თუ სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი თანაბრად უნდა აენაზღაურებინათ.
დაზღვევის ყადრი რომის იმპერიაშიც კარგად იცოდნენ – ლეგიონერებს საგანგებო სალაროში რეგულარულად შეჰქონდათ თანხა, რათა, დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩენოდათ. ეგვიპტური პირამიდების მშენებლებს კი სპეციალური ფონდი გააჩნდათ, ისევ და ისევ გარდაცვლილთა ან დასახიჩრებულთა ოჯახების დასახმარებლად.
პრაქტიკული გერმანელები შუა საუკუნეებშიც ორგანიზებულობით გამოირჩეოდნენ – სავაჭრო გილდიები ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ავაზაკებისგან დაზარალებულ ადამიანებს.
ხალისით სავსე, სიცოცხლის მოყვარულმა იტალიელებმა კი სპეციალური დაწესებულებები დააარსეს, სადაც ღარიბი მშობლები ქალიშვილის
შეძენისთანავე იწყებდნენ მცირე თანხების შეტანას, ეს კი გოგონას მზითევით უზრუნველყოფდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იქნებოდა მსგავსი ნოვაცია საბრალო დარისპანისთვის – აღარ მოუწევდა კარდაკარ ხეტიალი თავის კაროჟნასთან ერთად, აქეთ შეეხვეწებოდნენ “შემოდგომის აზნაურები” – დაგვდე პატივი და შენი მზითვიანი ასული მოგვათხოვეო.
XV საუკუნის ბოლოს ევროპა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ბუმმა მოიცვა. კოლუმბისა და ვესპუჩის მაგალითით შეგულიანებული მოგზაურები ზღვებსა და ოკეანეებს სერავდნენ და მშობლიური ქვეყნების საზღვრებს terra incognita-ს საშუალებით აფართოვებდნენ. კომერციულმა რეისებმაც იმატა და, რა გასაკვირია, რომ მეკობრეების, ჭირვეული ამინდის თუ ათასი სხვა უბედურებისგან თავის დაზღვევა ერთიორად მნიშვნელოვანი გახდა.
სხვათა შორის, პირველი კომერციული პოლისიც ზღვას უკავშირდება – ხომალდი “სანტა კლარა”, რომელსაც ტვირთი გენუიდან მაიორკაზე გადაჰქონდა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან 1347 წელს დააზღვიეს.
ცინიკოსი არ გეგონოთ, მაგრამ ანდაზა “ზოგი ჭირი მარგებელიაო”, ხანდახან სრულიად წარმოუდგენელ შემთხვევებს მიესადაგება ხოლმე. 1666 წლის ლონდონის დიდი ხანძარი იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი კატასტროფა კი იყო, მაგრამ სწორად ამ ტრაგედიამ განაპირობა პირველი “ცეცხლის ოფისის” შექმნა და სახანძრო დაზღვევასაც ჩაეყარა საფუძველი.
სიცოცხლის დაზღვევის საქმის პიონერიც ნისლიანი ალბიონი გახლავთ – ქვრივ-ობლების შემწე პირველი ორგანიზაცია აქ ჩამოყალიბდა.
დაზღვევის ისტორიასა და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ბრიტანელების მიერ შეტანილ წვლილზე საუბრისას, გვერდს ვერაფრით ავუვლით “ლოიდს”, რომელიც დღემდე მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო კორპორაციად ითვლება და საინტერესო ისტორიაც გააჩნია.
მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა იტალიელებს საზღვაო ვაჭრობის ჰეგემონია ჩამოართვეს, ლომბარდიელებმა ლონდონში გადაინაცვლეს და ქუჩისპირა კაფეებში კომერციული და სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება წესად გაიხადეს. ერთ-ერთ ასეთ კაფეს, ტაუერის მახლობლად, ვინმე
ედვარდ ლოიდი ფლობდა. მასპინძელს შექეიფიანებული მუშტრები რეგულარულად ამარაგებდნენ ხომალდების მიმოსვლასთან, კოლონიური საქონლის ფასებთან და სადაზღვევო ფსონებთან დაკავშირებული ინფორმაციით. ალღოიანი ინგლისელიც ცხელ-ცხელ ამბების ალმანახს კვირაში სამჯერ გამოსცემდა. “ლოიდის ცნობები”, ახლა უკვე ყოველდღიურად იბეჭდება.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოაღწია ჩვენამდე ინსტიტუტმა, რომლის გარეშეც ცივილიზებული ადამიანის ყოფა თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე მზღვეველები კრეატივის ნაკლებობას აშკარად არ უჩივიან – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების დაზღვევის სტანდარტულ პაკეტებთან ერთად, ჭირვეულ მომხმარებელს არაერთ ღიმილისმომგვრელ სერვისს სთავაზობენ. ფეხბურთელები ფეხებს უფრთხილდებიან, პიანისტები – თითებს, დეგუსტატორები – ენას, ზომაზე მეტად ემოციურები კი უცხოპლანეტელებისგან თავის დაცვაზეც ზრუნავენ. სადაზღვევო კომპანიები, თქვენ წარმოიდგინეთ, ნანატრი შვებულების ცუდი ამინდისგან დაზღვევასაც კი გვპირდებიან.
ღიმილი იქით იყოს და დაზღვევა თანამედროვეობის, ყველა გაგებით, სასიცოცხლოდ აუცილებელი ატრიბუტია. ღმერთმა არასოდეს დაგაჭირვოთ თქვენი სადაზღვევო პოლისი, მაგრამ, დამეთანხმეთ – როცა საწერი მაგიდის უჯრაში ან საფულეში ეს პატარა, ოთხკუთხა ბარათი გეგულებათ, მომავალს უფრო იმედიანად უყურებთ.














ძალიან ინფორმატიული, ძალიან კარგი და პოზიტიურად დამუხტული სასარგებლო პოსტია! :)
წარმატებებს გისურვებ კონკურსში :)
მადლობა :) თემა იყო ოდნავ უცხო, მაგრამ, ზუსტად ამიტომ დამაინტერესა, დავწერდი თუ ვერა… ჰოდა, შეფასებები თქვეზეა უკვე.
მოლიი როგორ მომნატრებია ახალი საინტერესო პოსტი და შენებური წერის სტილი. ძალიან საინტერესო პოსტი იყო, როგორც ყიველთვის, შემეცნებითი.
მიხარია, რომ მოგეწონა :) შენ წარმოიდგინე, თურმე მეც მომნატრებია წერა :)))
რამდენი ახალი რაღაც გავიგე! კონკურსი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის კი საინტერესო იყო
:)))))
ასეთი კომენტატორი ანონიმად როგორ უნდა დარჩეს :(
მომნატრებია აქაურობა :) დაზღვევის ისტორიაზე უცნობი ფაქტებიც გავიგე :)
ეს მინუსი აქვს ბლოგერულ შვებულებას :) მუდმივ მკითხველს ენატრები…
gilocav dabrunebas, mshvenieri postia, informaciit datvirtuli. gamaxsenda rom mec vapirebdi dateras:(
საკმარისზე მეტი დროა, თამი და დაწერასაც მოასწრებ. მადლობა :)
ძაან საინტერესო პოსტი იყო, წარმატებას გისურვებ და გილოცავ ჯერ-ჯერობით ერთდღიან დაბრუნებას :)
ჰო, სეზონს პირველ სექტემბერს გავხსნი. ეს ისე, იმპროვიზაცია იყო :)
მშვენიერი პოსტია :) ალდაგის ჟიურიში თუ თავის მაგივრად გოგრები არ აბიათ, საცა სამართალია ეს პოსტი იმსახურებს ქინდლს :)
ამაზე უკეთესი საკონკურსო პოსტი ნამდვილად არ წამიკითხავს ჯერ (ვერც დაწერენ ;) )
ნუ :) ასეც ნუ იტყვი :) კსტაწი, შენს პოსტს ველოდები. იმედია, არ გადაგიფიქრებია.
არა მაგრამ ვერ მოვაბი თავი დაწერას, გამოცდების პასუხები იდება ნელ ნელა და ეიფორიაში ვარ :)
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და დაწერასაც მოასწრებ.
მოვასწრებ კი, არ ვარ ჯერ უკმაყოფილო :)
ძალიან კარგი :)
ბევრი საინტერესო რამ გავიგე დაზღვევის ისტორიაზე ამ პოსტით, პრინციპში არ მიკვრის, შენი პოსტები ყოველთვის უაღრესად ინფორმატიულია ხოლმე. დაზღვევის მნიშვნელობაც ძალიან კარგად გაქვს წარმოჩენილი. რა მაგის პასუხია და რატომღაც ეს გამახსენდა: “დაზღვევის ისეთი სრულყოფილი პაკეტი მაქვს რომ ყოველდღე ვოცნებობ ნეტავ რამე დამემართოს მეთქი” :) :)
მიხარია რომ შვებულების მიუხედავად შენ ბლოგზე ახალი პოსტი გამოჩნდა “რიდერში” :)
“დაზღვევის ისეთი სრულყოფილი პაკეტი მაქვს რომ ყოველდღე ვოცნებობ ნეტავ რამე დამემართოს მეთქი” – სუპერ ფრაზაა! :)
უჰ როგორ მიყვარს შენი პოსტები.. <3
რავი ბევრი წავიკითხე ამ კონკურსზე დაწერილი, მაგრამ ჩემთვის შენი ფავორიტია :)
წამრატებები ^_^
ქინდლი შენ უნდა გერგოს, უეჭველად
მთავარია, მკითხველს მოეწონა და დანარჩენს ეშველება :) მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ესეც ფაქტია.
მიხარია, აქ რომ ხარ, ნასტი :)
ჰო მაგრამ, კონკურსი უკვე დასასრულს უახლოვდება და.. :))
მეც მიხარია ^_^
:) ერთი კვირაა დარჩენილი. მერე ყველა საკონკურსო პოსტს გამოაქვეყნებენ და ვნახოთ…
ვნახოთ^^ :)
კარგი და ინფორმაციული პოსტია, მოლი. თან როგორ მომენატრა შენი ახალი პოსტები :)
პირველი სექტემბერიც მალე მოვა, თაბუ და ავმუშავდებით :)
თითქმის მომანდომე დაზღვევა :დდდ
არადა, რომ მახსენდება საქართველოში რომ ვცხოვრობ, დაზღვევა კიარა, ხვალინდელი დღის იმედი როგორ მაქვს, ის მიკვირს :დდდ
მე ასე პესიმისტურად ვერ ვარ ჯერ. საქართველოს იმედიც მაქვს და ხვალინდელი დღისაც. ვნახოთ…
ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მოლის პოსტი ასეთი ინფორმატიული და საინტერესო იქნებოდა!!!!! ქინდლი ამ ადამიანს ! :)))
:)))) რა დროს ქინდლია, ჯერ ყველას არც დაუწერია :)
მერე რა. დაწერილებს შორის ასეა, ვნახოთ რა იქნება ამ რამდენიმე დღეში :)))
მე ყველა არც წამიკითხავს :) ასე რომ, დაგიჯერებ :)
შესანიშნავი პოსტი!
მე ისევ საკუთარი თავის იმედი მაქვს.. :)
საკუთარი თავის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. აბა, სხვაგვარად, როგორ…
მოლი, პოსტი დავწერე. ჯერ არ გამომიქვეყნებია. სამსახურში ფბ ვერ ვხსნი, დაბლოკილია და თუ არ შეწუხდები, მითხარი გამოქვეყნების გარდა რამე უნდა გავაკეთო კიდე? მაგალითად მეილზე დავულინკო პოსტის ლინკი ან რამე მსგავსი… წინასწარ მადლობა :)
გავგზავნე უკვე და გამოვაქვეყნე. :) პრეტენზია არაფრის მაქვს, უბრალოდ მართლა მომეწონა იდეა და თანაც სრული სინამდვილე დავწერე :))))
მოლი აქ რომ ვწერ, ასე მგონია უფროს მეგობარს ვაბარებ ანგარიშს და იმედია არ მიწყენ :)
ახლა, ჯეინ, მაგ პოსტის ლინკი უნდა გააგზავნო მისამართზე facebook@aldagibci.ge. თან, შენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონიც მიუთითო. ეს არის და ეს.
ბოლო პუნქტს გვერდი ავუარე ცოტა, თუ არ მიიღებენ არც მაგაზე დამწყდება გული :))))
kargia, moli ! ai, me ki, jer veraferi movifiqre…
ნუ, ჯერ დრო არის კიდევ…
პრივეტ მოლი! კარგი პოსტია. მე ალდაგის აბსოლუტ პაკეტი მაქვს. საკმაოდ ძვირი მიჯდება მაგრამ როგორც შენს პოსტში წერია ის ოთხკუთხა ბარათი ჩემი საფულედან იმედს მაძლევს :)
მეც მაგას არ ვამბობ?!
კარგი პოსტია,მოლი,მაგრამ ჩვენი ხალხის ბუნებას რომ ვუყურებ, ძალიან ძნელია, აქ რამე ახლის დანერგვა. კონდენციონერი რომაა ჩართული ტრანსპორტში, ფანჯრები ვერ დაუხურიათ და დაზღვევაც ჯერ-ჯერობით მგონი მხოლოდ სიმბოლურია.
სურათი წამეშალა გრავატარიდან და ვერ დავაბრუნე.
ბილეთების აღებაც გვიჭირს ავტობუსებში, წითელ შუქზეც არ ვჩერდებით… და ათასი სხვა რამ. არა უშავს, დრო ყველაფერს მოიტანს. გამორიცხულია, არ მოიტანოს.
საღამოს ფბ-ზე შემეხმიანე, და მივხედოთ შენს გრავატარს.
წარმატებები, მოლი! ყველა შემთხვევაში ღირდა შვებულების შეწყვეტა :)
მადლობა, მემე :)
რაკი თქვენ მოგწონთ, მართლა ღირებულა :)
facebook-ი არა მაქვს, იმეილი მითხარი, კარგი?
პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებ !!
და მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ხარ !!
მადლობა, ნანაკო :) მეორე ნაწილისთვის – განსაკუთრებით. მკითხველის ასეთი შეფასება საუკეთესო პრიზია :)
<3<3<3<3333
:) მიხარია, აქ რომ ხარ :)
მეც ასევე : ))
მაგას რა ჯობია, ნანაკო :)
კონკურსში მონაწილეობას აღარ ვიღებ. შესაბამისად, ყველა ბმული წავშალე. პოსტს ამით ნამდვილად არაფერი დაუშავდება :)
Moli, dedas wavukitxe es posti da ertxmad vagiaret, rom sauketesoa! :)
კონკურსში აღარ მონაწილეობს ეს პოსტი, მაცო.