შუა საუკუნეების ფერწერულ ტილოებს შორის ბევრია ისეთი, რომლებზეც მაცხოვრის აღდგომაა გამოსახული…
ბიბლიურ სიუჟეტებს ყველა მხატვარი წერდა… წერდნენ თავისებურად, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მანერით, ფერთა პალიტრა და შუქ-ჩრდილებიც ნებისმიერ ტილოზე თავისთავადი და განუმეორებელია…
შემოქმედთა შორის ფრიად ხმამაღალი, ყველასთვის ცნობილი სახელებია – მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი, ტინტორეტო, ტიციანი, “ვატიკანის საყვარელი მხატვარი” რაფაელი… მაგრამ ფლორენციულმა სკოლამ მსოფლიოს აჩუქა ფერმწერი, რომელსაც თითქმის არავინ იცნობს…
ფრა ბართოლომეო – ერისკაცობაში ბაჩიო დელა პორტა, კოზიმო როსელის მოსწავლე და ჯიროლამო სავონაროლას თავგადაკლული მიმდევარი, სწორედ იმ სავონაროლასი, რომელიც დომინიკანელი ბერის ანაფორით ავიდა მედიჩების ტახტზე და ოთხი წლის მანძილზე რკინის ხელით მართავდა ფლორენციას.
სავონაროლას მსოფლმხედველობამ, იდეებმა და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის ურყევმა რწმენამ ისეთი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა დელა პორტაზე, რომ მას შემდეგ, როცა რესპუბლიკელმა დიქტატორმა, თეოლოგმა, ფილოსოფოსმა და წინასწარმეტყველმა ჯიროლამომ საზარელი აღსასრული ჰპოვა, დომინიკანელთა ორდენის წევრი გახდა და სან-მარკოს მონასტერში ბერად აღიკვეცა.
ლეგენდა გვიამბობს, რომ ფრა ბართოლომეომ ორდენში შესვლის შემდეგ ცეცხლს მისცა ის ტილოები, რომლებსაც იქამდე ქმნიდა და სადაც გაშიშვლებულ ფიგურებს გამოსახავდა – ამის მერე “უფლის ძაღლი” სიტყვითაც და ყალმითაც მხოლოდ უზენაესს ემსახურებოდა…
დღეს ბართოლომეოს ნახატების უმრავლესობა ფლორენციაში, უფიცის გალერეაშია დაცული და მათ შორის საუკეთესო ქმნილებებად “საშინელი სამსჯავროს დღის” ფრესკა და “წმიდა ბერნარის ხილვა” ითვლება.
რასაკვირველია, მე ხელოვნებათმცოდნე არ გახლავართ, ამ სფეროში ექსპერტობას ვერ დავიჩემებ და არც იმას ვაპირებ, რომ ფრა ბართოლომეო პოსტში ნახსენებ ტიტანებს გავუტოლო, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ძნელად მოიძებნება მაცხოვრის აღდგომის თემაზე შექმნილი ისეთი შთამბეჭდავი ტილო, როგორც დომინიკანელი ბერის “მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე წმიდანთა შორის”…
შესაძლებელია, მე ვცდები და ეს მხოლოდ ჩემი იმპრესიაა, მაგრამ იესო არასოდეს ყოფილა ერთდროულად ისეთი ღვთიურიც და ადამიანურიც, როგორც ამ ტილოზე. მისი სათნო და, ამავდროულად, მკაცრი სახე, მაღლა შემართული ხელი, რომელსაც უკვე აღარ ატყვია სამსჭვალების შემზარავი კვალი, დაფიქრებული მზერა თითქოს დედამიწისკენ არის მიმართული და სულ მგონია, რომ მაცხოვარი გვეუბნება: “ნუ გეშინიათ, დედამიწაზე დარჩენილებო, მე აქ ვარ, უფალი თქვენი, მე ვიტვირთე თქვენი ცოდვები და კვლავაც ვიტვირთებ, არ მიმიტოვებიხართ და არც მიგატოვებთ, რადგან არასოდეს დამავიწყდება, რომ ოდესღაც მეც ადამიანი ვიყავი…”
ფრა ბართოლომეო არ ყოფილა დიდი მხატვარი, მაგრამ მისი ქრისტე გენიალურია… არ ვიცი, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს ეს ტილო სხვებზე, მაგრამ მე ვუყურებ და ჟრუანტელი მივლის… მგონია, რომ ყველას, ვინც ამ რელიეფურ ფიგურას დააკვირდება, ვინც მის ფერხთით გამოსახულ წმინდანებს იხილავს და შემოქმედის აღმაფრენას ოდნავ მაინც ჩაწვდება, თავისდაუნებურად აღმოხდება:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!














ბაჩიო დელა პორტა! ბრავო, მოლი!
Grazie :)
ამ სააღდგომოდ სწორედ ასეთი პოსტი მაკლდა!
როგორც ყოველთვის, კარგია! :)
ვეცადე, თამარა :) მე შენი სააღდგომო პოსტი მომეწონა :)
იცი, უმეტესობა ამოყორილ მუცელზე, გაჭირვებით დაცულ მარხვაზე, წმინდა ცეცხლის ნამდვილობა–არანამდვილობაზე და ხალხის დაჰიპნოზებაზე მსჯელობს…
შენთან კი უბრალოდ, ვტკბებით! :)
გაიხარე :) მეც ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა :კმაყოფილიმოლი:
აი, ჩემთვის ეს მორიგი სიახლეა..
მადლობა, მოლი :))
გამახარე, ანი :) კარგია, სიახლე თუ აღმოჩნდა :)
ramden saintereso rames waikitxavs adamiani shentan :)
მადლობა, პანი :) კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
ეს ჩემთვის სიახლე იყო. გმადლობ მოლი!
პირიქით – შენ მადლობა, ნატო :) ბლოგს რომ კითხულობ და მოგწონს :) ეს დიდი პატივია :)
მოლი მართლაც არაფერი მსმენია ამ მხატვარზე. საინტერესო ტილოა. კარგად უნდა დავუკვირდე.
იმდენი ხანია, აქეთ არ ყოფილხარ, ვორდპრესმაც ვერ გიცნო, როდე :) მშვიდობაა შენთან? როგორ ხარ?
კი კი :) მაგრა, აი მომავალ კვირას ისეთი კორიანტელია კოლოქვიუმების რომ…
დღეს ძმა სოფლად წავიდა და მე მისი სწრაფი კომპიუტერი ჩავიგდე ხელთ. შესაბამისად, რაღაცები შევცვალე, ფოტოები და კიდე ათასი რამე. ჩემს შენელებულ, ჯართ კომპში აღარაფრის სურვილი მაქვს ხოლმე ;დ
აბა შენ იცი, გგულშემატკივრობ, იცოდე! :) ნელი კომპიუტერი ტანჯვაა :( ყველაფრის სურვილს და ხალისს დაგიკარგავს :(
დიიდი მადლობა :)) მოლის ბლოგი ნამდვილად დამეხმარება კარგი აზრების მოსვლაში.[ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობ :)]
Perfect! ასეთი რამ რომ მესმის, ორმაგი ენერგიით ვწერ ხოლმე :)
საინტერესო იყო, მოლი… აღდგომის დღესასწაულს ორიგინალურად გამოეხმაურე და ფრა ბართოლომეოც გაიხსენე, რომელსაც მართლაც თითქმის არ იცნობენ… მე მამა მიამბობდა ბავშვობაში, როგორ აიღო ხატვაზე ხელი ორდენში შესვლის შემდეგ და როგორ მოაქცია რაფაელმა :)
მადლობა, მერი :) მიხარია, პოსტმა შენნაირი გურმანი და ხელოვნების დამფასებელი რომ დააინტერესა :)
ტრაფარეტული სააღდგომო პოსტის დაწერას ისევ რომელიმე ტილოს შესახებ მოყოლა ვარჩიე. ფრა ბართოლომეო კი იმიტომ გავიხსენე, რომ მართლა არც თუ ცნობილია. ტიტანები ყველას გვახსოვს, მივიწყებული მხატვრები კი ცოტას…
როგორც ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებ შენთან მოლი..მართლაც შთამბეჭდავი ტილოა!მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.. :* :* :*
ქრისტე აღსდგა! იხარე მარად ქრისტეში..მრავალს დაგასწროს უფალმა…..
ჭეშმარიტად! და მადლობა შენ, რუსა :)
მოლი, შენი ბლოგის წყალობით ბევრად უფრო განათლებული გავხდი :) აი მართლა ბევრად ბევრად :)
გამახარე :) ამ სიტყვებზე დიდი კომპლიმენტი რა უნდა იყოს :)
სამწუხაროდ ფერწერაში ვერ ვერკვევი და ამიტომ ჩემ აზრს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. სიწმინდის და ჭეშმარიტების სიმბოლოსავით დგას, და ეს თაღიც მის უკან, არ რაღაცნაირია მართლა :ხ
პ.ს. შეიძლება საერთოდ არასწორად მესმის, რავი :დ
მთავარია, ტილო მოგეწონოს და განწყობა შეგიქმნას… მე ასე მგონია :)
ჭეშმარიტად აღდგა!
საინტერესო ნთემაა, თან კი, გეთანხმები, რომ ძალიან განსხვავებული და დიადი ნახატია .. შენი აღწერა ძალიან მომეწონა. და ვერაფერსაც დავამატებ :)))))
მადლობა, ჯესი :) მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარი :)
მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა :)
მეც მიხარია, რომ ყველა შენი პოსტი მასეთი მშვენიერია :))
მკითხველები მყავს ისეთი, ცუდ პოსტს უბრალოდ ვერ დავწერ :)
ჰუუჰ!
მშვენიერი პოსტია. : >
პ.ს. ახლა შევამჩნიე, ჩემმა ქრომის ბრაუზერმა ყველაზე ხშირად მონახულებად 10 საიტს შორის შენი ბლოგიც მიუთითა. :დ
ველოდები შემდეგ და კიდევ შემდეგ და იმის კიდევ შემდეგ პოსტებს. :)
დიდი მადლობა და მოკითხვა შენი ქრომის ბრაუზერს :)
ვიცი, არც ერთ პოსტს არ აკლდები, ბაო :) მეც ვიყავი შენი ბოლო პოსტის წასაკითხად და არაო… დაცულიაო :(
ჰუმ, რავიცი, არა-ნაცნობებისთვის არასაინტერესო მგონია და გარკვეულწილად გაუგებარიც, ჰოდა ამიტომ დავმალე. )))
აჰა :) მაშინ უნდა დაგემალა :) მწვანე ქუდი მაინც დაგიტოვე :)
)))
ჰომ, ყოვლისმხედველი მოლი. :დ
ძიახ :)
მართლაც მშვენიერი და დიდი ემოციის გადმომცემი ტილოა )) მშვენიერია..
ჭეშმარიტად აღდგა მოლი!
მადლობა, ანა :)
მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარი!
ჭეშმარიტად! გფარავდეს იესო ქრისტე მოლი!
მადლობა :) მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარი!
“შესაძლებელია, მე ვცდები და ეს მხოლოდ ჩემი იმპრესიაა, მაგრამ იესო არასოდეს ყოფილა ერთდროულად ისეთი ღვთიურიც და ადამიანურიც, როგორც ამ ტილოზე.”
არაჩვეულებრივი ნათქვამია!
უნდა დავეთანხმო.
ფრა ბართოლომეოზე ბევრად ცნობილი მხატვრებიც არსებობენ და ბევრად სახელგანთქმული ტილოებიც, მაგრამ მე ზუსტად ეს მომწონს. უცნობი შედევრის მოკრძალებული ხიბლი.