კაცი, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც კი ხელს მოკიდებდა…
ვისი მემკვიდრეობა დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებშია გამოფენილი…
ვის ავტოპორტრეტებს ერთმანეთს ლუვრი და პრადო ეცილებოდნენ…
ვისი გეოგრაფიული და ვარსკვლავური, ხეზე ნაკვეთი რუკები მარტო მხატვრული კი არა, მეცნიერული თვალსაზრისითაც ფასდაუდებელია…
და ვისი სახელიც პირველ რიგში გვაგონდება, როგორც კი ვინმე გრავიურას ახსენებს.
ალბრეხტ დიურერი – უნგრელი ემიგრანტის ვაჟი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ევროპულ ქსილოგრაფიაში და პატარა გერმანულ ქალაქს თითქმის ოთხასი წლით ადრე გაუთქვა სახელი, სანამ იქ ყველასთვის ცნობილი სასამართლო პროცესი დაიწყებოდა.
მისი შემოქმედება სავსეა იდუმალი სიმბოლოებით, თუმცა არც ერთ ქმნილებას არ გამოუწვევია იმდენი მითქმა-მოთქმა, როგორიც “მელანქოლიას” – გრავიურას, რომელსაც, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, არა მხოლოდ სათაური აქვს წარწერილი, არამედ თარიღიც.
შუა საუკუნეების ფერწერულ ხელოვნებას, ზოგადად, ახასიათებს მისტიკური და ამოუხსნელი სიმბოლოებისაკენ მიდრეკილება, მაგრამ სპილენძზე ამოკვეთილ ამ შედევრს ტყუილად როდი უწოდებენ დიურერის სულიერ პორტრეტს. როგორც ამბობენ, ავტორი საკუთარ თავს მელანქოლიკების პირველ ტიპს მიაკუთვნებდა იმ დროს გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით – ამ ჯგუფში მდიდარი წარმოსახვის მქონე, ხელოვანი ადამიანები შედიოდნენ, ვისი შინაგანი სამყაროც მუდმივად რღვევას და რეინკარნაციას განიცდიდა.
თუ ოდნავ მაინც შევიგრძნობთ და გავითავისებთ შემოქმედებითი ნატურის ფსიქოლოგიას, იმ განუწყვეტელ შფოთვას და ჭიდილს, რითაც აღავსეა ხელოვნებას ნაზიარები გენიოსების სული, ალბათ, აღარ გაგვაკვირვებს გრავიურაზე აღბეჭდილი ფრთოსანი ფიგურა, ხელზე თავჩამოყრდნობილი და პირქუშ ფიქრებში გახვეული…
მის გარშემო მიმოფანტული, ერთი შეხედვით, უადგილო ნივთები: სახაზავი, მარწუხები, ლურსმნები, ხერხი, კომპასი, საათები – მკვლევარებში
დიდი კამათს იწვევს, მე კი გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ დიურერი არასოდეს ყოფილა უბრალოდ მხატვარი – ის მეცნიერი გახლდათ და როდესაც თავისი “ალტერ ეგოს” პორტრეტს ქმნიდა, მისთვის ჩვეული ინსტრუმენტებითაც მოამარაგა.
ფიგურას ქამარზე გასაღები და საფულე აქვს შებმული, რომლებიც მაშინ მელანქოლიის განუყრელ ატრიბუტებად ითვლებოდა – პირველი ძალაუფლებას გამოხატავდა, მეორე – სიმდიდრეს ან სიძუნწეს.
წისქვილის დოლაბზე ჩამომჯდარი ფრთიანი ბიჭუნა რენესანსის ეპოქაში ანგელოზის გამოსახულებად ითვლებოდა და მისი სიახლოვე გენიოსის ფიგურასთან, ჩაფიქრებული გამომეტყველება, წკირით ცვილის დაფაზე წერისას რომ აღბეჭდვია სახეზე, მხატვრის ზეციურ ძალებთან თანაზიარობაზე მეტყველებს.
ღამურა გრავიურის უკანა ფონზე, წარწერასთან “მელანქოლია”, მარადიული ბინდის სიმბოლოა, ასე რომ ესადაგება ამ ფსიქოტიპისთვის დამახასიათებელ განწყობას, მის ფრთაზე ამოკვეთილი ლათინური ასო “I” კი მელანქოლიის პირველ საფეხურზე უნდა მიგვანიშნებდეს.
ფრთოსანი ადამიანის ფეხებთან მოკუნტულ, მძინარე ძაღლს მკვლევარები ინტელექტის და ფსიქიკური აშლილობისკენ მიდრეკილი ნატურის სიმბოლოდ მიიჩნევენ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ დიურერს სურდა, მისი საშუალებით ერთგულება გამოეცხადებინა ხელოვნებისთვის – კერპისთვის, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა.
აუცილებლად უნდა ვახსენო მაგიური კვადრატიც, რომელშიც ისეა განაწილებული ციფრები ერთიდან თექვსმეტამდე, რომ უჯრების ჯამი არა მარტო ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, არამედ დიაგონალურადაც ოცდათოთხმეტს შეადგენს. დიურერის კვადრატს, რომელიც ევროპაში პრინციპული სიახლე იყო, ამ ტიპის ფიგურებისგან კიდევ ერთი რამ განასხვავებს – თითოეულ მეოთხედში განლაგებული ციფრების შეკრებითაც ისევ ოცდათოთხმეტს ვიღებთ, თანაც ისე, რომ ქვედა ჰორიზონტალში გრავიურის კვეთის თარიღი – 1514 წელი იკითხება.
“მელანქოლია” ის ქმნილებაა, რომლის ირგვლივ ყოველთვის იქნება კამათი და იარსებებს განსხვავებული აზრი, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მადლიერებით განვიმსჭვალოთ უნგრეთიდან გერმანიაში გადახვეწილი ოქრომჭედლის – ალბრეხტ აითოშის მიმართ, რომელმაც ვერაფრით მოახერხა მცირეწლოვანი ვაჟიშვილის საგვარეულო ხელობით დაინტერესება და იმ დროისთვის სახელგანთქმული მხატვრის – მიქაელ ვოლგემუტის სახელოსნოში მიაბარა.














ძალიან მიყვარს და გამიხარდა ეს პოსტი :)
ჰო, მელანქოლიას გვერდს ვერაფრით ავუვლიდი გვერდს.
მე კი მადლიერებით განვიმსჭვალე პოსტის ავტორის მიმართ, რომ ასე შემომაკითხა თავისი გემრიელი ნაწერი იმ მხატვარზე, რომელიც ჩემდა გასაოცრად სულაც არ მომწონს და არ მიყვარს. ჯადოქარი ხარ, მოლი :)
საყვარელს ვერც მე დავარქმევ დიურერს. ასარჩევი რომ მქონდეს, სხვა, ბევრად ფერად მხატვრს ავირჩევდი, მაგრამ საინტერესო უდაოდ მგონია.
მადლობა, კატერინა :)
წავიკითხე და ერთი სურვილი გამიჩნდა: ის ადამიანი გამაცანით, შენ რომ მეილი მოგწერა, თვალებში მინდა ჩავხედო
ლოლ. მეილი არა. ფბ-ზე მომწერა :) რად გინდა ის ერთი, ფბ სავსეა ასეთებით :)
ვაიმე მზად ვარ, მასეთებს , ყველას, ჩავხედო თვალებში
გაეშვი :) არ იმსახურებენ არანაირად :) ისიც ზედმეტია მათთვის, აქ, შენს კომენტარებში რომ ხვდებიან.
უ-უგემრიელესი პოსტი ვერნისაჟიდან!
ხვალვე მივამატებ ვერნისაჟს :)
ზერ გუთ :)
ვილენ დანკ! :)
ძალიან საინტერესო იყო <3
თვალებდაჭყეტილი ვკითხულობდი .
გაიხარე, ნენსი :) მიხარია, რომ დაგაინტერესე :)
თქვენი არ ვიცი და მე მიყვარს დიურერი. იქნებ ისე არა, როგორც ჩემი დიდი ოთხეული, მაგრამ დიურერიც ძალიან მიზიდავს… ეგ კვადრატი მათემატიკაშიც საკმაოდ გამოყენებადი გახდა,
შენი დიდი ოთხეული მაინტერესებს ძალიან :)
რატომღაც მგონია, მაგ ოთხეულში ლეონარდო და მიქელანჯელო უნდა შედიოდნენ :)
მე ვან გოგს და რემბრანდტს ვვარაუდობ :)
რემბრანდტი, მონე, ვან გოგი და დალი :) ზოგადად სიურრეალიზმის და იმპრესიონიზმის მოყვარული ვარ (თან კონკრეტულად იმპრესიონიზმის, პოსტ და ნეო იმპრესიონისტები იმდენად აღარ). აბსტრაქციონიზმი არ მიყვარს… და რენესანსის პერიოდი არ მიზიდავს, არც ერთი ასწლეული, მაგრამ კვინტოჩენტოს ბოლოში შეინიშნება ჩემთვის საინტერესო მხატვრები რა… :)
მე გამომიცვნია :) ისე, მაინცდამაინც საჩემოს თუ ამარჩევინებ, იმპრესიონისტებს და აბსტრაქციებს ავირჩევდი, მაგრამ საინტერესო რაღაცები სხვაგანაც არის. რენესანსშიც კი.
თავისთავად :) მაგალითად და ვინჩი დიდად არ მიტაცებს როგორც ფერმწერი, მაგრამ დამაინტრიგებელი ცხოვრება და შემოქმედება კი ჰქონდა, გამოსაკვლევად საინტერესო :)
პუანტილიზმიც მომწონს ისე, მაინც იმპრესიონიზმს მიჰყვა და :) ოღონდ ჟორჟ სერა არა, სხვა პუანტილისტები :)
აუ, მართლა რა საინტერესოა… მამას კიდევ ყოჩაღ, რომ არ ჩაკლა შვილში ხელოვანი :)
ნუ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემეცნებითი შტრიხი ჩემს სახელოვნებო მოღვაწეობას…
თუ რამე შევმატე, მაგას რა ჯობია :))
მაგიურ კვადრატში 6 5-ად არის გადაკეთებული, 5 კი 9-ად. ამბობენ, დიურერმა სპეციალურად დატოვა ასე შესამჩნევად ეს ციფრებიო, მაგრამ არავინ იცის – რატომ. მოლი, ამ საღამოს შინ დიურერის ალბომს გადავათვალიერებ, შენი პოსტის წყალობით :)
რა საინტერესოა… ვერსიებიც არ არსებობს, მერი?
დიურერის ალბომი პალიტრა ელს აქვს გამოცემული, თავის ცნობილ და ფრიად წარმატებულ სერიაში. შენც ეს გექნება, ალბათ.
კი, ზუსტად ეგ გამოცემა მაქვს, მეგობარმა მაჩუქა :) ვერსიების შესახებ ვერაფერს გეტყვი – არ მსმენია.
დამაინტერესე. ინფოს მოვიძიებ აუცილებლად.
რა კარგია, მეც ძალიან მომწონს დიურერი :)
შენ და როკერმელომანი ამ ამბავში თანამოაზრეეები ყოფილხართ :)
მადლობა ალბრეხტ აითოშის! დიურერი კი გამიგია (ძირითადად კროსვორდებიდან). მე არ ვიცოდი, რა საინტერესოა! :)
აი, რა სარგებლობა მოაქვს კარგ და შინაარსიან კროსვორდს :)
კი, რამდენი რამე გამიგია კროსვორდ-სკანვროდებით! :))
ერთ დროს ტონა კროსვორდს მოვიხმარდი დღეში :( ახლა ნელნელა გავეშვი :(
კროსვორდი საჭიროა იმისთვის, რომ რაც არ იცი და ვერ ხვდები იმის გაგების სურვილი გაგიჩინოს, ხოლო ამ სურვილის მქონე ადგები და კითხულობ. თან სიამოვნებას იღებ და უამრავ ახალსაც იგებ. კროსვორდების შევსება აღარ გჭირდება ამ მიზნით! გასართობად და ძველი დროის გასახსენებლად კი ერთი-ორის შევსებაც გაგახალისებს. :)
მე ვერთობოდი ძირითადად :)
მეც მაგ მიზნით, მაგრამ როცა ყველაფერი იცი მაქსიმუმ სიამოვნებას იღებ! ხოდა ყველანაირად ვცდილობ! გავერთო და მაქსიმუმი სიამოვნება მივიღო! რა ჯობია, რომ დახედავ კროსვორდს და არაფერი გაქვს დარჩენილი შესავსები! :)
მოკლედ იდუმალება გიზიდავს შენ…
იდუმალებებზე ციკლი მქონდა ჩაფიქრებული… დავწერ ერტხელაც იქნება :)
დაწერე, დაწერე აუცილებლად. წარმომიდგენია, როგორიც იქნება. კენედის მკვლელობაზე პოსტის მიხედვით იოლი წარმოსადგენია. ისე გაშიფრავ, ქვას ქვაზე არ დატოვებ იდუმალებისგან :)
ხო ეგეც იმ ციკლში მოხვდა :) თუმცა, რეალურად სხვა ისტორიით ვაპირებდი დაწყებას.
უფრო ძველით.
გუვერზე წერდი თუ ჰიტლერზე? :)
არა ზუსტად შიფრებზე, საიდუმლო კოდებზე და ეგეტ რამეებზე :)
არ ვწერდი. იდეა მქონდა და რაღაც მასალებიც მოვაქუჩე მარა არც დამიწყოა ჯერ წერა. :)
არიქა :) ზუსტად საშენო თემაა. ფაქტოლოგიის გაცხრილვა და დახარისხება შენ არ შეგეშლება, თან ისე დაწერ, ლექციას ან მონოგრაფიას არ დაემსგავსება. ერთი სიტყვით, როცა მოიცლი და გამოაქვეყნებ, მანდ ვარ.
აუ დაწერე რა.ველოდები.
ისე, დიურერის ცნობილ ავტოპორტრეტზე ბევრი იუმორისტული კარიკატურა-კოლაჟია :) ზოგან მაკრატელი უჭირავს ხელშ და ზოგან რა…
დიურერის ალბომი სსრკში იყიდებოდა, მე მაქვს…არ მახსოვს სადაა გამოცემული. ფინეთშია ალბათ დაბეჭდილი ან გდრ-ში შეიძლება. კარგი ხარისხის იყო.
გერმანული ალბომები მახსოვს მე. ოღონდ, დიურერი არ მქონია. ავცდი სადღაც. ახლა მსოფლიოს მხატვრების სერიას ვაგროვებ. ესპანური პროექტია, პალიტრამ გამოსცა ქართულად, მანდ არის დიურერი. მშვენიერი ხარისხია, სხვათაშორის. პალიტრა, თუ უნდა და აწყობს, კარგად მუშაობს.
რეალში ალბათ როგორი საოცარი სანახავი იქნება გრავიურა.
მთელი დღე იმას ველოდი როდის მოვიცლიდი, რომ მშვიდად წამეკითხა <3
ერმიტაჟშია, ვითომ ახლოსაა, მაგრამ რა გითხრა, პრადოს და ლუვრის დათვალიერება უფრო იოლი მგონია :)
ვერ ვიტყვი, რომ დიურერი ჩემი ფავორიტია, მაგრამ იმედია ოდესმე მაინც მომეცემა ამ გრავიურის ნახვის საშუალება, თუნდაც “შორეულ” ერმიტაჟში :) მნიშვნელოვანი დეტალები “ლაივში” უკეთესად გამოჩნდება…
ცოცხლად ნახვას სხვა ეშხი აქვს,რა თქმა უნდა. პიკასოს გრაფიკა ვნახე სიღნაღში. ყოველთვის ვამბობდი, რამდენიმე ნახატის გარდა, პიკასო არ მომწონს მეთქი და ერთი საათი პირდაღებულმა კი ვიარე დარბაზში.
როგორი ნიჭი,ძალა,ნებისყოფა და ხელოვნების სიყვარული სჭირდება ადამიანს,რომ ასეთი ქმნილება შექმნას.
შენს დროში აუცილებლად დაგიწუნებენ ნამუშევარს,თუმცა თაობები კი ილაპარაკებენ,ისე რომ ენა გადასტყავდებათ და ინატრებენ ვერნისაჟში,ლუვრში ან რომელიმე სხვა მუზეუმში წუთით მაინც მოჰკრან თვალი შენს ნამუშევარს.. აი,რას ნიშნავს ქმნილება.
ნამდვილად ასეა,ანა :) ჭეშმარიტი ქმნილება დროს უნდა უძლებდეს და შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, ესეც ფაქტია.
ძალიან საინტერესოდ აღწერე. ისე, როგორც ხელოვანი დაინახავდა. ვკითხულობდი და თვალწინ ნათლად წარმოვსახავდი. უბრალოდ მადლობა… )
საოცარი ქმნილებაა !
მეც მადლობა, თან დიდზე დიდი :) გრავიურა მართლა საოცრებაა. ბარე ორ ფერებით მდიდარ ტილოს არ ჩამოუვარდება.
მე მომწონს დიურერი,შთამბეჭდავია.ჩემს დაქალს აქვს მისი ერთი ორიგინალი გრავიურა,
მოლი ძალიან კარგი პოსტია,თავის დროზე ამ კვადრატით ჩაციკლული ვიყავი,მჯეროდა რომ რაღაც ახსნა ჰქონდა მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ ყველა მხატვარი სპეციალურად წერდა ტილოს მინიშნებებით, მნახველების ვიზუალურ აღქმაზე და ემოციებზე თამაშობდნენ.
მე კი მგონია, მხოლოდ მნახველის დაინტრიგება არ იქნებოდა მიზანი. ქართული ბლოგოსფერო ხომ არ არის, ვიზიტორების ჯგროზე გათვლილ სათაურს წერდე და შინაარსი არ გაინტერესებდეს. დიდი მხატვრები, ვფიქრობ, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ხატავდნენ და ყველაფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვა საქმეა, რომ ახლა ამის დანამდვილებით ახსნა უკიდურესად რთულია.
მიყვარს ასეთი თემები ^^
კაი მიქნია, ფილმი გადავდე და ბლოგოსფეროსკენ მოვიცალე მე წუწუნამ (ისე, ღმერთი, რჯული, ადრე წუწუნა არ ვყოფილვარ) :დ :დ :დ
ფილმი სად წავა, მანდ არ იქნება :))) პრინციპში, პოსტიც ასეა :))
ნამდვილად საინტერესო პოსტი იყო და ისე გემრიელად შემომეკითხა , ვერ კი შევამჩნიე რომ ,, პირველი დამთავრდა საათი, ორიც გახდება მალე”:დ;;დ;დ
მადლობა და ველქამ :) ასეთი კომენტარი ანონიმურად როგორ უნდა დარჩეს :(
საინტერესო პოსტი იყო, ისე გემრიელად შემომეკითხა.. ვერც კი შევაჩნიე რომ: ,,პირველი დამთავრდა საათი, ორიც გახდება მალე”:))
ასე უფრო ლამაზია :)
dzalian saintereso iyo presentaciistvis gamomadgeba madloba :)))
[...] დიურერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გრავიურაზე, მიხვდება – შემთხვევითი როდია, რომ [...]