მოლი ბლუმის მუდმივ სტუმრებს კარგად მოგეხსენებათ, რომ, მოსაწყენი ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად, წიგნების გარდა, სხვა თემებზეც გესაუბრებით და დროდადრო, ბლოგის ერთ კუთხეში მოწყობილ პატარა ვერნისაჟზე გეპატიჟებით.
ვის არ შეხვდებით მოლის იმპროვიზებულ გალერეაში – შიშისმომგვრელ ბოსხს, ცისარტყელას ფერებად მოციმციმე კანდინსკის, ხილის მოყვარულ სეზანს, შავ-თეთრ დიურერს, ელეგანტურ რემბრანდტს თუ ექსცენტრულ დალის… სხვადასხვა ეპოქის, ჟანრის და მანერის ფერმწერებს საერთო მაინც მოეძებნებათ – გენიოსის სახელი და მსოფლიო აღიარება.
დღეს ტრადიციას დავარღვევ და ბევრისთვის უცნობ შემოქმედზე გიამბობთ – არა მგონია, ამით ვერნისაჟს რამე დააკლდეს.













