ღრმად პატივცემულმა ენგელსმა ბრძანა, შრომამ შექმნა ადამიანიო, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, რომ დასვენებამ კმაყოფილი და ბედნიერი ჰომო საპიენსი მოუვლინა ქვეყანას.
საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ეჭვი მეპარება, ჩემმა სტუმრებმა იცოდნენ, ენით აუწერელი ზარმაცი რომ გახლავართ. წელიწადნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კვირაში სამ პოსტს დაწერ, თითოეულ სიტყვას და წერტილ-მძიმეს საგულდაგულოდ გაასწორებ და დათქმულ დროზე გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი თავყრილობიდან დარსა თუ ავდარში უკანმოუხედავად გამოიქცევიო, გულიანად გამეცინებოდა და, რა თქმა უნდა, არ დავიჯერებდი.
არადა, ფაქტია – შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტისას თუ ლუკულუსის ნადიმზე, სახლსა თუ სამსახურში, ავადმყოფობისა თუ კარგად ყოფნისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში ერთი წუთით არც ბლოგი დამვიწყებია, არც მკითხველები და ჩემივე დაწესებული მკაცრი გრაფიკი ოდნავადაც არ დამირღვევია.
















