ძვირფასო სანტა!
წერილს პირველად გწერ და სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არც კი ვიცი, როგორ გამოგიგზავნო. არა, შენს ელექტრონულ მისამართებს კი მოვიძიებ იოლად – დარწმუნებული ვარ, სკაიპიც გექნება, თვითერის და ფეისბუქის პროფილიც. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ ვორდპრესზეც ხარ დარეგისტრირებული და დროდადრო ბლოგებსაც სტუმრობ.
თუ ხელი მომეცარა და ვერ მოგაგენი, გაისად თადარიგს დავიჭერ – ბარათს ადრიანად დავწერ და ნილსს გამოვატან. ჩვენში დარჩეს და სულ გადაირია ეს ბიჭი, აქაოდა, ბავშვობას მახსენებსო, ყოველ ზამთარს ლაპლანდიაში ატარებს, ოღონდ ბატის კისერზე მგზავრობას უკვე აღარ კადრულობს – იმ დღეს აეროპორტში მოვკარი თვალი, ბიზნეს კლასის ბილეთს ყიდულობდა. ისე, გვარიანად კი დამძიმებულა – საწყალი მარტინი ვეღარც გაუძლებდა.
არ ვიცი, რატომ არასოდეს მომიწერია შენთვის, ერთმანეთს ხომ უხსოვარი დროიდან ვიცნობთ – საოჯახო ლეგენდის თანახმად, შენს ქართველ კოლეგასთან სტუმრად, პირველად ექვსი თვის ასაკში, ღია მწვანე კომბინიზონში გამოწყობილი გახლდით. ჰოდა, წესით, მას შემდეგ გულითადი მიმოწერა უნდა გვქონოდა გაჩაღებული.



















