“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც ვერ მოვიშორე. მეჩვენება, რომ მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა მაინც ვერ მოვახერხე, ბოლომდე ვერ გაგიზიარეთ ემოციები, მისი წყალობით რომ განვიცადე.
საინტერესოა, როდესაც ის კალამს ჰკიდებდა ხელს, იცოდა თუ არა, რომ ზუსტად იმ გზას დაადგა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი… რომ ყველაფერი ამ გზაზე, ნებისმიერი წარმატება თუ დაბრკოლება, ტრიუმფი თუ იმედგაცრუება, იღბალი თუ უიღბლობა, ყველა კენჭი და ბილიკზე დაცემული ყველა ფოთოლი მთლიანობაში შექმნიდა ბორის აკუნინს – უსაზღვრო წარმოსახვის მქონე, თამამი ექსპერიმენტებისა და ნოვაციების მოყვარულ მწერალს – შემოქმედს ავანტიურისტის სულით.
ასე იყო თუ ისე, მისმა ერასტ ფანდორინმა ჭკუის, სიმამაცის, უსაზღვრო ინტელექტისა და ქარიზმის წყალობით ათასობით მკითხველის გული მოინადირა და ავტორის ამოუწურავი ფანტაზია დაუყოვნებლივ სხვა მიმართულებით ამუშავდა.
პროექტი “ჟანრები“ ფანდორინის ციკლზე ნაკლებ წარმატებული როდი გამოდგა – სხვისი არ ვიცი, მე კი “საბავშვო წიგნი“, “ჯაშუშური რომანი“, “ფანტასტიკა“, და “კვესტი“ ელვის სისწრაფით შევისრუტე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეგობარმა მოსკოვიდან თბილისელი ბიბლიოფილებისათვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი კინორომანი “სიკვდილი ვახტანგურად“ ჩამომიტანა.
ლამაზად გაფორმებული, მოხერხებული ფორმატის და უხვად ილუსტრირებული წიგნი, რომელიც სერიის დასაწყისს – პირველ და მეორე ფილმებს
მოიცავდა, ერთ ლუკმად არ მეყო, მაგრამ, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ გრძნობა, რომელიც კითხვის დასრულების შემდეგ დამეუფლა, იმედგაცრუება იყო – თხრობა ნაჩქარევი და გადაჭარბებულად დინამიკური, კვანძის გახსნა კი მიფუჩეჩებული მეჩვენა. თუმცა სულ მალე იმასაც მივხვდი, რა მცდარი იყო პირველი შთაბეჭდილება და იმასაც, რომ ბორის აკუნინის წყალობით წიგნის ფურცლებზე მთელი ეპოქის ამსახველ კინოსურათს ვადევნებდი თვალს. ეს მართლაც ფილმი იყო – სინემატოგრაფის გარიჟრაჟზე შექმნილი შავ–თეთრი ფირი, რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით ტრიალებდა ჩემს თვალწინ და მცირე ხანსაც არ გაუვლია, რომ კონტრდაზვერვის ახალგაზრდა ოფიცერი ალექსეი რომანოვი უსაყვარლესი პერსონაჟების სიაში შევიყვანე.
მინდა, გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთხელაც არ მინანია – იმ ათი კინომოთხრობის კითხვისას, რომლებსაც “სიკვდილი ვახტანგურად“ აერთიანებს, მოწყენილობა და გულგატეხილობა აღარ მიგრძვნია. ან რა გასაკვირია – ჩემს თვალწინ, ქარიშხლიანი დროების და ბობოქარი ისტორიული მოვლენების ფონზე, ვირტუოზული ოსტატობით იძერწებოდა ადამიანის სული – მთავარი გმირის მიერ განვლილი გზა იდეალისტი, გულუბრყვილო ჭაბუკიდან გულცივ, ჭირ–ვარამში გამობრძმედილ, ფოლადისნერვებიან ჩეკისტამდე, რბილად რომ ვთქვა, მეტად შთამბეჭდავი გახლდათ.
თუმცა… მთავარი გმირი ვახსენე და რაღაც მეხამუშა. კაცმა არ იცის, ეს ტიტული ვის უფრო ერგება – პორუჩიკ ალექსეი რომანოვს თუ მის მოუხელთებელ მოწინააღმდეგეს – კაპიტან იოზეფ ფონ თეოფელსს. გერმანელი ჯაშუში, აბსოლუტურად ატროფირებული ადამიანური გრძნობებით, მორალური პრინციპებისაგან სრულ თავისუფლებასა და ზღვარგადასულ სისასტიკეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხანდახან მაინც ახერხებდა ჩემი სიმპათიის დამსახურებას უბადლო პროფესიონალიზმის წყალობით და, ცოდვა გამხელილი სჯობს – ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ სასწორი სახიფათოდ იხრებოდა ზეპის მხარეს. თუმცა, აკუნინი რისი აკუნინი იქნებოდა, მკითხველის ემოციებით მანიპულირების საშუალება რომ გაეშვა ხელიდან – ორიოდე დროული პასაჟი, ნატიფი ლირიკული გადახვევა და მორჩილი ლეკვივით, კუდის ქიცინით მივცუხცუხებდი ავტორის მიერ ნაჩვენებ გზაზე,
შინაგანი გაორება და გაურკვევლობა კი დილის ნისლივით უკვალოდ იფანტებოდა – არჩევანი სამშობლოზე შეყვარებულ, გულწრფელ, შინაგანი ღირსებით სავსე რომანოვსა და მზაკვარ, ეგოისტ, ტრიუმფის წყურვილით შეპყრობილ ფონ თეოფელსს შორის გაკეთებული იყო…
თავიდან, ყოველ ახალ კინომოთხრობაში მათ ახალ დაპირისპირებას ველოდი და ცოტა გულიც დამწყდა, როცა დავრწმუნდი, რომ ეს ასე არ მოხდებოდა. ზოგ ისტორიაში მხოლოდ რუსი კონტრმზვერავი მონაწილეობდა, ზოგში კი პრუსიელი ჯაშუში, ხანდახან სამკვდრო–სასიცოცხლოდ ერკინებოდნენ კიდეც და მერე მათი გზები ისევ იყრებოდა. თუმცა ბედი მათ კიდევ ერთ შეხვედრას უმზადებდა – ციკლის დასასრულს, ემოციებითა და განცდებით ყველაზე მეტად დამუხტულ მეათე ფილმში “ანგელოზთა ბატალიონი“, სადაც სიუჟეტიც და თხრობის მანერაც ყველაზე ნაკლებ მოგვაგონებდა აკუნინის ხელწერას და მაინც ძალიან მისეული გამოდგა… სადაც მოსისხლე მტრები უკანასკნელად გაუსწორებდნენ ერთმანეთს მზერას და ორივე იგრძნობდა, რომ მათი კავშირი ურღვევი და მარადიული იყო, რომ თითოეულის სულის რაღაც ნაწილი სამუდამოდ მიიტაცა და მიისაკუთრა მეორემ.







ვაა….. აკუნინის შემოქმედების მკვლევარი ხარ მოლ ^^
ჩემი ფავორიტია თანამედროვე რუსულენოვან მწერლებში
ამ ჟანრში, რა თქმა უნდა. ჰოდა, ვწერ დროდადრო
დეტექტივების კითხვა შენი და კიდევ რამდენიმე ბლოგერის გავლენით დავიწყე ხოდა აკუნინს ვერ დავაყენე საშუელი
ჯონ ლე კარეს მერე აუცილებლად წავიკითხავ მის რამეს (ალბათ “ლევიათანს”)
თუ ჯერ არაფერი წაგიკითხავს, სანდრო, აზაზელით დაიწყე. ქრონოლოგიურადაც კორექტულია და ისედაც, მასე ჯობია.
ეჰ, მეც მინდა მაგრამ ჩემთან არ იყიდება
აზაზელი ნეტშიც უნდა იყოს. მიხო მოსულიშვილის თარგმანი.
ლევიათანი სუსტია. იმჰო.
სუსტია, რა თქმა უნდა. კლებერი რომ არის საქმეში გარეული, ამას მტერი ვერ მიხვდა… მანდ სხვა რაღაცებია კარგი.
აკუნინი აკუნინობს
ერთი არ აქვს დასრულებული, მეორეს იწყებს… თან უფრო საინტერესოს
“აზაზელის” მერე “ლევიათანზე” რომ გადავედი და იქაც ფანდორინი აღმოვაჩინე, ვიფიქრე, ჰმ, პატივცემულს ახალი გმირის შექმნა მოსდომებია, შერლოკისა და მეგრეს მსგავსის-მეთქი… არადა, გაამართლა, აშკარად გაამართლა!!!
კი კი. იმდენად გაამართლა, რომ მერე შვილიშვილიც კი გამოუგონა. რამხელა სერიაა ერასტ ფანდორინის თავგადასავალი და სულ ორი წიგნი არ მომწონს. უფრო სწორად, ისე რა მომწონს. დანარჩენი უკარგესია.
“აკუნინკი აკუნინობს” და მოლიმ კი ტრადიციულად ჩამოაჭიკჭიკა ყველაფერი.
რაც მთავარია, სიუჟეტური საიდუმლოებები არ გამიმხელია
)
აკუნინი იმდენს წერს და ისე წერს, რომ ვეღარ ვეწევი
…თან მგონი “აკუნინოლოგის” ბლოგზე მოვხვდი
“ოდისევსზე ნადირობას” ვეძებ ახლა. ამბობენ, ძალიან კარგიაო…
“ლევიათანის” წაკითხვისას აკუნინზე გული ამიცრუვდა, არ მომეწონა და იმიტომ. შემდეგ თავიდან დავუბრუნდი და უნდა ვაღიარო თავიდან შემიყვარდა, მისი ბლოგიც მიყვარს საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს.
ზუსტად მასე დამემართა მეც – “თურქულმა გამბიტმა” ვერ მომხიბლა და მოგვიანეით მივუბრუნდი. სამაგიეროდ, ახლა თავგადაკლული აკუნინისტი ვარ
არადა, გამბიტი თავიდანვე მომეწონა, მერი
“ლევიათანი” საშუალო ხარისხის დეტექტივია (თუ დეტექტიური საზომით მიუდგები) სამაგიეროდ, დეტალიზაცია მომწონს მანდ და პარალელური სიუჟეტური ხაზებია განსაკუთრებით საინტერესო.
დილით კომენტარი ვერ დავტოვე, წავედი წიგნი ვიყიდე, წავიკითხავ და მერე ღირსეულად დაგელაპარაკებით
აბა ეხლა რა ვთქვა
მშვიდობაში
და რომელი წიგნი იყიდე? ამ სერიიდან რამე თუ სხვა აკუნინი?
რამდენი რამე მსმენია და გამიგია აკუნინზე, ჩემებსაც რა მაგრად უყვართ, მე კიდე … ახლა შენი პოსტები, უნდა წავიკიხო რა!
რამდენიმე ქართული თარგმანი არსებობს, ცოტნე. თან, ხარისხიანი თარგმანი. რუსულად ხომ არის და არის…
ხო ჯერ ქართული თარგმანებიდან დავიწყებ!
ისე რუსულადაც შეიძლება!
აჰა
ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი ლიტერატურული სასუსნავი და სიამოვნება გარანტირებული გაქვს.
აჰა! აუ იცი როგორ მიხარია ხოლმე რამე საინტერესო და მაგარი რომ უნდა წავიკითხო ხოლმე, ლოდინიც ერთგვარი სიამოვნებაა!
თავისთავად
მე აკუნინი წანაკითხი არ მაქვს მაგრამ საშინლად დამაინტერესა
ვუერთდები თაიას,შერცხვენილი.
უბრალოდ არავის დავუინტერესებივარ აკუნინით შენამდე მოლი.
სამაგიეროდ, ახლა იცი და თუ ხელში ჩაგივარდა და წაიკითხე, შთაბეჭდილებების მოწერა არ დაგავიწყდეს, ანა
მთავარია, რომ დაგაინტერესა, დანარჩენს მოევლება
რაც არ წამიკითხავს და არ ვიცი მაგაზე რა ვთქვა, მაგრამ აი ეს ბრუდერშაფტი სულ მაინტერესებდა ვინ თქრგმნა პირველად ვახტანგურად.
ან რომელი ვახტანგია ეგ – გორგასლანი?
ბრეჟნევს უყვარდა ცხონებულს
ბრეჟნევს უფრო რუსული, სამგზის ჩაკოცნა უყვარდა
ნუ, სმაც, რა თქმა უნდა.
ვახტანგური გვარიც არსებობს და შეიძლება, ეტიმოლოგია გვარს უკავშირდება და არა სახელს.
შალითური გამიგია, მერი
ვახტანგური შენგან გავიგე ახლა.
ვახტანგოვი
სანდრო და თეატრი
აუ, აუ, აუ… როგორ იცის აქ შემოსვლამ კითხვის მონდომება : ))
:ღრმადკმაყოფილიმოლი:
: ))
ლევიათანი მომეწონა. აზაზელი და თურქული გამბიტი ვერ ვიშოვე
ბიბლუსში შეიხედე, ნოდარ. დიდი შანსია, ჰქონდეთ.