მოლი ბლუმის მუდმივ სტუმრებს კარგად მოგეხსენებათ, რომ, მოსაწყენი ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად, წიგნების გარდა, სხვა თემებზეც გესაუბრებით და დროდადრო, ბლოგის ერთ კუთხეში მოწყობილ პატარა ვერნისაჟზე გეპატიჟებით.
ვის არ შეხვდებით მოლის იმპროვიზებულ გალერეაში – შიშისმომგვრელ ბოსხს, ცისარტყელას ფერებად მოციმციმე კანდინსკის, ხილის მოყვარულ სეზანს, შავ-თეთრ დიურერს, ელეგანტურ რემბრანდტს თუ ექსცენტრულ დალის… სხვადასხვა ეპოქის, ჟანრის და მანერის ფერმწერებს საერთო მაინც მოეძებნებათ – გენიოსის სახელი და მსოფლიო აღიარება.
დღეს ტრადიციას დავარღვევ და ბევრისთვის უცნობ შემოქმედზე გიამბობთ – არა მგონია, ამით ვერნისაჟს რამე დააკლდეს.
თვითნასწავლი ავტორების მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ – ფერწერა იმდენად დიდებული ხელოვნებაა, პროფესიონალურ განსწავლულობას უთუოდ საჭიროებს, მაგრამ უნგრელი მხატვრის – ტივადარ ჩონტვარის ერთმა ნამუშევარმა ისე მომხიბლა, გადავწყვიტე, ურიგო არ იქნებოდა, მის შესახებ თქვენც გცოდნოდათ.
ყოფილი აფთიაქარის ტილო “მოხუცი მებადური” ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სურათია, რომელზეც ცხოვრებისგან დაღლილი, სახედაღარული, ხელებდაკოჟრილი და პირქუში იერის ბერიკაცია გამოსახული.
ეს უპრეტენზიო ნახატი საკუთარ თავში საიდუმლოს ფარავს და მისი ამოცნობა მხოლოდ სარკის მეშვეობით შეიძლება.
საკმარისია, სარკე ტილოს ზუსტად შუაში დაადოთ, რომ გაოცებისგან სუნთქვა შეგეკვრებათ – მარცხნიდან უფლის მშვიდი, სათნო სახე გიმზერთ, მარჯვნიდან კი გამძვინვარებული ეშმაკი შემოგცქერით.
არ ვიცი და ეჭვი მეპარება, ვინმემ დაზუსტებით იცოდეს, რისი თქმა სურდა ამით ჩონტვარის. მე კი “მოხუცმა მებადურმა” იმაში დამარწმუნა, რაზეც აქამდეც არაერთხელ მიფიქრია და სხვებისგანაც მომისმენია – ამქვეყნად, შავის და თეთრის გარდა, სხვა ფერებიც არსებობს, ადამიანი ბიპოლარული არსებაა და ნებისმიერ ჩვენგანში ერთდროულად ბატონობს ანგელოზი და დემონი.















რა მაგარია, ჩემდა სამარცხვინოდ ამ ნახატის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია.
მაინცდამაინც ნუ შეგრცხვება :)
ვაიმე,რაღაცნაირი ნახატია.შიშს და სიმშვიდეს,რომ ერთდროულად მოგგვრის.და ძალიან მომწონს..
ასეც უნდა იყოს, ალბათ.დუალს ზუსტად ეს იმპრესია უნდა მოჰქონდეს.
უჰ, მე მართლა პირველად გავიგე.
ჯინეტში რომ არაფერი წერია ამ ნახატზე, თავს დავდებ. რუსული წყაროები არსებობს მხოლოდ.
აქამდე არც გამეგონა. ძალიან მომეწონა. სარკე არ მაქვს ამწუთას, მაგრამ ხუთი წუთი გამოშტერებული ვუყურებდი :დ მეგონა ისე შევკრებდი სურათს და ღვთის ხელები8ს მეტი ვერაფერი დავინახე :( ხვალ ვნახავ
სრული სიმეტრიაა, ომარ. წარმოსახვითი სარკე ზუსტად შუაზე უნდა დაადო ნახატს და მერე უკვე მხოლოდ ფიგურა და ხელები კი არა, მთელი ტილო აღიქვა. ფონის ჩათვლით.
მეორე და მესამე სურათი ამის ილუსტრაციაა. თორემ, სარკე ბლოგზე არ გამოგვადგება.
საინტერესო იყო. არ ვიცოდი ეს ნახატი. სიმშვიდის რა გითხრა, აი ორსახოვნებასა და ორბუნებოვნებაზე მეც დავფიქრებულვარ და ამ ნახატმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა
ადამიანი ზედმეტად რთული არსებაა იმისთვის, ერთსახოვანი იყოს. ძალიან პრიმიტიული იქნებოდა მაშინ სამყარო.
ძალიან საინტერესოა ,მოლი :*
კი, ნენსი. ფრიად საინტერესო ნახატია და იმიტომაც დავწერე. დარწმუნებული ვიყავი, თქვენც დაგაინტერესებდათ.
ძალიან საინტერესო ნახატია, უცნობიც და ამოუცნობიც…
დღევანდელი დღე ნაყოფიერად დავასრულე – ახალი საინტერესო მხატვარი აღმოვაჩინე :)
სხვათა შორის, რუსულ რსრ ტელეკლუბში იყო შეკითხვა ზუსტად ამ ტილოზე – რა ნივთით შეიძლება საიდუმლოს ამოხსნაო, საკმაოდ ძლიერი გუნდი თამაშობდა და ვერ გამოიცნეს.
მე ვიცოდი ეს მხატვარი :P ბოლო ნახატის ასლი ვნახე ერთგან და საათნახევრის განმავლობაში შევყურებდი იქნებ რამეს ჩავწვდე-თქო მაგრამ რაც უფრო მეტს ვუყურებდი მით უფრო მეტად მშორდებოდა სახე, ამბობენ შენში რაც მეტია იმას დაინახავ მასშიო.
ბოლო ნახატი? მესამედ რომ არის?
ხო ეგ მოლი,დააკვირდი აქ ზღვა ანგელოზის ფრთებია,გემების აფრები სანთლები,ხელთ ხმლის ვადა აქვს ჩაბღუჯული,ხელებზე მასონების ნიშანიც უჩანს,თავზე გვირგვინიც ადგას და შარავანდედიც და მოკლედ ბევრი რამეა მანდ)))
შესაძლოა… ოღონდ, მესამე ნახატი არ არის. პირველის სარკისებრი ანარეკლია მხოლოდ. აქ ნახატი მხოლოდ პირველია. მეორე და მესამე, ნახატად, ბუნებაში არ არსებობს.
არ ვიცი,მე ეს ფოტო მაქვს ნანახი მესამე ვარიანტი რაც გიდევს.
ეს მესამე რომ ამობეჭდოს ვინმემ და ჩარჩოში ჩასვას, რა თქმა უნდა, ასლი იქნება. ოღონდ, ეს ნახატი არ არის. ნახატი აქ პირველია. ზედა. გამხსნელი სურათი. “მოხუცი მებადური” ჰქვია. მეორე ფოტო ამ სურათის მარცხენა სარკისებრი ანარეკლია. მესამე ფოტო – მარჯვენა სარკისებრი ანარეკლი.
ვაუ,
ე.ი მე მარჯვენა სახის ანარეკლის ფოტო ვნახე? საღოლ მხატვარს,გენიოსი ყოფილა!
თუ მეორე ან მესამე გინახავს, ე.ი. ანარეკლი ყოფილა და არა ნახატი.
გენიოსობის რა გითხრა…. სარკის ეფექტს გათვლიდა ალბათ და უმაგრესად კი გამოუვიდა.
თავიდანვე დავწერე ნახატის ასლი იყო ის-თქო,ე.ი ვიღაცამ ანარეკლი გადახატა ან რავიცი იქნებ რეპროდუქციაც იყო,აღარ მახსოვს,ავიჭერი უკვე რომ გავიგე ანარეკლიაო.
რაც არ უნდა გაეგთვალა ამ ანარეკლშიც სასწაული რაღAცეები ჩანს და ვაუ!
გადახატვაც შეიძლება, ფოტოს გადაღებაც, სხვანაირად გავრცელებაც, მაგრამ ნახატი, ანუ ის, რაც ჩონტვარიმ ნახატად შექმნა, ვერ იქნება.
ანარეკლი (თან ორივე) მართლა შთამბეჭდავია.
ვაუ!
ძალიან საინტერესოა…
ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ მეც პირველად გავიგე :)
ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე ვიტყვი – მხატვრობა ძალიან მიყვარს, ალბომების მშვენიერი კოლექცია მაქვს შინ და ამ საკითხში ასე თუ ისე, ვერკვევი. მაგრამ ჩონტვარის სახელი და მისი ტილოს ამბავი, არც თუ დიდი ხნის წინ, მეც პირველად გავიგე.
ხატვის სასწავლად ერთ არქიტექტორს რომ მივებარე, მაშინ წავაწყდი რომელიღაც რუსულ ენციკლოპედიაში, დაახლოებით ოთხი წლის წინ იყო ეს… არ ვგიჟდები ამ მხატვარზე, მაგრამ ეს რეპროდუქცია ისეთი კუთხით მიკიდია სარკის ზემოთ, ეშმაკი არ ჩანს, ერთი ორჯერ დავკიდე პირიქით და ისე ცუდად გამხადა კინაღამ სულ ჩამოვხსენი
ჩონტვარიზე ვინ გიჟდება, მაჩვენეთ ერთი :) არც ერთ ალბომში, არც ერთ კატალოგში არ შემხვედრია. უნგრეთს იქეთ პოპულარული იყოს, მეეჭვება. ოღონდ, ეს მართლა საოცარი ნახატი აქვს.
ძნელია არ დაგეთანხმოს ადამიანი :)
ეჰ… გასტრონომიულ ამბებშიც ასსე მეთანხმებოდე :(
აჰ, მაგაზე არ ღირს წუხილი :) უამრავი ადამიანი ცხოვრობს ჩემსავით და უფრო ჯანმრთელია ვიდრე ხორცისმჭამელი
არ მჯერა მე ასეთი ჯანმრთელობის და მომკალი :(
მეც იმით დავიწყებ რომ პირველად ამის შესახებ აქ და ახლა გავიგე.
რამხელა შრომა დასჭირდებოდა ამის შექმნას. საინტერესოდ დავიწყე დილა.
ჯერ ამის წარმოდგენას, გათვლას და მერე შექმნას… ეს ხომ ჩვეულებრივი ნახატი არ არის.
ზუსტად ამაზე ვფიქრობდი მოლი, ალბათ წარუმატებელი მცდელობებიც საკმაოდ ექნებოდა.
ალბათ… თან, ისეთი მასშტაბის მხატვარი ნამდვილად ვერ არის, შედევრი ერთი ამოსუნთქვით შეექმნა.
wow, მართლა ძალიან მაგარია, გავოცდი! :)
მეც ფრიად გაოცებული დავრჩი თავის დროზე, იალინდა.
გავოცდი მართლა. გმადლობ რომ დაწერე ამაზე. არასოდეს გამიგია.
პირიქით, მადლობა შენ, რომ მსტუმრობ :)
მე მაჩუქეს ორი წლის წინ ძალიან კარგი ხარიხსის რეპროდუქცია ამ ნახატის და სწორეს სარკის თავზე მიკიდია, ოდნავ გადმოცერავებული, რის გამოც სიბოროტე სულ ეკარგება ნახატს, დამრჩა მხოლოდ ნათელი
ჰო, შენ რეპროდუქციების დიდი კოლექცია გაქვს :)
გამიხარდა, ეს ნახატი რომ იცი და მითუმეტეს, შინ გიკიდია.
მართლა ძალიან დიდი კოლექციაა, ვეღარ ვითვლი უკვე, ადრე დალაგებული მქონდა ქრონოლოგიურად, მაგრამ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და ამერია გადატანაში, ისეთი უიშვიათესი რეპროდუქციები მაქვს როოომ…
ჰო, ეს მახსოვდა მეც.
მეც პირველად ვნახე ეს ნახატი. მართლა საოცრებაა, კიდევ ერთხელ ვერ ვფარავ გაოცებას როგორ შეიძლება ასეთი სიზუსტე შექმნას ადამიანის ხელმა. რეპროდუქციას ვნახავდი სიამოვნებით და სარკესაც დავადებდი, წარმომიდგენია როგორი ეფექტი იქნება, ორივეს ერთად დანახვა :)
სოფის შემშურდა მთელი გულით… დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ამ რეპროდუქციას შინ.
სიმეტრია მართლა გასაოცარია, თეო.
არადა შენი არ იყოს თვითნასწავლ მხატვრებს არ ვსწყალობ :) თუმცა ნიჭი მაინც სულ სხვაა.
მე ამას ოთახში ვერ დავკიდებდი :(
მე – დიდი სიამოვნებით :) კაბინეტში პიკასოს “არლეკინი კაფეში” მაქვს. შინ, კედელი დაკავებულია, მაგრამ ამისთვის ადგილს აუცილებლად გამოვნახავდი.
არც მე ვიცოდი ამაზე, უზომოდ საინტერესო ჩანს, მოლი კი ფორმაშია :)
ვცდილობ, მემე :)))
რა ლამაზი ნახატია, თან დუალიზმს რომ შეეფერება.
მე კიდევ ფონზე გავამახვილე ყურადღება.
შრეებივითაა ცა და ზღვა ალბათ ქვეცნობიერს ნიშნავს.
ფონი ცალკე თემაა… ფონშიც თუ ჩადო რამე, მართლა გენიოსი ყოფილა.
მიყვარს ეს ნახატები :)
ბექგრაუნდი შეცვალე? კლოდ მონეს ნახატია თუ მეჩვენება? :)
არა, არ გეჩვენება :) ბექს სამ თვეში ერთხელ ვცვლი ხოლმე.
ნამდვილად ლამაზია :)
მადლობა :)
არაფერს :)
:)
საოცარია… ფერწერის შესწავლა ვერ შექმნის ნიჭს ადამიანში. ამის დადასტურებაა ეს თვითნასწავლი მხატვარი. მგონი შენი პოსტის ბოლო წინადადება აქვს ჩაქსოვებული მხატვარს ამ ტილოში :)
ნიჭს ვერ შექმნის,ბუნებრივია, მაგრამ განათლება მაინც აუცილებელი მგონია.
რა გითხრა… მეც ასე გავიგე, მაგრამ ხელოვნება მათემატიკა არ არის, ამოცანას ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდეს. სურათს ყველა სათავისოდ ხედავს.
მართალი ხარ ყველა სათავისოდ ხედავს, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიმეორებ, რომ მხატვარს ალბათ ეს უნდოდა დაგვენახა :)
დაგეთანხმები :) მითუმეტეს, ზუსტად ასე გავიგე მეც.
რა საინტერესოა! :) რაღაცაზე ჩამაფიქრა! :)
ყოჩაღ ჩონტვარის :)
ერთი სიტყვით რომ ვთქვა, აღვფრთოვანდი :)
ზუსტად ასეთი იმპრესია მქონდა მეც პირველი ნახვისას.
გავოცდი ძალიან, იმდენად მოულოდნელი იყო დემონის სახე, სათნო მოხუცის შემდგომ. საინტერესო მიმართულებაა.
ამაშია მთელი ეშხი… დემონი მარჯვენა ნახევარია, სათნო მოხუცი – მარცხენა.
ნამდვილად ეგრეა, ჩამაფიქრა ამ ნახატმა :)
დიდებული ნახატია.
რა სად როდის-ში იყო ადრე ამის შესახებ შეკითხვა :)
ვიცი. რუსული ტელეკლუბის სრული არქივი მაქვს შინ. 1980-2011. ყველა გადაცემა. პოტანინას გუნდი თამაშობდა და ვერ აიღეს.
გენიალურია… მართლა მაგარი გათვლა დაჭირდებოდა ამის დასახატად…
მე პირადად აღფრთოვანებული ვარ, მადკობა მოლი რომ ასეთ საინტერესო რამეებს გვიზიარებ :)
არ იცი, ასეთი კომენტარი როგორ მახარებს… მადლობა შენ, აქ რომ ხარ, ჭიამაია :)
ვა, მე არ ვიცოდი, მომწონს ^^
Very nice!
ეს ნახატი თუ არ მეშლება “რა სად როდისში” ვნახე და იმის მერე ვოცნებობ ორიგინალის ნახვაზე, იმედია ერთ მშვენიერ დღეს ვნახავ კიდეც :)
არ გეშლება :) სადღაც, კომენტარების ბოლოს, მაგ თამაშის ნაწყვეტიც დევს.
ორიგინალის ნახვა მეც ძალიან მაინტერესებს.
არ მიყვარს ეგეთი ნახატები… და საერთოდ ეგეთი ხელოვნება არ მევასება პრიმიტიულად-მაზგაიობური მგონია.
მემაპატიეთ
სიყვარულზე თუ მიდგა საქმე, მეც იმპრესიონისტები ან აბსტრაქციები მირჩევნია. ასეთი რამ, დიდი ოდენობით, მოსაწყენიც კია, მაგრამ ერთი და ორი – სულ მცირე, საინტერესოა.